სიცოცხლის წრე

3907

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

თინათინ ჭედია – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2018 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის მწერალი – 12“

ავტორი: თინათინ ჭედია

პირველი ნაწილი

სხვისი მათე

როგორ ბნელა… ვერაფერს ვხედავ… მეშინია, მინდა, რომ გავიღვიძო და თვალს ვერ ვახელ, რა ვქნა, ღმერთო, ძალა არ მყოფნის. მაჩვენე გზები, რაიმე ხერხი ან მეთოდი, რომ მოგაპყრო მზერა, მეშინია და შემეწიე, დამეხმარე, დავმშვიდდე!…

შევწყვიტე შფოთვა, ამ წყვდიადში ხელის ყურამდე მიტანაც არ შემეძლო  და დავიწყე ლოდინი…

საშინელმა სიჩუმემ ყურებიც კი ამატკივა, მაგრამ ვიწექი და ისიც არ შემეძლო ხელი ყურამდე მიმეტანა. დაღლილი და ღონემიხდილი, მიცვალებულს დავემსგავსე. მაკვირვებდა ამგვარი სიჩუმე, ვინაიდან ჩვენს სამყაროში  სიჩუმე არ არსებობს. დავიძაბე, იქნებ, დედამიწის სუნთქვის ხმა მაინც გავიგო მეთქი, მაგრამ არანაირი ხმა და ძახილი არ გამიგია.

მომენატრა წვიმის, ნიავის, ქარის, წყაროს, ტბის, მდინარის, ჩიტების ჟღურტულის, ჭრიჭინას ჭრიჭინის, ციცინათელების, პეპლების ფრთების შრიალის ხმის მოსმენა. მერე, მერე ტირილი მომინდა და ვერ ვიტირე, მერე, დალაპარაკება ვცადე და ვერ შევძელი, მერე ძალიან მინდოდა ვინმეს ჩავხუტებოდი, არ დავეძებდი ვინ იქნებოდა, ოღონდ ადამიანი ყოფილიყო და… ძალზედ  შემეშინდა მარტოობის. მაინც ვერ ავცახცახდი, გაქვავებულივით ვიყავი.

იქნებ, საკუთარ  თავს მაინც მოვუსმინო! გავიფიქრე და ვიგრძენი, თავში, სადღაც, რომელიღაცა ადგილი ვარვარებდა, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო  და გამიხარდა, რომ ტკივილი ვიგრძენი. დავფიქრდი და მივხვდი, სადაც შეიძლებოდა, რომ ვყოფილიყავი, ნუთუ არაფერში?! იქნებ უკვე ჯოჯოხეთშიც ვეგდე და ჩემს ანგელოზს ველოდი,  ან იქნებ, სულაც არაფერში ყოფნაა ჯოჯოხეთი და ამგვარად, უსულო საგანივით ყოფნა და ტანჯვაა ეს საშინელი ადგილიც. ნუთუ დავიმსახურე ამგვარი სასჯელი?!

– ალბათ! – მიპასუხა ტვინმა. გამიხარდა და კვლავ გავირინდე. შევეგუე იმ აზრს, რომ აღარ ვარ და დავიწყე ფიქრი გასავლელ გვირაბზე, მინდოდა წარმომედგინა, რანაირი იქნებოდა ეს გვირაბი და ამ დროს ხმა გავიგე, ოღონდ ვერ გავარჩიე მდედრისა იყო თუ  მამრისა, მაგრამ ვიღაცა ხომ იყო, და ეს დიდი ბედნიერება მეღირსა!

– თიკო დეიდა, გაიღვიძეთ! – ვიღაცის თბილი თითები შემეხო, ვიგრძენი ძლიერი ხელები, რომლებიც მანჯღრევდნენ, მარჯვენა ხელმა სახეზეც კი გამილაწუნა, მეტკინა, ო, როგორ საშინლად მეტკინა, მაგრამ არ მწყენია, იმიტომ, რომ ცოცხალი ვიყავი და უცბად  თვალებიც გამეხილა.

სადღაც ქვემოდან ანათებდა ცისფერი მკრთალი შუქი, რომელმაც შემაწუხა, თვალები ამიწვა,  ადამიანის სახეც დავინახე, დაახლოებით თხუთმეტი წლის ბიჭისა, ნაზი წვერი ჰქონდა, ახლად აბიბინებული, ბუმბულივით ჰაეროვანი, ღინღლი, წაბლისფერი. სწორი, სქელი, ამავე ფერის თმა და თბილი, კეთილი, თაფლისფერი თვალები, როგორც ჩემს მათეს, რომელსაც იერით წააგავდა კიდეც.სახე ახლოს მოიტანა და მე მისი სუნთქვა ვიგრძენი.

– წამოდექით, გთხოვთ!

– არ შემიძლია მოძრაობა, თორემ აქამდეც ავდგებოდი და გავიქცეოდი აქედან.

– შეგიძლიათ,  მოინდომეთ!

– ვინ ხარ შვილო?

– მათე.

– ჩემი მათე? – შევვეჭვდი, იქნებ ჩემი შვილი იყო და ვერ ვცნობდი?! რა ვიცი…

– არა, სხვისი. – გაეღიმა ყმაწვილს და თეთრი, ლამაზი მოყვანილობის კბილები გამოაჩინა. მერე, მწოლიარეს ჩამეხუტა და გამათბო. ჩემი ძვლების სიხარულიც კი ვიგრძენი, მინდოდა მოვფერებოდი, მაგრამ ხელები ვერ დავიმორჩილე, ვერც ტუჩები, რომ მეკოცნა, ვერც ხმა გავეცი, რომ მადლობა მეთქვა, ან რამენაირად მის წინაშე მადლიერება გამომეხატა, ვერა და ვერა, ვერ შევძელი, უძლური ვიყავი. მკლავზე ხელი ჩამომისვა. მხრების ქვეშ ხელები შემიცურა და წამომაჯინა საწოლზე, თავში გაცხელებული ადგილი გამიგრილდა და იმ წამსვე მოძრაობაც შევძელი. ჩემი სხეულის სიმსუბუქემ  გამაკვირვა.

– ახლა ადექით! – მთხოვა ბიჭუნამ და მეც შევეცადე ავმდგარიყავი.ჯერ ერთი ფეხი ჩამოვდგი საწოლიდან,  ბიჭი დაიხარა და კვლავ ჩამეხუტა, მერე ლოყა ლოყაზე მომადო, ჯერ ნაზად, მერე უფრო ღონივრად მომაჭირა, მისი ლოყიდან ჩემს ლოყაზე  ენერგია გადმოდიოდა და მთელს სხეულში მეღვრებოდა, სურნელოვანი იყო ყმაწვილი, იასამნისა და საკმევლის სურნელი ასდიოდა ერთდროულად,  ჩემი მათე-გიორგის მაგვარი არა, მაგრამ მიახლოებით მსგავსი სუნი, ჰო და ვერ მოვითმინე, ვაკოცე, ხელები მინდოდა მომეხვია, მაგრამ ვერ შევბედე, რა ვიცი, მაინც სხვისი მათეა და არ ეწყინოს მეთქი.

– მათე-გიორგი გენატრებათ? – ღიმილით მკითხა.

– ჰო, ძალიან მენატრება!

– ჰო, და, თუ გინდათ მისი ნახვა, უნდა ადგეთ რამენაირად და გამომყვეთ!

წამოვდექი გაჭირვებით, თავბრუც კი დამეხვა და გულამოსკვნილმა წამოვიძახე:-და, ნანიკო!!!!

მათემ ხელი მომხვია, ჩემი თავი მკერდზე მიიდო და მიპასუხა,- ნანიკოსაც ჩაეხუტებით!

ნელა, მძიმედ, ერთად გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი.

– ჩემი ნანიკო გათხოვდა. რომ ვნახულობ და მერე მშორდება, უფრო მეტად მენატრება ხოლმე.

– ნანიკოზე და მათე-გიორგიზე გზაში მომიყევით.

ფეხშიშველი ვიყავი და თეთრი, გრძელი  პერანგი მეცვა. ბიჭმა ხელი ჩამკიდა, თვალები დავხუჭე და გავყევი, იმედიანად ვიყავი. ოთახის კარებთან რომ მივედით, თვალები გავახილე, ბიჭმა კარი გააღო და კარგად დავინახე, მთლიანად, თავიდან ბოლომდე. ელეგანტური ახალგაზრდა იყო, თეთრი პერანგი ეცვა, შავი, კლასიკური შარვალ-კოსტიუმი უმშვენებდა სხეულს, ფეხსაცმელიც საუცხოო ეცვა, მოკლედ, ისეთი მშვენიერი იყო, პოდიუმზე წარმატებას იოლად რომ მიაღწევდა, სამაგალითო გარეგნობის, ნატიფი სახის ნაკვთებით, უნაკლო. კოსტიუმის ჯიბეში ხელი ჩაყო და და რაღაც ბრჭყვიალა ამოიღო, მერე მარცხნივ, მკერდზე დამაბნია.

– რა არის?!

– გულსაბნევი.

– რა ლამაზია, მაჩუქებ?

ბიჭმა უარის ნიშნად  თავი გააქნია,-გათხოვეთ, მისი  წყალობით ვერავინ დაგინახავთ, აი, მეც მაქვს, – თავისიც მაჩვენა, რომელიც ასევე მარცხენა მხარეს ეკეთა პერანგის საყელოზე.

– მაშინ რატომ გამიკეთე, რა საჭიროა!

-ამგვარად ვერავინ დაგვინახავს.

-და, მე რომ გხედავ, ჩემთან ხომ ამ გულსაბნევით მოხვედი?!

-ოოო, თქვენ სხვა ხართ!

გულსაბნევს დავაკვირდი, იასამნის ტოტი იყო, არ ვიცი, თეთრი ოქრო იყო, პლატინა თუ ვერცხლი, ცირკონის, საფირონის თუ ბრილიანტის წვრილი თვლებით მოჭედილი, ბრდღვიალა. კარი შეაღო და გამოჩნდა გაჩახჩახებული, გვირაბის მსგავსი დერეფანი, პაციენტთა პალატებითა და ექიმთა კაბინეტებით დახუნძლული, დედა, რა გრძელი გზა იყო გასავლელი, ამას შევძლებდი?! მივხვდი, რეანიმაციის ოთახიდან  გავყავდი გარეთ. ოთახს გადავხედე, ქალები და კაცები ერთად აპარატურაზე იწვნენ და სულს ღაფავდნენ, ცისფერი, ნაზი შუქი დაჰფენოდათ ავადმყოფურ, ტანჯულ,  უფერულ, ჩამომხმარ სახეებზე და ყველანი სამედიცინო აპარატურაზე იყვნენ შეერთებულნი. ჩემი საწოლისკენაც გავიხედე და მეც მათ შორის ვიწექი, გამიკვირდა, თუ აქ ვარ, იქ როგორღა ვწევარ მეთქი.

– მათე! – განწირული ხმით დავიღრიალე,-ეს რა არის, მე ხომ ნამდვილად შენს გვერდით ვდგავარ!

– ჰო, – მიპასუხა მშვიდად. ამ სხვა მათემ ხელი ჩამავლო და გამიტაცა, ლამის იღლიაში ამომიდო და სირბილით მოკურცხლა.

– ვინ ხარ, შვილო, სიკვდილის ანგელოზი?!

