მერაბ დეკანოსიძე – ქართული ელიტის წლის პოეტი

2477

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

მერაბ დეკანოსიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2014 წლის ლაურეატი ნომინაციაში ქართული ელიტის წლის პოეტი

სულს ვყიდით
სულს ვყიდით ეშმაკს –
დავეცით ყველა.
ტაშის კვრითა და, თან,
აღტყინებით
თავს ვუხრით დემონს –
ვერ ვხვდებით, ალბათ,
უფსკრულისაკენ როგორ ვეშვებით…
– და  მხოლოდ ახლა?
– არც მარტო ახლა!
– და მხოლოდ ჩვენში?
– სხვაგანაც, კიდევ –
ჭეშმარიტება რომ ვერ იგუეს
სწორედ იმიტომ აწამეს ქრისტე!..
ჩვენ კი…  ჩვენ, ალბათ,
ყველაზე უფრო
სუსტნი აღმოვჩნდით –
ვერ ვძლიეთ ეშმას
და გვირჩევნია მონებად დავრჩეთ,
ვიდრე ამაყად ვუყუროთ ზეცას…
– ილიასათვის ტყვიას დავზოგავთ?
არა, რას ბრძანებთ, შიგ შუბლში ვესვრით…
ვინ იცის, იქნებ დღეს მერამდენედ
ან საბოლოოდ გვამოწმებს ღმერთი!..

გარდასულ დღეთა გახსენება
გარდასულ დღეთა სილამაზეს ვიხსენებ დღემდე –
მხრებს ვშლიდით ლაღად, თავისუფლად თვალს მზეს ვუწვდენდით,
ქართველნი ვართო – განვუცხადეთ საქვეყნოდ ყველას
და სიყვარულით, ქართველები, ერთურთს ვუმზერდით.

ჟღერდა„`შავლეგო“, „ლილეო“ და „`მუმლი მუხასა“ –
სიტყვას ვერავინ შეჰკადრებდა ქართველს უხამსად…
სული ქართული, ბევრნაგვემი, წამოიმართა
და უზნეობის წუმპეს, ბინძურს, ფარდა აჰხადა.

ძარღვში აჩქეფდა წინაპართა სისხლი ქებული –
სისხლი დავითის და თამარის დიდი ლაშქარის,
თავისუფლების დასაცავად ზეაღმართულებს
გვეღირსებოდა, გვწამდა, დგომა გორზე ლაშარის!..

როს ყალბხმოვანი აღარ იყო სიტყვა ქართული
და როს სიმღერა, ლექსი ჩასწვდა სიღრმეს გულისას
ზეაღიმართა, კვლავ, მთვლემარე სული სატანის –
კაენის სული აღიმართა ქართველთ უბიდან…

და თუკი ადრე საგურამოს გადასახვევთან,
დღეს ხომ პირდაპირ რუსთაველზე გვესროლეს ტყვია…
და ილიას გზით მიმავალი ერი ქართველი
ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ, კვლავ ჩაიწიხლა…

მიზიდულობის კანონი

არ ვიცი როგორ აგიხსნა, თუმცა ვეცდები ავხსნა –
შენი თვალების დანახვამ სამყაროს არსი ახსნა…
მთვარე მზეს ეძებს ყოველღამ, მზე ყოველ დილით – მთვარეს,
იუპიტერი – ვენერას, სატურნი კიდევ – მარეხს…

და ერთმანეთის ძებნაში არვინ დაღლილა დღემდე,
ერთმანეთს ელტვის ყოველი – დედამიწიდან მზემდე…
ასე ილევა წუთები, საათები და წლები –
ხმელეთის ნახვის სურვილით აბორგებულან ზღვები…

პირველ დღის შემდეგ დღემდე, შენს თვალებს როცა ვხედავ
საამო განცდა მიპყრობს – ახლა ამის თქმას ვბედავ:
დანიშნულება, მჯერა, არსთაგამრიგეს ნებით,
ტოლის და სწორის პოვნაა – უნებლიედ თუ ნებით…

და როცა ამას იგრძნობ – როგორც გიპოვნე შენ მე –
ხვდები რომ ადამიანი, რომ ცოცხალი ხარ თურმე…
ამ გრძნობას ბევრი ვერ ხვდება, ვინც ვერ პოულობს – ნანობს,
მას მე სიყვარულს ვუწოდებ – მიზიდულობის კანონს!..