ფიქრია ჩუბინიძე – ქართული ელიტის წლის პოეტი

654

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ფიქრია ჩუბინიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2020 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“

ვედრება

რა ვუთხრა,
ამდენ გადახვეწილ 
ქართველს, მიწაო…
ამდენ უპოვარს,
უცრემლებოდ,
როგორ ვუყურო.
ნეტავი ვისი ზნე და ფიცი
უნდა ვიწამო,
ვინც აქ დამირჩა,
ისიც რომ მყავს ულუკმაპუროდ.
რა ვუთხრა მომხვდურ
მტერს, რომელიც 
აგრე ბატონობს.
მოყვრისთვის
რომ ვერ მიმიხედავს
და ვერ ვპატრონობ… 
როცა, მშიერი შვილისათვის 
ყულფი მზადაა,
ვგლოვობდე რომელს,
სამართალი ნეტავ სადაა…
იქნებ, შენ მითხრა 
ლურჯო ცაო, 
გულის სარკეო,
როდის ექნება
ჩემს ქვეყანას დარი სამზეო?
ან თქვენ, რად სდუმხართ
მთებო, ბევრის გადამტანელო,
რა ცეცხლის ალით
გვეთუთქება დღეს საქართველო?…
მამულს, რომ ასე ჩირქიანი
უდუღს იარა,
ბედის ბორბალმა
რამდენ რისხვად გადაგვიარა…
წყალო, შენ მაინც წაგელეკა
ერის ტკივილი,
რომ არ მესმოდეს 
კაცის ურვა, ქალის ჩივილი.
ჩემო მამულო!
მეწვი, ასე ვინ გაგიმეტა…
შენი სვებედი 
თავს მახსენებს, ყოველწამიერ.
წმიდა ხატებო,
თქვენ დამირჩით 
მხოლოდ იმედად…
გთხოვთ, საქართველო დაიფაროთ მრავალჟამიერ!!!

შენი სახელი

გრძნობა აღვსილმა, ფერად ჩუქურთმად
რაც კი ოდესმე სიტყვა მოვქარგე,
შენი ლამაზი სულის ტრფობაა,
მერე რომ ლექსში მივკარგ მოვკარგე…
ხან, ზღვად ვაქციე ფიქრის მდინარე.
ხან, მზე დავანთე სხივი ნათელი.
ღამე სიზმარში გკოცნე მძინარე,
დღე ტაძარს ვწირე, შენზედ სანთელი.
ბედი კი, როგორც მტერი ვერაგი,
მებრძოდა რაღაც თავგააფთრებით.
და მე ცსიცოცხლე ვუძღვნე ვერავის
მოვქროდი შენკენ, თეთრი აფრებით.
ნატვრა და ფიქრი გამენდომ სურდა,
გედევნებოდი გზებზე მალულად.
იღბალსაც, ჩემი ოდესღაც შურდა,
რომ ვგიზგიზებდი წრფელ სიყვარულად.
მის შემდეგ, ბევრი სიმწარე ვნახე…
ალბათ არც დარჩა რამე სათქმელი…
ხატად დამყვება, კვლავ, შენი სახე
და დამღად, დამაქვს შენი სახელი.

მამულს მიმიხედეთ

მამულს მიმიხედეთ ბიჭებო!
ეს რა გასაჭირი გვჭირს,
სამშობლოს ხელიდან გვაცლიან,
სხვა რამ წაუღია ჭირს.
მცხეთას ეტირება არაგვი,
ილორს თეთრი ჩადრი ჰფარავს,
რამდენ გადამთიელს გავუძლოთ
თურქს, ირანელს თუ არაბს?!
ყინწვისს ანგელოზი დამრთხალი,
შიშით გადაჰყურებს მთებს…
მეჯვრისხევს ლორთქო ალუჩას
რუსის ჯარისჯაცი კრეფს.
შვილები გვიკვდებიან შიმშილით…
ანჩს სისხლის მირონი სდის.
ძმები, ბანკის რიგში სირცხვილით
დგანან, ფულს ელიან დის.
დედები, სიღარიბეს გაქცეულნი,
სხვის კართან პირისფარეშობენ.
სამშობლო კოჭამდეა დაქცეული
და ავაზაკები თარეშობენ.
მამულს მიმიხედეთ ბიჭებო!
ვაჟას ლექსს, ცოტნეს ბაირაღებს,
ვარძიას თმოგვის ციხით უდარაჯეთ,
ქსანზე ქართლის მინდვრებს, ატმის ბაღებს. 
ენგურს, ამორძალთა საბანაოს,
ჭოროხს, სისხლი რომ აქვს ხალიბების.
სოფლებს, წინაპართა სასაფლაოს,
მიწებს, ხარკში გვართმევს ხალიფები.
საყდრისს, გულგაფლეთილს მგლოვიარეს,
გარეჯს, უტყ გუშაგს და მდუმარე ბერს,
მთელი საქართველო მოვიარე
თითქოს, ვეღარ ვშველი ვეღარაფერს.
მამულს მიმიხედეთ ბიჭებო!!!
ბიჭებო, საქართველოს მოუარეთ!!!