არ მიპასუხა, ჯიუტად მიჰქროდა დერეფანში და მე ვენდობოდი, წინააღმდეგობას ვერ კი არა, არ ვუწევდი, გული მიგრძნობდა, რომ უკეთეს ადგილას აღმოვჩნდებოდი, მაგრამ მაინც ვიწუწუნე, მერე გავჩუმდი.ისევ ვიეჭვიანე, ალბათ მოვკვდი და სული ვარ, ჯანდაბა ჩემს თავს…

გული ამიჩუყდა, – იქ, სადაც მიგყავარ, ჩემი მათე – გიოც იქნება?

მათე შეჩერდა და აწყლიანებული თვალებით შემომხედა.

– მათე, იქ ჩემი ნანიკოც იქნება?

ისევ არ მიპასუხა და ნერვები მომეშალა, გავჯიუტდი, მყარად დავდექი ერთ ადგილას.

– ნუ ჯიუტობთ თიკო დეიდა, წამომყევით, მკლავზე ჩამეჭიდეთ და აღარაფერი მკითხოთ, გთხოვთ! ჩვენ ისედაც ბევრი უნდა ვილაპარაკოთ და  სხვა ნანიკოსა და მათე-გიორგის ჩახუტება არ მოგიწევთ, თქვენს შვილებს ჩაეხუტებით.

– მართლა, მათე, არ მატყუებ?!

– აბა რა!

– ის მაინც მითხარი, რა დამემართა, რა მჭირს?

– ახლა ამის დრო არაა, თავად გაიხსენებთ, რაც მოხდა.

– ტვინში სისხლი ჩამექცა?

– დროს ვკარგავთ თიკო დეიდა!

– რა გაეწყობა, მოვდივარ.

კიბეები ჩავირბინეთ და საავადმყოფოს ეზოში გავედით. გავყოჩაღდი, გულიც კი არ ამჩქარებია, მაგრამ ვერ გავიაზრე, სად, რომელი საავადმყოფოს ეზოში ვიმყოფებოდით, არადა, თბილისის თითქმის ყველა საავადმყოფო მქონდა მონახულებული. იქ ვერცხლისფერი პატარა ხომალდი იდგა. იური გაგარინისეულ მანქანას ჰგავდა, ოღონდ იმასთან შედარებით ძალიან პატარა იყო და კიდევ, გაგარინის ხომალდს ცხვირი ზეცისკენ ჰქონდა ამართული. ეს კი, ერთი შეხედვით, ავტომობილს წააგავდა, რომელსაც ოთხის ნაცვლად ხუთი ბორბალი ეყენა, ორი უკან, ორი წინ და ერთიც შუაში, მანქანის შიგნით რომ მოხვედრილიყავი, ორი საფეხურიც უნდა აგევლო. მათე ავიდა საფეხურებზე. შარვლის უკანა ჯიბიდან პაწია პულტი ამოიღო და მინის ხუფს მიუშვირა, ხომალდის თავს რომ ამშვენებდა. ხუფი აიწია.

კარგად დავაკვირდი ვერცხლისფერ ხომალდს, წვერწათლილი ფანქარივით ფორმა ჰქონდა, ოღონდ, დიდი ფანქრის, უზარმაზარი, შიგნით ორი ადამიანი დაეტეოდა. ვიდექი და ვათვალიერებდი ლაპლაპას, მათემ ზემოდან გადმომხედა და ხელი გამომიწოდა. დავიბენი.
– ხელი მომკიდეთ თიკო დეიდა, დროა გავფრინდეთ!

გული  დედამიწაზე მრჩებოდა, მაგრამ დავემორჩილე, ამიტაცა,  ბავშვივით ხელში ამიყვანა და ხომალდის რბილ, კომფორტულ სავარძელში ჩამაფრინა. მინდოდა მეკითხა, ცაში რომ მივფრინავთ, კონკრეტულად სად მივდივართ მეთქი, მაგრამ მე ხომ დიდი ვარ და მოთმინება მმართებს, ამიტომ დავდუმდი, მითუმეტეს, რომ ვენდობოდი და უკვე მიყვარდა კიდეც ეს ლამაზი ბიჭი, თან ვფიქრობდი, თუ უკვე მკვდარი ვარ და ეს მათეს მსგავსი ბიჭი არ მიმატოვებს და მოვეფერები, როგორც ჩემს შვილს, მაშინ არაუშავს, ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და უჩემოდაც გააგრძელებენ ცხოვრებას, უფროსი დაიკო დედობას გაუწევს ძამიკოს და ერთმანეთი ძალიან ეყვარებათ.

სხვა მათე გვერდით მომიჯდა, გამიღიმა და მკითხა, – რამდენი წლისანი არიან თქვენი შვილები? – თითქოს იცოდა შვილებზე რომ ვფიქრობდი.

– ნანიკო 28 წლისაა, მათე 17-ის.

კვლავ პულტი მოიმარჯვა და ხუფი დახურა, ხომალდის წყლისფერი სახურავი  ჭერად გადაიქცა. რა ვიცი, ეს ჭერი მინისას ჰგავდა, მაგრამ იყო კი?! მთავარი ისაა, რომ პირდაპირ, ზემოთ და ქვემოთ ჩახედვისას ყველაფერს დავინახავდი და ალბათ მივხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.

ღამე იყო. ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო. მათემ ღილაკს თითი დააჭირა, სალონი მწვანედ განათდა, ხომალდი მიწას მოსწყდა და მაღლა-მაღლა იწყო სვლა, მერე შურდულივით გაიჭრა წინ და დედამიწიდან არც ისე შორს ვიყავით.

– თიკო დეიდა, ხომ არ შეგეშინდათ?

– არა საყვარელო, საინტერესოა, ცნობისმოყვარეობა მკლავს, – ვუპასუხე და გავიღიმე.

– ახლა თქვენ ჩემს მეტი არავინ გყავთ ცისა და მიწის შუა. გესმით, ხმაც კი არ აქვს ამ ხომალდს.

– დიახ, ასეა, მაგრამ მე ამ მანქანის ტექნიკური საკითხები არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ამიხსნა, მაინც ვერ გავიგებ. მითხარი სად…

სიტყვა გამაწყვეტინა! – ჩემს პლანეტაზე მივდივართ.

– სადაა ეგ პლანეტა, რა ჰქვია?

– ასტეროიდი ბ-612

– ეს რანაირი სახელია, ან ასტეროიდი პლანეტა როგორაა!

– აი, ნახავთ თუ არაა, თანაც, 24 საათის განმავლობაში შეძლებთ 43-ჯერ დატკბეთ დაისის ცქერით.

– რაო?! – გავოცდი.

– ჰო! – გაეღიმა მათეს.

ცის მანქანა თავისით, დამოუკიდებლად მისრიალებდა ცაში, მათე კი იჯდა ფუმფულა სავარძელში, ფეხიფეხ გადადებული.

– მათე, შეგიძლია მითხრა, სად მდებარეობს შენი პლანეტა?

– გეტყვით, 325-ე, 326-ე, 328-ე, 329-ე და 330-ე ასტეროიდების მეზობლად.

ვერაფერი გავიგე, გული მომივიდა, ცრემლიც კი წამსკდა თვალებიდან ისე ძლიერ, რომ მათი შეკავება ვერ შევძელი, ნიკაპიც კი ამიკანკალდა, გავღიზიანდი, გავბრაზდი! თავი უცოდინარ ადამიანად  წარმოვიდგინე, რომელსაც ახლო მომავალში წერა-კითხვაც რომ დაავიწყდება. მათემ მხრებზე მკლავი მომხვია ჩემი მათესავით: – ნუ ნერვიულობთ, მოდით ჩემთან!

თანაგრძნობით შემომხედა, ვიღაც ახლობლის თვალებს ჰგავდა, ვერ გავიხსენე, კონკრეტულად ვისი თვალებით მიმზერდა, მივენდე, მკერდზე თავი მივადე და მის გულისცემას ყური დავუგდე. უკვე აღარ მაინტერესებდა არაფერი – წინ, უკან, ქვემოთ ან ცაში რა ხდებოდა, საიდან წამოვედი, საით მივდიოდი…

ვგრძნობდი მაღლა-მაღლა, ზემოთ აწევას უხმაუროდ, წყნარად, მშვიდად და სწრაფად, თითქოს გვიფრთხილდებოდა ჩვენი მოაზროვნე, ჭკვიანი ცის მანქანა. თვალები მიმელულა და ტკბილად ჩამეძინა, მათეს გულის ბაგა-აბუგი სასიამოვნო, უცნობ მელოდიად ჩამესმოდა ყურში. დაღლილობა ვიგრძენი, მაგრამ იმისი თავი კი მქონდა, მათეს გულისთვის მადლობა მეთქვა, რომელიც მაწყნარებდა, უცნობ იავნანას მიმღერდა და მიმტკიცებდა, რომ არ ვარ მარტო ჩემს შეჭირვებასთან ერთად, რომ ნათესავების, მეგობრების, შვილების გარდა მყავს ახალი გულშემატკივარი – უცნაური, მშვენიერი, ტკბილი, ფაფუკი და სხვაგვარად გვერდით მდგომი, ჩემი სულის ახლობელი არსება.

ცის კუნძული

– გაიღვიძეთ, მოვედით თიკო დეიდა! – ჩამძახა მათემ. გათენებულიყო. ჯერ ცას ავხედე, ჩვეულებრივი იყო, მერე ქვემოთ ჩავიხედე და რას ვხედავ?! კვერცხისებური ფორმის, ბრტყელ უფეხო მაგიდის მსგავს პლანეტას, ვიკითხე, – თქვენი პლანეტა მთლად მრგვალი არ არის?

– ჩვენ ახლა მარცხენა მხრიდან და გვერდიდან ვუყურებთ. მათემ  საჭეს მოკიდა ხელი, ცაში გაჩერებული ხომალდი დაძრა და პლანეტის ზემოთ გაჩერდა.

– რა თეთრი ყოფილა თქვენი პლანეტა?! – თვალები გამიფართოვდა.

მათეს გაეღიმა, – თეთრის გარდა, სხვა ფერებს ვერ ხედავთ?

– მოიცა, მოიცა, კი, ცოტა ყავისფერს, ცოტა უფრო მეტ მწვანეს, თითქოს მწვანე რკალი შემოურტყამთო…

– ჰო, და ლურჯს ვერ ხედავთ?

– ვხედავ, პლანეტის შუაშია, ეს რა, წყალია?

– კი, ჩვენი ტბაა. დავეშვათ?

– კი, ძალიან საინტერესოა. ოღონდ, ჯერ მაცალე, კარგად შევხედო და დავიმახსოვრო!

– კეთილი. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

– მათე, არ ვიცი სწორად აღვიქვი თუ არა, მაგრამ თითქოს კუნძულია ცისა, რა პატარაა!

– ადრე უფრო პატარა იყო, მაგრამ გაიზარდა, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

– რას ამბობ, მართლა?!

– ჰო, აბა ხომ არ მოგატყუებთ! ახლა უსაფრთხოდ და ლამაზად დავეშვათ.

ხომალდი სათუთად დაეშვა ცის კუნძულის მიწაზე. გავოგნდი, ამდენი თეთრი იასამანი ერთად არასდროს მინახავს. მანქანის გამჭვირვალე ხუფი გაიხსნა და სუფთა, იასამნის ყვავილების სუნით გაჯერებული ჰაერი შემოიჭრა სალონში, ღრმად ჩავისუნთქე, ისე ღრმად , რომ სიწმინდე იმ ჟანგბადისა ვიგრძენი, ამოსუნთქვა აღარ მსურდა, ადამიანი ვარ და ჩასუნთქვაც მჭირდება,  ამოსუნთქვაც.

