ნინო ქანთარია – პრემია ივერიის საუკეთესო მონაწილე

1889

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ნინო ქანთარია – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2020 წლის საუკეთესო მონაწილე

გრანელის სევდა,
გულში წყვდიადი,
სიჩუმე ბედად
და განთიადი.
ტილო საკანი,
მხატვარი მუნჯი,
იასამანი,
შორიდან ლურჯი.
ფიქრით ორსული,
დახატა სული,
ხელ-ფეხშეკრული,
ნატკენი გულით.
სულ სხვა სამყარო,
პეპლები ლურჯი,
დუმილით ვხარობ,
ჩემი მაქვს ფუნჯი.
რა გინდა, ღმერთო?
მაქვს განა ბედი?
რთულია ერთობ
მქონდეს იმედი,
მოუხმობს ფიქრებს,
გრანელის სევდა,
გადარჩეს იქნებ,
სამყარო ბედად.

+ + +

ბოროტი არევს,
კლავიშებს სულში,
გაპატარავებს,
გიძვრება გულში.
ფერთა სინაზე,
ისმის ბღავილი,
სუფთა მიწაზე,
ხარობს ყვავილი.
ძველ კიდობნიდან,
სულის გოდება,
ისევ თავიდან,
მომაგონდება.
უცვლელი ვრჩები,
ვუამბობ ნიავს,
ვიცი,რომ ჩემი,
დარდიც თან მიაქვს.

+ + +

ტკივილი ხეზე
ჩამოჯდა მარტო,
დარდია მხრებზე,
ნეტავი რატომ?
გავწურე მთვარე,
ყლუპებად შევსვი,
გავედი გარეთ,
დავწერე ლექსი.
მითხარით რამე,
დრო რატომ მიქრის?
მოწმეა ღამე,
უძილო ფიქრის.
არა, არ ვდარდობ,
უბრალოდ, ასე
ვიქნები მარტო,
ლექსებით სავსე.

+ + +

მზე ვენებს იჭრის,
რაღაც „სხვა“ იშვა,
გიამბოთ, მიჭირს,
შემიპყრო შიშმა.
სულის ხმას ვისმენ,
ლექსით ვარ ავად,
გავგიჟდი ისევ,
ეს ფიქრიც წავა.
დავეძებ მანდილს
სიზმრიდან ხშირად,
სადღაც კი ლანდი
სულს ყიდის ძვირად.
ოდისეიდან
ფიქრს ვჩუქნი უღელს,
ლურჯი ფლეიტა
მიირთმევს ღრუბელს.
ბევრი ყრუ დარი,
ბევრია მუნჯი,
ზეცას მუდარით
შევთხოვე ფუნჯი.
ვინატრებ წვიმას,
დავხატავ სითბოს,
ვაჩუქებ იმას,
ვინც გულით ითხოვს.

+ + +

მესმის გალობა,
დამაწვა გულზე
ის რეალობა,
რასაც დღეს ვუმზერ.
ფიქრებში ცა ვარ,
უღრუბლო თითქოს,
მაცალეთ, წავალ,
არაფერს ვითხოვ.
ღამეა მაცნე,
ღრუბელი მოდის,
მზეს კაბას ვაცმევ,
ვერ ვიტან ლოდინს.
დასვრილი ქოში,
სული კი წმინდა,
ამ სამყაროში,
სიმშვიდე მინდა.
აყვავებული,
იქნება ვარდი,
გათბება გული,
გაქრება დარდი.
წვიმაში მარტო
ვაგროვებ სითბოს,
მიეცეს, ვნატრობ,
იმას, ვინც ითხოვს.

+ + +

ცრემლების გუბეს
ვერაფერს ვუგებ,
ვასველებ გუგებს,
არ თბება უბე.
რა მინდა მაღლა?
გავგიჟდი ვითომ?
რა მეთქმის ახლა?
არ ვიცი თვითონ.
ველური ვარდი
ლექსით ვარ ავად,
მიზეზი დარდის
ზოგჯერ ვარ თავად.
გავაღებ კარებს
გულში ღიმილით
შემოდის მთვარე,
ქრება ტკივილი.
ვიტყოდი რამეს,
აზრი რომ ჰქონდეს,
ვაცილებ ღამეს,
ნეტა მოთოვდეს.

+ + +

ლექსით ვარ ავად,
დავდივარ მარტო,
არ ვიცი თავად,
ნუ მკითხავთ, რატომ.
მეტკინა ცერი,
ვერ მივწვდი მთვარეს,
ვერ ვძღები ცქერით,
ვასველებ თვალებს.
მართალი ცამდე
ვაცილებ ღრუბელს,
უბრალოდ ვცადე,
გამეთბო უბე.
დღეა მესამე,
დავეძებ რითმებს,
ლურჯი კესანე
ვერაფრით ითმენს,
გაფრენა უნდა,
იქ, სადღაც მაღლა,
არ დარდობს, თუნდაც
თან გაჰყვეს დაღლა.
წამომეწია
ეს წვეთი წვიმის,
სევდა მეწვია
ვარიგებ ღიმილს.
ქაოსში ასე
რაღაცას ვამბობ,
იმედით სავსე
არაფერს ვნანობ.

+ + +

გულში – წუხილი,
იცვლება ყველა
ჭექა-ქუხილი
და ცისარტყელა.
ერთხელ დაეცი?
არ გინდა დარდი,
მადლი გაეცი,
გაზარდე ვარდი.
გულში მზეს ვუხმობ,
არავის ვუშლი,
დავდივარ უხმოდ,
გიხუტებთ გულში.