ღამე განათევს მიმქრალ კოცონთან

ღამე განათევს მიმქრალ კოცონთან, 
რა უსაშველოდ შემცივებია…
ცრემლის ბროლების ათინათები 
ცას, ცისარტყელად შეხიდებია…
წვიმა არ არის მზით ნაპკურები,
დარდის ბალიშზე ფიქრი ღვივდება,
სისხლის წვეთებით დანაპურები
მინდვრად ყაყაჩოც აბიბინდება.
ვერ ვამზეურე ლურჯად აპრილი,
უხმოდ ჭკნებიან ჩრდილში იები,
და სიყვარულით, პატივაყრილნი
გტოვებენ, მარად ნაპატიები…
ღამე განათევს მიმქრალ კოცონთან,
რა უსაშველოდ შემცივებია…

შენ ფიქრობ დიად საქართველოზე

ახლა გაზაფხულს მწვანე მდელოზე,
ხატავს ლურჯ ფერად ცელქი ღიღილო. 
შენ, ალბათ, ფიქრობ საქართველოზე, 
გაბრწყინებული გსურს, რომ იხილო.
ფერდებ დაჭრილი გმინავს მამული, 
მიწა კვნესის, ცა ცრემლად იღვრება,
ყველა ადათი, წინაპართაგან შემონახული,
უღმრთოდ ირყვნება.
არ დაელია ქინქლა ერდოებს, 
ვერ იდიდგორეს მტერზე ბიჭებმა,
კლიტე დადებულ ყრუ მუნჯ ეზოებს
უცხო ტომელი ებღაუჭება. 
შენ, ახლა ფიქრობ საქართველოზე 
და რა მძიმეა ფიქრი, ყოველი.
აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე
მგლოვიარეა სვეტიცხოველი.
დგას ქართლის დედა წარბებშეკრული,
უცქერს სამშობლოს, ვერცხლზე ჰყიდიან
და ვაჟკაცები ქვეყნის ერთგულნი,
სხვის ომში პურის ფულზე მიდიან.
დაქცეული და დაკნინებული
ჟამი ჰქრის, ცივი შლეგი ქარივით.
ღვთივ კურთხეული ჩვენი მამული
სთვლემს, სხვის უღელქვეშ, დაღლილ ხარივით 
და მაინც, მშობელ მიწის მდელოზე 
გაზაფხულს, ლურჯად, ქარგავს ღიღილო.
შენ, ფიქრობ დიად საქართველოზე
უფალმა ჰქნას, რომ ასე იხილო.



ნუ შემიცოდებთ

ნუ შემიცოდებთ გადაღლილს, დარდით
ნუ შემიცოდებთ, ნურც ერთი წამით,
მხოლოდ გახსოვდეთ, რომ მე მიყვარდით, 
და წმიდანივით, ღმერთამდე მწამდით.
ბევრჯერ ვეწამე, ახლა ჩივილი
არ ღირს, ვერაფერს ვერ შეცვლის ვერა,
მიმყვება, თქვენი ტრფობის ტკივილი,
მაცილებს თქვენი ვერაგი მზერა.
ახლა აპრილობს ბაღში ალუჩა
და დედოფლობენ, თეთრად ნუშები,
სულის უკუნეთს ბოლო არ უჩანს…
ალბათ, თქვენს ფიქრსაც ვეხამუშები.
ნუ გამიხსენებთ, ბედნიერების 
ზეციდან ცრემლად, დაღვრილ ზედაშეს
და სიყვარული მარადიული,
სევდის ნოველად, დაგვრჩეს მე და შენ.

12 მარტის რექვიემი

ამ დღეს ვერ ვუძლებ,
მაგრამ რაღა ვქნა,
ფიქრებს, ღმერთამდე
ცაში მივყავარ…
რამდენი ლექსი
უნდა ამოვთქვა,
რომ შეგასმინო
სიტყვა- მიყვარხაარ!


სოფოს, ჩემს დობილს

ჩემთან არასდროს აღარ მოვა ის გაზაფხული, 
ამდენი წელი რომ ველოდი, გულდაზაფრული…
ატმის ყვავილმა მიჩურჩულა: გთხოვ ნუ დარდობო,
ჩემო დობილო , არ დაგტოვებ მე შენ მარტოო…

მას

ახლა, მარტოსულს, ღამეული შფოთვით განათევს,
შოპენის ვალსი მაგონდება… თბილი სიტყვები…
თითქოს, მზის ნაცლად სარკმელს შენი სახე ანათებს
და ისევ, წრფელი სიყვარულის, ზღაპარს მიყვები…
დღეს, უბედობა მოციქულად კარზე მადგება
და ჯოჯოხეთის მსახვრალ გზაზე სურს გამაცილოს,
გიტოვებ ჩემს გულს, თუკი რამედ გამოგადგება
და ვთხოვ უფალს, რომ ჩემნაირი ტანჯვა გაცილოს…


დაკარგულ სატრფოს

შენ მომიძულე, მე ვერ შევძელ გადავიწყება
და გულს მიფლითავს სიყვარულის მწველი მაშები,
იქნება შენთვის, ყველა ფიქრი უმალ მიწდება,
მე კი შენს გამო, დღესაც სიკვდილს ვეთამაშები…

ემს მუზას

ვწუხვარ, რომ დამტოვე გრძნობებით მშიერი,
ლამაზი სპექტაკლი რა მალე დასრულდა…
წახვედი ფიქრებით, დარდებით ხნიერი
და მეც, დაზაფრული, მიმაგდე წარსულთან.
დღეები მიდიან უგონო ზმორებით,
ნუთუ ჩვენც წავაწყდით ერთმანეთს შემთხვევით,
თხემამდე ჩაძირულს, ოცნების მორევში,
მგონია რომ მაინც, ოდესმე შევხვდებით.
ნუთუ არ მიხსენებ, ცრემლიან თვალებით,
რა რიგად გიძღვნიდი ამ გულს და იმედებს,
ყვავილობს კორდები, ყაყაჩოს ლალებით
შენ კი სამუდამო დაკარგვად მიმეტებ.