ბიჭი წამოდგა და ხელი გამომიწოდა, რომ მსუბუქად დავმდგარიყავი, ისევ მოვავლე თვალი გარემოს, მეგონა, სამოთხეში მომიყვანეს, სადაც მხოლოდ ერთი ხისგან აგებული აივნიანი სახლი იდგა, თეთრი სახურავით. ძალიან სუფთა იყო აქ ყველაფერი, თავბრუ დამეხვა.

როცა მათე ხომალდიდან ჩამოსვლაში მეხმარებოდა და ამაყად მიმზერდა, პატარა მთაც დავინახე და ლურჯი ტბაც, ამ ტბასაც თავისი სუნი ჰქონდა, იასამნების სურნელს ერწყმოდა და უცნაურად უცხო არომატი იფრქვეოდა, მსგავსი არასდროს რომ არ შემისუნთქავს. ვიდექით ასე, ჩვენ ორნი უცნაურ კუნძულზე, სიმშვიდის ფასიც გავიგე, ვინაიდან მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რა ხმაურიანი პლანეტიდან მომიყვანეს, მეგონა, მხოლოდ მათესთან ვიყავი, მეგონა, ერთკაციან პლანეტაზე მოვედი, იმედია, მხოლოდ სტუმრად და არა სამუდამოდ,  მაგრამ ორი ბიჭუნა დავინახე, ჩვენსკენ მორბოდნენ, სახე უცინოდათ. ერთი შავთმიანი იყო, ასე, თერთმეტი ან თორმეტი წლისა, მეორე ლურჯთვალება, ოქროსფერ კულულებიანი, ძალიან პატარა იყო, ალბათ, მხოლოდ ხუთი წლისა. ჩვენთან მოახლოებისას ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს, მორცხვობდნენ, ერიდებოდათ.

– მოდით ძვირფასებო, აი, მოგიყვანეთ დეიდა, ცოტახნით ჩვენთან დარჩება, კარგად უნდა მოუაროთ, ხომ იცით, ზრუნვა ვინმეზე ყოველთვის იძლევა შედეგს, როგორც მამა გვეუბნებოდა.

მოგვიახლოვდნენ ბიჭები და მათეს შეხედეს, გავუღიმე მათ, იმათაც გამოაჩინეს კიჭები, მომიახლოვდნენ და ჩამეხუტნენ,სადამდეც მწვდებოდნენ, იქამდე.

– გამარჯობათ ბიჭებო, რა გქვიათ?

– რაფაელე, – მითხრა შავთმიანმა და ფუმფულა ხელი გამომიწოდა, მეც ჩამოვართვი.

– მე კიდევ ელია, – გამეცნო ლურჯთვალება. დავიხარე და ფაფუკ, ბავშვურად ამობურცულ, მოვარდისფრო ლოყაზე ვაკოცე. ბიჭი გაწითლდა, ხელი ნაკოცნ ადგილას იტკიცა და გადაიკისკისა, ზუსტად ისე, როგორც ამას დედამიწელი ბავშვები აკეთებენ მაშინ, როცა რამე ძალზე გაეხარდებათ ხოლმე.

ელიას ხელში აყვანის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ მათემ მკლავზე ხელი მტაცა, თავი გააქნია და თვალებით მანიშნა, არ შეეხოო. გული დამწყდა, რატომ დამიშალა ბავშვის ხელში აყვანა, რატომ?! გავიფიქრე და ელიამ გამცა პასუხი,-თიკო დეიდა ჯერ არ შეიძლება თქვენთვის სიმძიმის აწევა, ჯერ უნდა მოგარჩინოთ!

– ვაიმე, მართლა?!- ვერ დავიჯერე.

– ჰო, აი, ნახავ, როგორი ღონიერი გახდები მალე!

– მე ხომ ქალი ვარ, როგორ გავხდები ღონიერი, როცა შენ უკვე ჩემზე ღონიერი ხარ?

– ქალურად ღონიერი გახდებით! – ღიმილით მიპასუხა მათემ.

– ეგ რომ მოხდება, მე ელიასა და რაფაელეს ერთდროულად ავიყვან ხელში და ორივეს ბევრს ვაკოცებ.

– რა კარგიააა! – წამოიძახა რაფაელემ, – მერე ხომ ზღაპრებს მოგვიყვებით?

– კი, იცით რა კარგი მეზღაპრე ვარ? დარწმუნებული ვარ, თქვენთვის სრულიად განსხვავებულ, საოცარ ზღაპრებს მოვიგონებ. – დავფიქრდი და შემეშინდა, ვაითუ ვერაფერიც ვერ მოვიგონო მეთქი და დავამატე, – ყოველ შემთხვევაში ვეცდები მაინც…

– ასე რატომ ამბობთ, გგონიათ ვერ შეძლებთ?!

–  ვეცდები, მაგრამ, რომ არ მოგეწონოთ მერე რა ვქნა, არ მიყვარს ადამიანების, მითუმეტეს ბავშვების მოტყუება რაფაელე.

– ჩვენ ყველაფერი გამოგვივა!- ენერგიულად დაიჭყლოპინა ელიამ.

ამგვარად ვსაუბრობდით და ვუახლოვდებოდით აივნიან თეთრ სახლს, რომ უცებ, თვალებში უკუნეთი სიბნელე ჩამისახლდა და შიშისგან ელდანაცემს მუხლები მომეკვეთა, მოვკვდი, უცბად და მტკივნეულად…

გამეღვიძა, საწოლში ვიწექი, მათე დავინახე, საწოლის ბოლოში იდგა, კოსტიუმის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მიღიმოდა, მარჯვნივ ელია მეჯდა, ცოტა შეშინებული ჩანდა, მისმა ლურჯმა თვალებმა რატომღაც შემაშინა, ბავშვი იჯდა ჩემს წინ, მაგრამ ბავშვის თვალები არ ჰქონდა, ცხოვრებაგამოვლილ, დაბრძენებულ ადამიანებს აქვთ ამგვარი ღრმა და შინაარსიანი თვალები.

მარცხნივ გავიხედე და შავთმიანი რაფაელე დავინახე, პატარა ხელი ჩემ ხელზე ედო, თავდახრილი იჯდა დიდი კაცივით და ფიქრებს გაეტაცა, გამეღიმა, ნათლად ვხედავდი ჩემ ახალ ჭირისუფლებს.

ის ხელი, რომელ ხელზეც რაფაელეს ხელი იდო,  მეტკინა და იმ მხარეს, სადაც ელია იჯდა შუბლი ამეწვა, ინსტიქტურად შუბლისკენ ხელი წამივიდა და რას ვხედავ, მაჯაზე უზარმაზარი, ლაპლაპა წურბელა არ მაზის?!

მათე მომიახლოვდა და ორივე ხელი დამიკავა:-თიკო დეიდა, ორივე მაჯაზე წურბელა გაზით, შუბლზეც ერთი და ფრთხილად, ძალით არ ჩამოაგდოთ არცერთი.

– რატომ გააკეთეთ ეს!

– ესენი მკურნალები არიან და გჭირდებათ ამათი დახმარება, იციან, როდის დაგანებონ თავი, აი, ნახავთ, გაცილებით უკეთ იქნებით.

– ნამდვილად?

– სამივემ თავი დამიქნია.

– სულ ამათ უნდა მიმკურნალონ?!

ახლა ერთდროულად გააქნიეს თავები.
– მეტად აღარ დაგჭირდებათ, ნუ ღელავთ, დაველოდოთ, – წყნარად მიპასუხა მათემ.

ისევ გამეღვიძა, მაჯებზე დავიხედე და წურბელების მიერ ჩაკბეჩილი ადგილები დავინახე, გავიფიქრე, რა საშინლად დამაჩნდებოდა შრამი შუბლზე და კიდევ კარგი, მხოლოდ ერთი რომ მწოვდა სისხლს და არა რამდენიმე. გამეღიმა, ვინაიდან დედაჩემის დედა, ლუბა ბებია გამახსენდა, წნევა აწუხებდა და ამიტომაც მეგობრობდა წურბელებთან. აიყვანდა ხელში, მიიდებდა კისერზე და მერე იმათ იცოდნენ თავიანთი საქმე, სად ჩაეკბიჩათ, მოეწოვათ ცუდი და ზედმეტი სისხლი. მიკვირდა, როგორ შეუძლიათ ამ პატარა არსებებს ადამიანის გამოჯანმრთელება, როცა ტვინი არ გააჩნიათ, ვერ აზროვნებენ, არც ყურები აქვთ, არც თვალები, რა ვიცი, მათ თვალებს ვერ ვხედავდი, შავი ფერისანი და ლაპლაპები იყვნენ, უკბილო პირი ჰქონდათ მხოლოდ და ძალა იმისთვის, რომ გემრიელად ეკბინათ, მოეწოვათ ადამიანისთვის სისხლი მანამ, სანამ არ გაძღებოდნენ, მოკლედ რა, ჩემთვის ისინი ციცქნა ვამპირები იყვნენ, უხილავი კბილებით,  ამიტომ მეცოდებოდა ბებია და მეტირებოდა.

– ნუ გეცოდები,-ღიმილით მეუბნებოდა ლუბა ბებია,-ესენი მეგობრები არიან, მეხმარებიან, რომ ვიცოცხლო, შვილო და დავტკბე შენი ცქერით, თუ როგორ იზრდები და ლამაზდები. ესენი ღმერთის მიერ დანიშნული ექიმები არიან…

ჰო, კიდევ გოგუცა ნათლია გამახსენდა, სინამდვილეში სოფიო ერქვა და თანაც ჩემი კარის მეზობელი იყო, თბილი ქალი, მოსიყვარულე, ნათლიაჩემიც შეიამხანაგა, იჯდნენ ერთად წურბელებდასხმულები , თვალებმილულულები, თითქოს სიამოვნებდათ, ეს პატარა არსებები სისხლს რომ წოვდნენ.

ასე, ათი წლისა ვიქნებოდი,  მეზობელთან შევვარდი, – გუცა ნათლია, სად ხარ?

– დავუძახე ნათლიას, სოფიოს, მეტსახელად გოგუცას, მაგრამ ჩემთვის გუცას. იმ დღეს 4 ცალი ფრიადი მივიღე და მინდოდა სიხარული გამეზიარებინა, ვიცოდი, ამის მერე თეატრში ან თავის სამსახურში, თეატრალურ ინსტიტუტში, წამიყვანდა რაიმე სტუდენტური სპექტაკლის სანახავად და გამახარებდა.

შემოვირბინე  უზარმაზარი ბინის ოთახები, აბაზანაში იყო, ვერ დამინახა,  აბაზანის კარებთან შევჩერდი. იქ მან ჯადოსნობა ჩაიდინა. პირიდან კბილები გამოიღო ღრძილებიანად, ონკანის წყალს მიუშვირა და გარეცხა, მერე ჯაგრისი, კბილების სახეხ ფხვნილში ჩააწო, იმ დროს კბილის პასტებთან ერთად მაღაზიებში კბილის სახეხი ფხვნილებიც იყიდებოდა, ჰო, და ასე ხელში მოქცეული ღრძილებიანი კბილების ხეხვა დაიწყო. შემეშინდა , გამოვიქეცი, დედასთან შევვარდი სამზარეულოში, რომელიც ღომს ზელდა.

