ვინ არის პრემია ივერიის გენერალური სპონსორი…

165

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ მეთერთმეტე გალა დაჯილდოება მალე გაიმართება…

„პრემია „ივერიის“ ძვირფასო მონაწილეებო, გილოცავთ მეტერთმეტე გალა დაჯილდოებას! თუმცა, ვიდრე დაჯილდოების დროსა და ადგილს გაცნობებთ, უმნიშვნელოვანესი რამ უნდა გითხრათ: წლევანდელი გალა დაჯილდოების გენერალური სპონსორი (თანადამფინანსებელი) და პარტნიორია საქართველოს საპატრიარქო, რისთვისაც მადლობას ვუხდით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ჩვენს პატრიარქს, ილია მეორეს, მის ყოვლადმაღალუსამღვდელოესობას, პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს, რომ საპატრიარქოს დაეფინანსებინა პრემია „ივერია“, რათა მეტად ჯეროვნად ჩატარდეს! ეს არის ჩვენი პროექტისთვის მეტერთმეტე წლის საჩუქარი და ჩვენი შრომის დაფასება. ეს ჩვენთვის გახლავთ მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ყოველივე ეს ძალას და ენერგიას გვმატებს და საქმიანობაში, მეტ სტიმულს გვაძლევს. ეს ხელს შეუწყობს პროექტის სამომავლო განვითარებასა და მის პოპულარობას. ეს ის არის, რომ ჩვენი გუნდის ამ წლების შრომა და პრემია „ივერიის“ ყოველი მონაწილე, სხვა წლების განმავლობაში ყველა მხარდამჭერი და პარტნიორი თუ სპონსორი, კიდევ ერთხელ, მეტად დაფასდა. აქვე ვიტყვით, რომ ეს არის ავანსი იმისა, რომ სამომავლოდ საუკეთესო იყოს პრემია „ივერია“…

გავიხსენებ, რომ გასულ წელს, პრემია „ივერიის“ მეათე საიუბილეო გალა დაჯილდოებაზე, მისმა უწმინდესობამ მადლობის წერილი და სიგელი გამოგვიგზავნა, რასაც წელს ყველანაირი დახმარება და მხარდაჭერა მოჰყვა.

კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ყველას, ვინც პრემია „ივერიას“ მხარს უჭერს უკვე თერთმეტი წელია! მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

როგორც იცით, პრემია „ივერია“ ერთადერთი მრავალფეროვანი, ყველაზე დიდი, სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალი, კულტურულ-სოციალური პროექტია საქართველოში, რომელშიც მონაწილეობს ყველა ასაკის, რელიგიის, სოციალური ფენის და პოლიტიკური გემოვნების ადამიანი, საქართველოს ეროვნული უმცირესობები, მსჯავრდებულები, შშმ პირები და ყველა მიმართულების ხელოვანები, ასევე უცხოელი შემოქმედები. პრემია „ივერია“ არის ყველაზე ღია და ტოლერანტული, მრავალეროვნული პროექტი.

მაშ ასე, 2024 წლის 12 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ საღონისძიებო დარბაზში (თბილისი, ჭავჭავაძის #1, თსუ-ს პირველი კორპუსი), რისთვისაც მადლობას ვუხდით მის რექტორს, პროფესორ, აკადემიკოს, ბატონ ჯაბა სამუშიას!

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თქვენი დიდსულოვნებისთვის და მოთმენისთვის, რომ 3 მარტიდან ასე ერთგულად გველოდებით და ითვალისწინებთ შექმნილ გარემოებებს… მერწმუნეთ, ჩვენც თქვენთან ერთად ვღელავთ და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას დაჯილდოების საზეიმო დღეს!

ყველას გისურვებთ წარმატებას და ღვთის წყალობას!“ -განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პროექტი ხორციელდება პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით.

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.