– დაიბანე, დედი, ხელები? ხომ იცი, კარგად უნდა დაიბანო, საპონი თითებს შუაც უნდა წაისვა…

– მოიცა დედა რა! დავიბანე, მაგრამ ეხლა ნათლიასთან ვიყავი და ისეთი უცნაური რამ ვნახე!…

– რა მოხდა, ცუდად ხომ არაა! – შეშფოთდა დედაჩემი.

– არ ვიცი, მაგრამ თავისი კბილები ადგილზე არაა!

– ეს როგორ გავიგო შვილო!

– კბილები ხელში ეკავა და ისე რეცხდა!

– ჰა, ჰა ,ჰააა! – გადაიხარხარა დედამ.

– რა არის აქ სასაცილო?!

– ის, რომ, ის, რაც ნახე, არის პროთეზი.

– რაა?! – გავიკვირვე, ვინაიდან  სიტყვა პროთეზი პირველად გავიგე.

– როცა ადამიანს კბილები აღარ აქვს, ექიმები კბილების მაგიერს უკეთებენ ადამიანებს, რომ საკვები კარგად დაღეჭონ და ისე ჩაყლაპონ…

– აღარ გააგრძელო, გავიგე დედა.

– ჩემი ჭკვიანი და აზრიანი გოგო.  შედი ნათლიასთან და უთხარი სადილზე დაგვეწვიოს, უყვარს ღომი, უთხარი, დედამ თქვა, იმგვარი სულგუნი გვაქვს რძე გასდისო და კიდევ ბაჟე, ესეც უყვარს.

– კარგი! – ვუპასუხე და ისევ ნათლიასთან შევედი.

გავქანდი და ჩავეხუტე.

-რაო, ჩემო ბატკანო, – ხელი გადამისვა ხუჭუჭა თავზე, – აბა, დღეს რით გააახარებ ნათლიას!

– ხუთები მივიღე ქართულში, შრომაში, რუსულსა და ფიზკულტურაში.

– როგორ გამახარე, ახლა მე შენ იმდენ ხუთ მანეთს გაჩუქებ, რამდენი ხუთიანიც მიიღე.

– ფული არ მინდა, ნათლია, სპექტაკლის სანახავად წამიყვანე.

ნათლიამ ნიკაპზე ხელი წამავლო და მითხრა, – საოცარი ბავშვი ხარ, ასე მოგწონს სპექტაკლები, რომ ფულს გირჩევნია?!

– დიახ, მომწონს და შენს გვერდით ქუჩაში სიარულიც მიყვარს.

– რატომ? – დაინტერესდა ნათლია.

– კარგი ხარ და იმიტომ.

– თავად ხარ კარგი, ჩემო საყვარელო, ცრემლი მოერია ნათლიას. რომ გაიზრდები მოგიყვები ხოლმე ჩემი ცხოვრების შესახებ და მიხვდები, რატომ მიყვარხარ ასე განსაკუთრებულად, შენზე ძლიერ არავინ მიყვარს.

– დღეს მომიყევი რა!

– აი, სკოლაში ისტორიის სწავლას რომ დაიწყებ, მაშინ მოგიყვები. ისტორია ქვეყნისა მნიშვნელოვანია, ჩემი ცხოვრება რომ გაიგო.

– ჰო, ისა, დედამ ღომი გააკეთა და გელოდება ნათლია, ერთად ვისადილოთო.

– უი, რა კარგია, როგორ მიყვარს მეგრული საჭმელები!

სასადილოდ ერთად წავედით.

ნათლია, ჩემი პირველი მეგობარი და მესაიდუმლე…

 იმ დღიდან მოუთმენლად ველოდი  ისტორიის გაკვეთილს. ეს დღეც დადგა, შემიყვარდა  საგანი, გამიმართლა და მასწავლებელიც კარგი შემხვდა, მაგრამ ნათლია დიდხანს სდუმდა, სანამ 17 წლისა არ გავხდი.

– რაზე ფიქრობთ?

– რაფაელე, დილა მშვიდობისა, კარგო ბიჭო!

– გამარჯობა, წამოდექით და აბაზანაში გამომყევით.

-კეთილი.

თეთრ, უზარმაზარ აბაზანაში შემიყვანა რაფაელემ. იქ იდგა სავარძელი, რომელზეც იდო დიდი და პატარა პირსახოცები,  ფაჩუჩები თეთრი მარმარილოს იატაკზე დაეწყოთ,  სავარძლის საზურგეზე გადაფენილი  მდოგვისფერი, შავი, პაწია კოპლებით მოხატული კაბა შევამჩნიე.

– რაფაელე, ეს კაბა ჩემთვისაა?

– დიახ, მათემ დაგიტოვათ.

– როგორ მიყვარს კოპლებიანი კაბები…

– ვიცით. – გაეღიმა პატარა ბიჭს. – აი, აბაზანა წყლით აგივსეთ, მოგიმზადეთ და ჩვენი იასამანების ყვავილებიც ჩავყარე წყალში.

– უღრმესი მადლობა! რაფაელე, როგორ შეწუხებულხარ ჩემს გამო.

– გავალ და, რომ დაასრულებთ აქ ყველაფერს, აი, აგერ ღილაკია კედელზე, დააჭირეთ თითი და  მაშინვე  გავჩნდები.

– გმადლობ, მზრუნველო!

რაფაელემ თავი ჩაღუნა და აბაზანიდან გავიდა.

გავიხადე საავადმყოფოს ტანსაცმელი, მაგრამ არ ვიცოდი სად დამედო, ამიტომ, იატაკზე დავყარე, გულსაბნევი სადღაც გამქრალიყო. აქაფებული წყლით სავსე აბაზანისკენ გავეშურე. ოსტატურად აექაფებინა წყალი რაფაელეს,  გარდა იმისა, რომ წყალში იასამნის დაქუცმაცებული ყვავილები ეყარა, როგორც ჩანს, ქაფიც იასამნისა იყო, ვინაიდან, იასამნის მძაფრმა სუნმა გამაბრუა. ჩავწექი აბაზანაში და შეწყვეტილ მოგონებას დავუბრუნდი.

ნათლია თავადის ქალი იყო, საჩხერეში უზარმაზარ და ლამაზ სახლში გაიზარდა. მდიდარი დედ-მამა ჰყოლია და განათლებაც შესაბამისი მიუციათ.  გათხოვების დროც დადგა, გარიგებით მიათხოვეს მეფის რუსეთის ოფიცერს კონსტანტინე წერეთელს.  საქართველო  მაშინ რუსი მეფისა იყო… მეუღლე თოთხმეტი წლით უფროსი იყო  სოფიოზე, დახვეწილი და თავშეკავებული კაცი.  თვალებში შემომციცინებდაო და რომ გაიგო შვილი უნდა გაგვჩენოდა, სიხარულისგან ლამის გული გაუსკდა. ძალიან რომ შემიყვარდა  მეუღლე, აი, მაგ დროს აირია ქვეყანაც. მოხდა რევოლუცია. ნათლიაჩემის ოჯახს საჩხერეში წაართვეს სახლი და იქ კომუნისტებმა სკოლა გახსნეს, მაგრამ მანამდე თავადვე გაძარცვეს აბაშიძეების ოჯახი, სახლიდან გაიტანეს ავეჯი, ტანსაცმელი, ძვირფასეულობა, თან გაიძახოდნენ, ეს ხალხის საკუთრებაა, თქვე პარაზიტებოო. სოფიო მეუღლესთან ერთად იმერეთიდან თბილისში  გადავიდა საცხოვრებლად. ავად სახსენებელ 1937 წელს ნათლიაჩემის მეუღლე საბჭოთა ხალხის მტრად გამოაცხადეს და დააპატიმრეს.

მეუღლის დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ, ოთხი თვის ფეხმძიმე ქალს, შუაღამით, ჩეკისტები თავს დაადგნენ, სახლიდან გაიყვანეს, დათრგუნეს და ანერვიულეს. რაღაც დაწესებულებაში მიიყვანეს და ძალით ხელი მოაწერინეს საბუთებზე, რის შემდგომაც ის მრავალ სხვა ქალთან ერთად მოხვდა მატარებლის  ბინძურ, თივადაყრილ ვაგონში, ნახირივით შეგვყარესო, ალბათ ცხენსადგომი თუ იყოო. სადღაც, რუსეთისკენ მიმავალი მატარებელი გააჩერეს, ჩარაზული კარიც გააღეს, რომ უჰაერობით ადამიანები არ გავგუდულიყავით, მეორე მატარებელიც მოსულა, სადაც აგრეთვე ვაგონებში შეყრილი პატიმარი მამაკაცები იყვნენ, ჩამოსვლის უფლებას არ გვაძლევდნენ, სათლებით წყალი მოიტანეს აქეთ ქალებისთვის, იქით კაცებისთვის, რომ წყურვილს არ მოვეკალით, როგორც პირუტყვებს ისე გვექცეოდნენ და უცებ, მოპირდაპირე მატარებლის ვაგონში მეუღლეს მოვკარი თვალი, რომელიც იდგა ვაგონში და რკინის ჯამით ხარბად წყალს სვამდა, იმანაც დაინახა სოფიო და გაშეშდა, მერე, ვიღაც რუსი ჯარისკაცი მიახლოვებია და დაუყვირია, – ეი, ვირო, დროზე დალიე! – და კონდახი ზურგში ჩაურტყამს. ამის შემდგომ კვლავ დაკეტეს ვაგონის კარი, კვლავ მძიმე, საზიზღარი სუნი და სიბნელე, დაუმთავრებელი გზა…

ციმბირში ჩაიყვანეს, ყაზარმაში დააბინავეს. მერე, სოფიოს მეტსახელად უსაქმური და“ბელარუჩკა“ შეარქვეს, არავინ ზოგავდა ფეხმძიმე ქალს, თავად პატიმრებიც ცუდად ექცეოდნენ. იქ, ციმბირში საექთნო საქმე ასწავლეს და საავადმყოფოში დააწყებინეს მედდად მუშაობა. ნათლიას ფეხმძიმობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ სოფიოს სულ სციოდა და შიოდა, ერთხელაც, ფეხის თითები მოეყინა, რამაც გავლენა მოახდინა მის ჯანმრთელობაზე, რაც თავი მახსოვს, მძიმედ, ჩოჩვა-ჩოჩვით დადიოდა, უჭირდა სიარული. და მთავარი ტრაგედია მის ცხოვრებაში, რაც სიკვდილის ბოლო წამამდე ვერ მოინელა უკვე ლოგინად ჩავარდნილმა და აბსოლუტურად დაბრმავებულმა ქალმა. შვილი გასჩენია, გოგონა, ლამაზი ყოფილა, შავგვრემანი, დაბადებისთანავე იტირა კიდეც, დედას წესიერად არც დაანახეს, გაახვიეს ჩვრებში და გაიყვანეს. პალატაში ყველა დედას მიუყვანეს ნაშიერი, მაგრამ ამას არა, იკითხა, მრავალჯერ დასჭირდა შეკითხვის გამეორება,თუ სად იყო გოგონა და უთხრეს, მაშინვე მოკვდა და დავმარხეთო. ადგილი მაჩვენეთო, იკითხა ნათლიამ და დაემუქრნენ, – ჭკვიანად იყავი, თუ თავი გიყვარსო, – ამგვარად დაადუმეს. დრო გაჩერდა სოფიოსთვის, ცოტაც და დარდი მოკლავდა, მაგრამ  ბანაკის რადიოში დიქტორმა გამოაცხადა, რომ ბელადი, იოსებ სტალინი გარდაიცვალა. ყველანი გავშეშდით და ავქვითინდითო. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება წამართვეს, ოჯახი თავზე დამამხეს, დამაბრალეს რა, თავადაც არ ვიცოდი,  მაინც შემეცოდა სტალინი. მერე გაგვათავისუფლეს და წამოვედი სამშობლოშიო, მაგრამ არ ვიცოდი, ვის მივდგომოდი, არავის შეწუხება არ მწადდა და თან მეშინოდა ჩემი სტუმრობით ვინმეს რამე არ დაშავებოდაო. ცოტახნით თავშესაფარში დაუბინავებიათ თბილისში, როგორც რეაბილიტირებული პატიმარი, შემდგომ თავის დასთან ეკატერინესთან ერთად იმ შენობაში მიუციათ ბინა, რომელშიც მამაჩემის დედ-მამა ცხოვრობდა. ბებიაჩემს დაუმეგობრდნენ სოფიოც და ეკატერინეც. მრავალი წლის შემდგომ  გავჩნდი მე, პატარა, ხუჭუჭა გოგონა, საშა ბებიას საყვარელი შვილიშვილი, ჩემმა ნათლიამ, სანამ ქაშუეთის ტაძარში მომნათლავდა, რამდენიმე დღისა გულში ჩამიკრა და ჩუმად თქვა: – პატარავ, შენ ჩემი გოგოც იქნები, გპირდებიო.

ასეც მოხდა, ვინაიდან, რომ ვიზრდებოდი, უფრო დ აუფრო უმტკიცდებოდა განცდა იმისა, რომ მის შვილს ვგავდი და რაც მეტად ვიზრდებოდი და ვქალდებოდი, იმ საოცნებო გოგონას ვემსგავსებოდი გარეგნულად, როგორადაც დედას თავისი პირმშო დიდობაში წარმოედგინა.

– აი, რატომ მიყვარხარ, თიკო, განსაკუთრებულად, შენში ჩემს დაკარგულ შვილს ვხედავ და ვბედნიერდები ამით, არ ვიტყვი, რომ მოკვდა, არ მჯერა და მიტომ. ვფიქრობ, ჩვენი კლინიკის მთავარმა უშვილო ექიმმა იშვილა, ვინაიდან, ჩემი მშობიარობიდან რამდენიმე  დღეში ცოლთან ერთად გაემგზავრა მოსკოვს, ჩემი შვილიც წაიყვანეს, ასე მგონია, სულ იმაზე ლაპარაკობდა, ავიყვან ვინმე კარგ გოგონას, კეთილშობილი სისხლისას, გავზრდი, თავს ვანაცვალებო.    

ექიმის მეუღლე სვეტლანა ჩემთან მეგობრობდა და ისე წავიდნენ, არც კი დამშვიდობებიან.

– ნათლი, იქნებ უფლება არ მისცეს?

– არა, ჩემთან მათზე ლაპარაკს ერიდებოდნენ, ექიმმა ალექსეიმ და სვეტლანამ შვილი წამართვეს და გაქრნენ, ასეა.- გუცა ნათლიამ იმგვარად გამიღიმა, საკუთარ დედასაც რომ არ გამოსვლია… ეს ღიმილი იყო ხორცშესხმული სიყვარული, ეს ტუჩები თითქოს ლაპარაკობდნენ, თუ როგორ ვუყვარდით, ნათლიას თვალები კი მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი მისი იმედი, სიხარული, ცხოვრების აზრი.

იმის მაგივრად, რომ ჩავხუტებოდი ნათლიას, თავი ჩავქინდრე, წამოვხტი და გავიქეცი ზლუქუნ-ზლუქუნით, თავს პირობა მივეცი, რომ სადაც უნდა წავსულიყავი, მაინც მის გვერდით ვიქნებოდი, ავად თუ კარგად ვცდილობდი ამას. საქმე ისაა, რომ როცა გავთხოვდი, ჩემს მეუღლესაც შეაყვარა თავი და  დედამთილსაც, როცა მშობლებთან მივდიოდი, უფრო მეტ დროს მასთან ვატარებდი.

ის თითქოს ჩემგან შვილიშვილს ელოდა, კანკალებდა, მუცელზე მეფერებოდა და ნატრობდა, ნეტა  გოგონა გაჩნდესო.

– თიკო დეიდა!-  შემომძახა კარს უკან რაფაელემ და ახლანდელ დროში დამაბრუნა.

– ჰოოუ! – შევეხმიანე მეც.

– თითის დაჭერა დაგავიწყდათ თუ ცუდად ხართ!

– კარგად ვარ საყვარელო ბაიავ, გამიტკბა აქ ყოფნა.

– გამოდით, უნდა გასაუზმოთ, საქმე მაქვს, პლანეტა უნდა დავასუფთავო!

გამეღიმა და ავმოძრავდი. ჩავიცვი ჩემი ახალი, შავკოპლებიანი მდოგვისფერი კაბა და

გავხალისდი, კარი გავაღე. დოინჯშემორტყმული რაფაელე ინტერესით მათვალიერებდა.

ფუმფულა ხელი ხელზე მომკიდა და სასტუმრო ოთახში გამიყვანა. მრგვალ, თეთრ

სუფრაგადაფარებულ მაგიდასთან დამსვა. ყველაფერი თეთრი იყო, კედლები, ავეჯი, სკამები.

– დამელოდე, მოვალ! – მითხრა და ოთახიდან გაცუნცულდა, გული გამითბა და იმაზე ფიქრი დავიწყე თუ რით და როგორ გამიმასპინძლდებოდა.

გამოჩნდა უზარმაზარი თეფშით ხელში, რომელზეც ასევე პატარა თეფში იდგა, ბევრი ნუში ეყარა ზედ, ასევე იდგა უზარმაზარი შუშის ჭიქა, რომელშიც ცოცხალი ციტრუსის ახლად გამოწურული წვენი ესხა.

– ეს რა არის? – ვკითხე რაფაელეს.

ბიჭუნამ, რომელიც მაგიდაზე ოდნავ მაღალი იყო თეფში ცხვირწინ დამიდგა.

– ესაა ნუში, აგრეთვე ფორთოხლისა და გრეიფრუტის წვენი.

– ყავა მინდა, რაფაელე.

– არ შეიძლება, ჯერ ისევ ავად ხარ. აბა მაჯებზე დაიხედე.

– უი, წურბელების ნაკბენი გამქრალა.

– ცოტა გეტყობა შუბლზე, მაგრამ 2 საათში აღარც ეგ გექნებათ! – თქვა და გაიქცა, სავარაუდოდ, პლანეტის დასასუფთავებლად.

საუზმე ამგვარი კომბინაციით არასდროს მიმირთმევია, უზომოდ გემრიელად მომეჩვენა, თანაც მხნედ ვიგრძენი თავი, ოღონდ, არ ვიცოდი  რა მექნა, რა მეკეთებინა, ფანჯარასთან მივედი, რაფაელეს ცოცხი ეკავა და ეზოს გვიდა.

– რაფაელე, გმადლობ საუზმისთვის.

ბიჭუნა შეჩერდა, ამომხედა და გამიღიმა, თითქოს მლოცავდა კიდეც მადლიერებისთვის.

– მე რა გავაკეთო, რაფაელე?

– გამოდით გარეთ და გაისეირნეთ, სადაც  უნდა წახვიდეთ, სახლს ყველა მხრიდან დაინახავთ და მოაგნებთ.

– კეთილი, – ხალისიანად ვუპასუხე და გავედი გარეთ. ასე დაიწყო ჩემი პირველი დღე პატარა პლანეტაზე.

ყვითელი გველი

გავიარ-გამოვიარე, თითქოს დედამიწაზე დავდიოდი ლამაზ, მოვლილ პარკში, ნიავი მელამუნებოდა სახეზე, ირხეოდა იასამნის ყვავილები, ტბის ნაპირებს მივუახლოვდი  და მოშორებით ელია დავინახე, უამრავ, ბრტყელ ნიჟარასთან მჯდარი, საქმიანობდა, ოსტატურად ხსნიდა ნიჟარებს, იქიდან რაღაცებს იღებდა და წითელი ფერის დიდ თასში ყრიდა. მოკლედ, მუყაით ბავშვებთან აღმოვჩნდი, მათე ბიჭი არსად ჩანდა, დაღლა ვიგრძენი და მზის სხივებით გამთბარ კენჭებშერეულ ქვიშაზე დავჯექი, მესიამოვნა, ავიღე კენჭები და დავიწყე გართობა, ტბაში ვისროდი პაწია ქვებს და მიხაროდა. უცბად, ტბიდან უზარმაზარი ყვითელი შლანგი გამოსრიალდა და თავი წამოწია, დედა, გველი იყო, უზარმაზარი თავითა  და მუქი, ყვითელი თვალებით, თავისი ორკაპა ენა გამოყო და უკანვე შეაბრუნა, უზომოდ შემეშინდა, ელიასკენ გავიხედე, ბავშვის დაცვის სურვილი გამიჩნდა, თუნდაც ეკბინა ჩემთვის,  არ დავეძებდი, ოღონდ, ელია გამეფრთხილებინა,  მაგრამ ვერ ვინძრეოდი, იმგვარი მაგიური თვალებით ჩამაშტერდა.

– რაო ქალბატონო! – ღვარძლიანად მითხრა ისე, რომ პირი არც გაუნძრევია, ეს უფრო თავისი ფიქრის გადმოცემას გავდა, პირდაპირ ჩემს თავში შეიჭრა მისი სისინა ხმა და ღვარძლიანი ტონი.

– ღმერთო, შენ მიშველე! – წამოვიძახე უფრო მეტად შეშინებულმა, –  გველი მელაპარაკება, რას მოვესწარი ამას!

სრიალით მომიახლოვდა და უკეთ დამაკვირდა, ისევ ფიქრი გადმომცა,- რაო, სულელო ქალო, შენც ფიქრობ რომ ვუკბინე?

– არ ვიცი ვის უკბინე, მაგრამ მე არ მიკბინო, რა!

– არ მიკბენია პრინცისთვის, გასაგებია?

– რომელი პრინცისთვის, მე არაფერი ვიცი!

– ჰმ, დავიჯერო?! არ იცი და ახლა ხომ გაიგე!

თავი დავუქნიე, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ პრინცზე მეუბნებოდა. გასრიალება დააპირა, მაგრამ უცბად ისევ შემოატრიალა თავისი გველური თავი.

– გატყობ,  მართლა არ იცი. არ მიკბენია პრინცისთვის, პირიქით, დავეხმარე და აქ ამოვყევი, რომ დამეცვა, ცუდი სანახავი იყო, თან ისეთი უსუსური და საცოდავი…

– ვისზე მეუბნები, ვერ ვხვდები!!! – შიშისგან ცრემლები გადმომცვივდა.

– შენ გავხარ იმას, მასსავით ტირი. როგორ, პატარა პრინცი, წითელი მოლაპარაკე ვარდი რომ ჰქონდა არ იცი?!

თავი გავაქნიე.

– როგორ, უზადო მომთვინიერებელი იყო, მისი ამბავი ყველას მოეხსენებოდა, მასზე თუ არაფერი  წაუკითხავთ, გაუგიათ მაინც… ლენჩი ხარ?!

შიშს ბრაზიც დაემატა,  შევიჭმუხნე! პატარა კენჭს წავავლე ხელი, რომ ამ ყვითელი არსებისთვის მესროლა.

– ასე რატომ გეშინია ჩემი!

– მე საიდანაც ვარ, იქ ყველას ეშინია შენნაირების, გველი ხარ ბოლოსდაბოლოს, თან მელაპარაკები, ისე, რომ პირსაც არ ამოძრავებ და, როგორ ფიქრობ, არ შემეშინდება?!

– გასაგებია, მაგრამ არც შიშის დროს უნდა გაგეფანტოს გონება. იცი, რას გეტყვი?…

– რას!

– მეცოდები, ალბათ, ქალი რომ ხარ, იმიტომაც ხარ ჩერჩეტი!

– სიტყვები შეარჩიე!!!

– უჰ, გული არ გამიხეთქო რა! – წაისისინა და ელიას გახედა, – აი, ეს პატარა და ის ორიც, პრინცის მემკვიდრეები არიან, ამათ დაუტოვა პლანეტა. – თქვა და დამაკვირდა. გონება გამინათდა, – ვისზე ამბობ, ეგზიუპერის პრინცზე,კეთილი მფრინავი მწერალი რომ იყო და პატარა უცხო პლანეტელ პრინცს, რომ შეხვდა?!

– დიახ!

– კი, მაგრამ, ის პლანეტა ხომ ძალიან პატარა იყო.

გველმა კვლავ ელიასკენ გაიხედა და თავი ისე მაღლა ასწია, ქვიშაში ჩარჭობილ ჯოხს დაემსგავსა. მეც ელიას გავხედე. ხელი დამიქნია, მომესალმა უცნაურად. საკუთარ ხელის გულს აკოცა, მერე, ხელის მტევანი ჩემსკენ მომართა და ნაკოცნი  გამომიგზავნა. შიშმა გადამიარა. ელიამ რაღაც ანიშნა გველს, იმანაც თავი დაუქნია და ქვიშაზე გაწვა, გაიწელა, გაიზმორა.

– იცნობ ელიას?

– ყველას ვიცნობ აქ, ელია ჩემი მეგობარია, კარგი რძით მიმასპინძლდება ხოლმე, მარწყვსაც მაჭმევს, რა გემრიელია, არა?

– ჰო, მეც მიყვარს, მაგრამ ჟოლო და მაყვალი მირჩევნია.

– ჟოლო ვიცი და მაყვალი არა, ისიც წითელია?

– არა, ისეთი მუქია, შავი გეგონება, რომ ჩაკბეჩ მიხვდები,  სინამდვილეში არაა წითელი, რაღაცნაირი ფერია.

– ჰო, და არც მე ვარ ისეთი ბოროტი, ბავშვისთვის რომ მეკბინა.

ძალიან ახლოს მოსრიალდა, – გადამისვი თავზე ხელი.

ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი.

– რა იყო, თავზე ხელის გადასმა გენანება ჩემთვის? ხომ აღარ გეშინია, თუ გეზიზღები მაინც!

– არ მეზიზღები, ისევ მეშინია.

გველს თითქოს გაეღიმა.

– გველო!

– კოკო მქვია.

– უკაცრავად, კოკო, კი მაგრამ, პრინცის პლანეტა ხომ ძალიან პაწია იყო.

– იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გაიზარდა.

– ეს როგორ…

პასუხი არ გამცა, სულ სხვა რამ შემომთავაზა, – გინდა შიშები მოგიხსნა? უშიშარი გახდები.

– არა, მირჩევნია მშიშარა ვიყო.

– რატომ?! – გაიკვირვა ქვეწარმავალმა.

– მერე სიფრთხილის გრძნობა რომ დავკარგო, უკეთესად დავიღუპები.

– მე შენ უკვე მოგათვინიერე თიკო!

– მეე?!  არა მგონია!

– კი და ვალდებული ვარ ვიზრუნო შენზე. სიფრთხილეს არ დაკარგავ. შიშებს ამოგაცლი.

– მეტკინება?

– არა! არც კი დაგანახებ, როგორ ვიზამ ამას. დაწექი ქვიშაზე, დაველოდები, როდის მოგერევა ძილი და შევუდგები საქმეს.

დავწექი და თვალები დავხუჭე, ეჭვიანობა მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა, არადა, არ მერეოდა ძილი. მეშინოდა, კოკოს არ ეკბინა და გვამად არ ვქცეულიყავი.

– ისევ გეშინია? – ჩამჩურჩულა ქვეწარმავალმა.

– იქით გაიწიე, მეშინია, აბა რა! – წამოვიკვნესე სასოწარკვეთილმა.

– ხომ იცი, არ მიკბენია პატარა პრინცისთვის, მე ხომ ამ ბიჭების მეგობარი ვარ.

– არ ვიცი, იქნებ მატყუებ. – ვუპასუხე თვალდახუჭულმა. გვერდზე გახედვისაც კი მეშინოდა, არადა, მზის სხივის სიმხურვალემ შემაწუხა.

– მატყუარა არ ვარ. მზე გიახლოვდება, დროა დაიძინო, თავი ოდნავ ასწიე, რომ შენი კეფის ქვეშ მოვექცე.

დავემორჩილე, – ასე?

– ჰო! – მიპასუხა ყვითელმა გველმა და მართლა ჩემი თავის ქვეშ მოექცა. ცივზე ცივი იყო მისი სხეული.

– გამთენიისას შენ გქონდა მოგონება ხომ?

– დიახ.

– შეეცადე გაიხსენო, ვინ ან რამ შეგაშინა ღრმა ბავშვობაში, ეს შიში კარგად გახსოვს, მიაგენი სათავეს და გპირდები, ყველაფერი კარგად იქნება.

– კაი, ჩემო ბატონო!

– აი, ისე მოგათვინიერე, რომ უკვე მომწონხარ, – მიპასუხა ქვეწარმავალმა.

თითქოს მოსწავლე ვიყავი და შემაქეს, გავყევი ახლო წარსულის მოგონებებს. პირველი, ის იყო, რომ მარტოობის მეშინოდა ყოველთვის, რატომ?! ნუთუ იმიტომ, რომ არასდროს მარტოს არ მძინებია, თავიდან  მშობლების გვერდით ვიძინებდი ბედნიერად, მოგვიანებით  საშა ბებიის საწოლი მექცა ტკბილ ნავსაყუდელად,  გვერდიგვერდ მიტყუპულებს  გვეძინა მშვიდად, სიზმრების გარეშე. ბებო რომ გაფრინდა ზეცაში, მეზობელმა ძაღლის ლეკვი მომიყვანა, ბაჩო და იმ ღამესვე საწოლთან სკამი მოვადგი, მამაჩემის ფეხსაცმელების უზარმაზარ ყუთში დედას მიერ შეკერილი ბაჩოსთვის განკუთვნილი პაწია მატყლის ლეიბი ჩავაფინე, ჩავსვი შიგნით, დავდგი ყუთი სკამზე და ისე დავიძინეთ. ღამით, გადმოსულა ყუთიდან და პირდაპირ ჩემს გულმკერდზე მოკალათებულა, ძალიან ტკბილად მეძინა ბაჩოს წყალობით. იმ ღამის შემდეგ, სულ ერთად ვიყავით, სანამ არ გავთხოვდი. გამოჩნდა თემური ჩემს ცხოვრებაში, წამიყვანა სახლში და მერე დიდხანს, ყოველ ღამით, ახლა უკვე მე მიხუტებდა მკერდში და ასე ვიძინებდით, თითქოს ბაჩო გავხდი , რა თქმა უნდა, ამას ხუმრობით ვამბობ, მოგვიანებით,  ოთახს ჩვენი გოგონა ნანიკო შემოუერთდა, მაგრამ მას თავის საწოლში ეძინა, მამამისმა არ დაუშვა,  ჩვენს შორის დაგვეწვინა. ამბობდა, არ შეიძლება ბავშვს ეძინოს მშობლებთან, შენნაირი მშიშარა გაიზრდებაო. მერე მომიკვდა ჩემი თემური, დამტოვა პირისპირ დაუნდობელ ცხოვრებასთან, მარტო, შვილების წინაშე და შემეშინდა, თავიდან ქუჩაში გასვლის მეშინოდა, დავძლიე, ღამე სიარულის უფრო მეტად, თუნდაც მარტო არ ვყოფილიყავი, ესეც დავძლიე მეტნაკლებად. მერე იყო და, შვილებთან ერთად ქალაქიდან გასვლის და დასასვენებლად წასვლის მეშინოდა. მე გავხდი ყველას მთავარი პატრონი და მომვლელი, მზრუნველი ადამიანი და ამის მეშინოდა. მერე დავფიქრდი, მივხვდი, დასრულდა  დრო, როცა ჩემზე ზრუნავდნენ ახლობელი ადამიანები, ახლა ჩემი ჯერი დადგა. წლები გავიდა, ორმოცდაათს გადავცდი, სიბერის, უძლურების მეშინია, ახლა, ამას სიკვდილი მიჯობს! მოიცა, მოიცა ყვითელო გველო, რაღაც კედელია ჩემს წინ, ნეტა სად მივდივარ?

– გეშინია? – შემეხმიანა კოკო.

– კი, მეშინია, დამეხმარე!

– გეხმარები, ოღონდ შენ წინ წადი!!! მიდი, მხნედ წადი!

– მეშინია კოკო, თითქოს უფსკრულისკენ ვეშვები და ეს- ესაა დავენარცხები.

– ეს წინააღმდეგობაა, არ სურს შენს ტვინს ამ ამბის გახსენება, არ შედრკე! -გამამხნევა კოკომ. არადა, ვერ ვხედავ, სად ვარ, რომელ უფსკრულში მივექანები, წარმოდგენა არ მაქვს სად, მაგრამ გული არ მიფრიალებს, მე ვფიქრობ, ვფიქრობ და თან ლამაზ პეიზაჟებს შევცქერი…

გურიაში ვარ, პატარა ვარ და ლაღი, ახალი ჩასულები ვართ სოფელ საჭამიასერში მე, საშა ბებია და მისი ძმა მამია, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე, ისაა ჩემი ერთადერთი ბაბუ, ვინაიდან ბებიაჩემების ქმრები ჩემს გაჩენამდე გარდაიცვალნენ. მოდიან კეთილი და ხუმარა გურულები, ფერმკრთალი, ქალაქიდან ჩამოყვანილი ბაღანას სანახავად და მოაქვთ ყველაფერი ის, რაც ღირებულად მიჩნიათ, რომ მერე ბებიამ და ბაბუმ აჭამონ გალეულ ბავშვს, ესაა ხილი, სიმინდის ტაროები,კვახები, ნაირნირი სუნელები, რომ მე გემრიელად შეზავებული საკვები ხალისიანად ვჭამო, გურული ლობიო და, რაც მთავარია, – თაფლი.

სოფლის ლამაზ სახლში დიდი ბები, მარო ბებია, საშა და მამიას დედა, უსაშველოდ ხანდაზმული, დაყრუებული, მაგრამ უზომოდ ბედნიერი, მე ხომ შვილის-შვილის-შვილი ვარ, როგორც გურულები იტყვიან, გაფსხრეკილი, ვერცხლისწყალივით ბზრიალა, ხუჭუჭა ბაღანა, რომელიც მთელ სოფელს უყვარს.

რა ხდება  ამ სახლში, სადაც ვისვენებ? ბევრი არაფერი,  უზარმაზარი მწვანე მდელოა  ეზოში, შეგიძლია იკოტრიალო მარო ბებიას მურა ძაღლთან ერთად, მიირთვათ ეზოში მდგარი მსხლის ხის ძირს ნაყარი ნაყოფი. როგორ მიხარია, 1973 წელია, წელს პირველად წავალ ნულ კლასში, კითხვა ვიცი, ათის ფარგლებში ანგარიშიც.

მარო ბებია წელში მოხრილი ზის  და კვნესის, თან მიყურებს, ხანაც ტირის, ხან ორივეს ერთად აკეთებს და ამბობს, – შენ გენაცვალოს ბებია!

საშა ბებია ფუსფუსებს, რეცხავს, აშრობს, აუთოვებს, ხან კერძს ამზადებს, ხანაც ქათამს აცლის თავს, ზოგჯერ ინდაურსაც მიაპროწიალებს დასაკლავად, რომ გემრიელი საცივი გააკეთოს.

საღამოსკენ, ბებიას კლასელები  და სიყრმის მეგობრები მოდიან და მურას დაყეფების შესაძლებლობა ეძლევა, ხანაც ჩვენ გადავდივართ სტუმრად ვინმესთან, იქ ჩემი ტოლი ბავშვები ჰყავთ  და ვთამაშობთ სახლობანას, ექიმობანას, დედობანას, ოჯახობანას… კარგია, რა სილაღეა, მშვენიერია! ვხედავ, განვიცდი და ვაანალიზებ საკუთარ ბედნიერებას. დედ-მამა სულაც არ მენატრება, ვიცი, ეს დღეები ჩაივლის და  საჭამიასერში კიდევ დიდხანს ვერ ჩამოვალ იქამდე, სანამ არ დათბება.

მამია ბაბუა არ ჩანს, მთელი დღე მეორე სართულზე უზის სამუშაო მაგიდას. სულ წერს, წერს, ან ასპირანტების და ხარისხის მაძიებლების ნაშრომებს კითხულობს. საღამოს იკრიბება მთელი ოჯახი და აქ იწყება ზენიტი ჩემი ბედნიერებისა. მკაცრი პროფესორი უცებ ბავშვად იქცევა ხოლმე და ჩემთან ერთად ეზოში ციცინათელებს დასდევს დასაჭერად.

მამია ბაბუა დილით სადღაც წავიდა და მურიაც გაჰყვა. ჩემმა  ყაზირლებმა, როგორც ბებია უწოდებდა იმ ბავშვებს, ვისთანაც ერთად ვთამაშობდი, რაღაც დაიგვიანეს. მარო ბებია ლოგინში ჩაწოლილიყო, ჩასძინებოდა, ჩემი საშა ბებია ვერ ვიპოვე  ეზოში, სამაგიეროდ, ვეფხვივით ლამაზ კნუტს წავაწყდი. ვერაფრით მოვეფერე, გარბოდა და მემალებოდა, ვიპოვიდი, ისევ გამირბოდა, განა ეშინოდა, მეთამაშებოდა. მივყევი ფისუნიას მივყევი და  ხის ძველ სახლთან მივედი, სადაც საქათმე იყო მოწყობილი, სანამ ახალს აშენებდნენ, თურმე აქ ცხოვრობდნენ  ჩემი წინაპრები, კოხტა ოდა სახლი იყო, ერთსართულიანი. სახლი ახალი კრამიტით გადაეხურათ. ძველი კრამიტები  იქვე ეწყო კიბესთან ახლოს, ქათმები სადღაც დაბორიალებდნენ, საქათმის კარი ღია იყო, შევიხედე, იქნებ ფისო დავინახო თქო, მაგრამ იქ აშკარად არ იყო.

 სისინის ხმა შემომესმა, კრამიტებიდან მოდიოდა, კონკრეტულად რომელიღაცა კრამიტიდან, მივედი და სათითაოდ დავიწყე მათი აწევა, რატომღაც მეგონა, რომ რომელიმეში ვეფხვის მსგავსი ფისო იქნებოდა შემძვრალი, მაგრამ ერთერთი კრამიტის ქვეშ, შავი, ლაპლაპა არსება დამხვდა, დამაინტერესა  რა იყო, თავი  ასწია და დამაშტერდა, მომეწონა. დიდხანს ვუყურეთ ერთმანეთს. დაველაპარაკე,  ლამაზი, ყავისფერი თვალები ჰქონდა, ხმას არ მცემდა, გაოცებულივით, ხან მარცხნივ გადააქანებდა თავს, ხან მარჯნივ, მერე წვრილი, ორკაპიანი ენაც გამომიყო, მეც გამოვუყავი, რატომღაც ბალახისმჭამელ არსებად აღვიქვი, ირგვლივ კიდე შავი მიწისა და ქათმის სკლინტის მეტი არაფერი იყო, მივედი რაღაც ხეებთან, ბუჩქებთან, დავგლიჯე ფოთლები, მივიტანე ამ არსებასთან და თავზე დავაყარე, ამომხედა გაოცებულმა, მერე ფოთოლდაფენილ თავის კუდს ნაზად ღაბაბი დაადო და გაირინდა, ამ დროს ბებიას ძახილი შემომესმა, – ნენააა, სად ხარ თიკუნია, მოი აქანე გოგო, ბალი დაგიკრიფე ბებია, მოი, მოიიი!

გავიქეცი მთავარი სახლისკენ, შევვარდი  სამზარეულოში და ბებიას ვეუბნები,-ბებია, იქ, საქათმესთან ისეთი ლამაზი ბაყაყია და არაფერს ჭამს, მიყურებს და მიყურებს გაოცებული, თითქოს ადამიანი არ ყავდეს დანახული.

– საა მაი რაცხა ბებია!

– იქ, ერთერთი კრამიტის ქვეშ ვიპოვე.

– შენ, აი, ბალი ჭამე აგერ, წევიდე  ერთი ვნახო, რა არის აქ შემომძვრალი!..

ერთი ბალი მოვაძრე კუნწულას, მაგრამ ვინ გაცალა დაგემოვნება, – დიდუუუუ! დაიკივლა საშა ბებიამ, – მამხედეთ ვინცხამ, უშველებელი გველია აქანეე!!!

სიტყვა გველი რომ გავიგონე, საშინლად შემეშინდა, მაგიდის ქვეშ შევძვერი და მომეჩვენა, რომ გველმა ჩაისრიალა და სალტოც კი გააკეთა. დიდხანს ვიჯექი მაგიდის ქვეშ და საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა, შიშისგან ცივმა ოფლმა დამასხა და ავქოშინდი, თითქოს ბევრი ვირბინე და დავიღალეო. ყურებიც ამიხმაურდა, ფეხები და ხელები დამიბუჟდა.

ეგრეთ წოდებულმა ყაზირლებმა გამომათრიეს მაგიდის ქვეშიდან, აქეთ მე ვიყავი ცუდად,  იქით, საქათმესთან ბებია, აზრზე რომ მოვედი, ძველი სახლისკენ გავეშურე, ბებია საზურგიან სკამზე დაესვათ, სახეზე წყალს აპკურებდნენ და გაზეთს უფრიალებდნენ, თან ამშვიდებდნენ,- რაია, საშაიე, რამხელა ამბავი ატეხე, ჩეიარა ყორიფელმა და აი ბაღანეც შეიბრალე, შეხედე რაფერი გაფითრებულია!!!
– მოი ბებია, არ შეგეშინდეს, მოი ჩაგიხუტო ბებია, ჩემო ანგელოზო, ე, ბებია, შეხედე რამხელაა… – თითი გაიშვირა ბებიამ ვიღაც მაღალი კაცისკენ, მხარზე ბარი ჰქონდა გადებული და ზედ იყო გადაკიდებული თავგაჭეჭყილი შავი გველი.

– ამას უნდოდა ჩემი ბაღანას მოკვლა?! – ისევ აქვითინდა საშა ბებია.

შემეშინდა და მეც ავტირდი, თან გავიძახოდი, – არ უნდოდა ჩემი კბენა, მხოლოდ მიყურებდა… მიყურებდა… კეთილი იყო! – მაგრამ, არავინ დამიჯერა, მეფუტკრე ილიკო ბაბუამ მითხრა, – კაი ახლა ბაბუ, რასაა რომ ამბობ, გველის სიკეთე ვის გოუგონია ქვეყანაზე, მაგაზე დოუნდობელი  აფერი მეგულება დედამიწის ზურგზე და ქვეშეც, ბაბუა, იმისთანა კბენა იცის, გაგბშიკავს სამუდამოდ, გეშინოდეს აწი და საცხა წააწყდები გეერიდე, ბაბუა!

 მამია ბაბუაც მოვიდა, მომხდარის შესახებ რომ უთხრეს   გათეთრდა ბამბისფრად და მერე თითქოს საერთოდ გაუფერულდა და გაქრა. როცა დაღამდა და ბებიამ ლოგინში ჩამაწვინა, გვერდით მომიწვა და მკითხა, – შეგეშინდა?

– კი, ბაბუა, ძალიან.

– თავიდანვე შეგეშინდა თუ მერე, ბებიაშენი ხომ მოარული პანიკაა!

– გვიან შემეშინდა, სამზარეულოში.

– ბებიაშენს შეუშინებიხარ.

წამოვჯექი და ავტირდი.

– ახლა რაღა გატირებს?!

– ის მატირებს, რომ ჩემი გულისთვის მოკლეს! ისე საშინლად იკივლა ბებიამ და იმან მაინც არ უკბინა.

– გოგო, ბებიაშენის კივილს კაცის გულის გახეთქვა შეუძლია და გველის პატარა გული გაუძლებდა? რა გგონია, გველებმაც იციან შიში.

– ვერ ვიძინებ.

მამია ბაბუა ისევ გვერდით მომიწვა და მითხრა,-გინდა ზურგი მოგფხანო? დაძინებაში დაგეხმარება და ხვალ, სანამ ციცინათელებს დავიჭერთ და მერე გავუშვებთ, დილით მდინარესთან მივიდეთ და ვითევზაოთ მე და შენ, კაი?

– კაი.

ბაბუა დიდხანს მფხანდა ზურგს, მერე თავზე მეფერებოდა, ჩამეძინა და კისერზე მაკოცა, ის კოცნა ახლაც მახსოვს.

არ შედგა ჩვენი თევზაობა, ვინაიდან, დილით დედამ სოფლის ფოსტაში დარეკა, დედამთილთან და ჩემთან დალაპარაკება უნდოდა. ბებია წავიდა ფოსტაში და რძალს სიტყვასიტყვით ჩაუკაკლა ამბავი ეზოში შემოპარულ გველზე. დედაჩემიც აღელდა, მოჰყვა ქოთქოთსა და ვაივიშს, აუ, გული მიგრძნობდა, ცუდი სიზმარი ვნახეო. ამ საუბრის მერე დილითვე დამავლო ბებიამ ხელი და თბილისში გამომაქანა. მამია ბაბუა გაოცებული დარჩა, გულით მოინდომა, სოფელში დავეტოვებინეთ. დას საყვედურობდა, – რა ფხუკიანი ხარ, ქალო, სად მიაპროწიალებ ბავშვს, გაუშვი ხელი!

ბებია კი პასუხობდა, – აქანე გველებია, ძამია, და მეშინია მე!

– ქალო, გველები ყველგან არიან…

– ნუ მასწავლი ჭკუას, გეიწი, იქით!…

– აჰა, გზა თავისუფალია! – განზე გადგა ბაბუა.

– აპა, ახლა შენ იცი მამია, მიხედე დედას კარგად!

– უიმეეე! – ბუზღუნით გატრიალდა მამია. 

თვალები გავახილე, გველი თავზე შემომხვეოდა, თავადაც დასძინებოდა. ამოვიკვნესე და ისიც შემეხმიანა, – აბა, როგორაა საქმე?

– მე  მგონი, კარგად, გმადლობ.

ნელნელა, ზლაზვნით მომაშორა თავიდან თავისი კუნთიანი სხეული, – უნდა წამოჯდე, მე არ მაქვს ხელები, რომ დაგეხმარო.

წამოვჯექი, – კიდევ ერთხელ, გმადლობ!

– კარგი, არაა საჭირო ამდენი მადლობის თქმა, წავალ განვიტვირთები.-თქვა და ტბაში შესაცურად გაემზადა.

– მოიცა! – შევაჩერე, მუხლებზე დაჩოქილმა ყვითელ გველს თავზე ხელი გადავუსვი, დავიხარე და ვაკოცე კიდეც, აღარც მეშინოდა და აღარც მეზიზღებოდა.

– ძალიან თბილი ხარ, მეტიც, ცხელი, მადლობა შენ! -მითხრა და ტბაში შესრიალდა, დიდხანს იყო იქ, ხანაც ყვინთავდა, ხანაც ტბის ზედაპირზე წვებოდა და ნებივრობდა,  გამობრუნდა და იქვე მჯდომს მითხრა, – მივიდეთ ელიასთან.

ზუზუ

მივუახლოვდით ელიას, პირქვე იწვა ქვიშაზე და ეძინა, დაიღალა ბავშვი შრომით, წითელ თასში ჩავიხედე და გავვოცდი, ვარდისფერი მრგვალი ფორმის მარგალიტებით იყო სავსე. აი, თურმე რატომ ხსნიდა ბრტყელ, დახურულ ნიჟარებს, იქ მარგალიტები იმალებოდნენ. მარგალიტების მაძიებელი ბიჭუნა ყოფილა.

– ეს ამათი ბიზნესია, – გამახსენდა კოკოს ნათქვამი, გავხედე, ელიას თავთან დახვეულიყო და თავისი  წაწვეტებული კუდის  წვერს დასცქეროდა. გამეღიმა, ადრე რომ მენახა ეს სურათი, გულიც გამისკდებოდა, მაგრამ არ შემეშინდა, ნამდვილად ვიცოდი, რომ ელიას არაფერს დაუშავებდა. მძინარე ანგელოზს ჰგავდა, ოქროსფერკულულებიანს, მხოლოდ კოცნა და საათობით ცქერა თუ მოუნდებოდა ნებისმიერ არსებას, ვერანაირად გაიმეტებდი, მშიერი მხეციც კი შეჩერდებოდა ამ მძინარე საყვარელი არსების წინაშე და გული სიკეთით აევსებოდა. ისეთი უწყინარი, ნაზი და დაუცველი ჩანდა…

– წავალ მე ჩემ სახლში, დავიღალე, ნახვამდის თიკო.

– დაისვენე, დროებით!

– რაა?! – გამოუშვა შეკითხვა გაოცებულმა.

– დროებით მეთქი, ვიმედოვნებ, პირველი და უკანასკნელი არაა ჩვენი შეხვედრა, საუბარი…

– ააა, ჰო, ჰო, რა თქმა უნდა.

ერთობ ნასიამოვნებმა ჩამისრიალა და გამომხედა. ისევ გადავუსვი თავზე ხელი და გავუღიმე.

– რა კარგი ხარ. – გაიფიქრა და ეს ფიქრიც მოვიდა ჩემამდე.

დავრჩი პატარა ელიას გვერდით და სამჯერ მზის ჩასვლას ვუყურე, ულამაზესი სანახაობა იყო, მაგრამ მაინც საიდან ამოდის მზე, მხოლოდ დაისებს რომ ვხედავ?!

პლანეტას შემოვავლე თვალი, მთის ინტერესი გამიჩნდა, ნეტა რა იყო მთის უკან ან თუნდაც წინ.

ჰორიზონტზე აგურისფერი წერტილი გამოჩნდა და თანდათან გადიდდა, წამოვდექი და დავაკვირდი, რა უნდა ყოფილიყო? სულაც არ შემშინებია, უბრალოდ დავინტერესდი, დავინახე, ჩემსკენ მორბოდა ინგლისური კოკერსპანიელის ლეკვი, ჩამოყრილი ყურებით, მრგვალი, ლამაზი თვალებით, აშკარად ჩემსკენ მორბოდა ქასქასით. მომიახლოვდა და ფეხის თითებზე დამსუნა.

– გამარჯობა!

გველი, გასაგებია, რაღაცნაირი ტელეპატიური უნარით მელაპარაკებოდა, მაგრამ ეს ლეკვი მართლა მეტყველებდა ბავშვის ხმით.

– გამარჯობა, პატარავ, – გავუღიმე, – შეიძლება ხელში აგიყვანო?

– ამიყვანე, ოღონდ ხელიდან არ გაგივარდე, მეტკინება.

– არა, რას ამბობ!

ავიყვანე და ჩავიხუტე,  მოძრავ ცხიმის გორგალს წააგავდა ნაზი ბეწვი ჰქონდა და ვარდისფერი ენა, ცხვირი ამილოკა.

– მადლობა კოცნისთვის, შეიძლება რაღაც გკითხო?

– მკითხე, ოღონდ ისევ აგლოკავ.

– რატომ იცით  ძაღლებმა ცხვირზე კოცნა?

– ეს ნიშნავს იმას, რომ გენდობი, მომწონხარ და შენი მინდა ვიყო.

– შენ არავისი ხარ?

– კი, ელიასი ვარ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ.

– რას აკეთებთ?

– დაჯექი რა, სიმაღლის მეშინია, მე კიდევ კალთაში ჩაგიჯდები და ისე ვილაპარაკოთ.

– კეთილი, ასე იყოს.

– მე ვიგრძენი, რომ გიყვარს ძაღლები.

– რატომ უნდა მძულდეთ, თქვენ ისეთი საყვარლები და კეთილშობილები ხართ…

დაიმორცხვა ლეკვმა, თითქოს გაიცინა კიდეც.

– მე რომ დაგელაპარაკე, რატომ არ გაგიკვირდა?!

– მთელი დღეა თქვენი კოკო გველი მელაპარაკებოდა და შენ როგორღა გამაკვირვებდი.

– ის არ ლაპარაკობს, თავში გიძვრება, მეშინია მაგისი.

– მეც შემეშინდა თავიდან, მაგრამ კარგი არსებაა, ბოროტი არაა, თან მე მომარჩინა, იცი?

– რა გაგიკეთა?

– უშიშარი გამხადა.

– რა კარგია, მეც მინდა შენნაირი გავხდე.

– სთხოვე და დაგეხმარება, ნამდვილი ექიმია, ადამიანი რომ ყოფილიყო, კარგი ფსიქიატრი იქნებოდა.

– ეგ უკვე გავაკეთე და არ დამეხმარა.

– რატომ?

– არ გჭირდებაო, თანაც პატარა ხარ და ვერ გაუძლებო.

– დაუჯერე რასაც გეუბნება, ის ჭკვიანია.

– მე მგონი ეზარება და იმიტომ არ მეხმარება.

– არა მგონია, ეზარებოდეს, ალბათ,   მართლა არ გჭირდება, შენ ძაღლი ხარ და ძაღლები მამაცები არიან. რას საქმიანობთ შენ და ელია?

– არ იცი?!

– არა, ჯერ კარგად არცერთ ბიჭუნას არ ვიცნობ, მეტნაკლებად მათეს და ცოტათი რაფაელეს, ელიას არა.

– ყველაზე მეტად ელია მიყვარს, ჩემი მეგობარია და ერთადაც ვმუშაობთ.

– ეგ მაინტერესებს, რას საქმიანობთ.

– მარგალიტების მოძიებაში ვეხმარები, შევცურავ ტბაში და პირით გამომაქვს ნიჟარები, ის რომ გაიღვიძებს, ისაუზმებს, მოდის და იწყებს მარგალიტების ამოღებას.

– მერე შენ რას აკეთებ?

– მე ვშრები და მივდივარ თეთრ სახლში, იქ ჯამით მხვდება ჩემი საკვები, მერე ვიძინებ. მერე ისევ ვიღვიძებ და ბაობაბების თესლების მოსაძებნად მივდივარ, რომ მომშივდება ზოგს ვჭამ კიდეც, ჩემთვის კარგია,მალე  გაზრდაში მეხმარება.

– გამახსენდა, პატარა პრინცის პლანეტაზე ბაობაბები გაჩნდნენ, რომელთაც შეეძლოთ პლანეტის დაზიანება და ბიჭუნას დედამიწიდან ბატკანის წაყვანა უნდოდა, რომ ეპოვა და შეეჭამა ბაობაბები. ბატკანი არ ცხოვრობს აქ?

– არა.

– არც არასდროს ყოფილა ნეტა?

– არა, აქ მხოლოდ ნახატია, პრინცის ოთახშია კედელზე ჩამოკიდებული.

– წავიკითხე პრინცის ამბავი და მოვიხიბლე, ბედნიერი ვიქნებოდი, რომ გამეცნო, სადაა?

– წავიდა, თავის მოლაპარაკე ვარდთან ერთად.

– რა, თქვა, სად მივდივარო!

– სამოგზაუროდ, სხვა გალაქტიკაზეო.

– და, როდის დავბრუნდებიო?

– ასე უთქვამს, აღარ დავბრუნდები, მერე ღმერთს უნდა ვესტუმრო და მასთან დავრჩეო.

– ამ ბიჭების მამაა?

– იშვილა ესენი და ამათ დაუტოვა ეს პლანეტა.

– გამოდის, რომ არც ესენი არიან ღვიძლი ძმები.

ლეკვი ამომაბობღდა და თათებით მომეხვია, ლოყაზე მკოცნიდა ვარდისფერი ენით, მეც ვკოცნიდი, რატომღაც მეგონა, რომ ბაობაბის სუნი ასდიოდა. ისეთი სუფთა და ღუნღულა იყო, რომ მისი ჩაკბეჩაც კი მომინდა.

– ჯერ მხოლოდ მათე იყო. დრო გავიდა, გაიზარდა მათე და მოწყენილ ბავშვად იქცა, ხანდახან ტიროდა კიდეც.

– და რატომ ტიროდა?!

– მარტო გრძნობდა თავს და იმიტომ. ამიტომ, პრინცმა მათე კოკოს დაუტოვა და წავიდა,  კიდევ ორი, ძალიან პატარა ბიჭი მოიყვანა, მათემ და პრინცმა გაზარდეს ესენი და მათე ამის მერე სულ იცინის და გახარებულია.

– დამავიწყდა მეკითხა, როგორ მოგმართო, რა გქვია?

– ზუზუ ვარ მე.

– ირანულ-ქართული სახელი რატომ გქვია?

– იმიტომ, რომ ქართველი ვარ.

– რანაირად, როცა ინგლისური კოკერსპანიელი ხარ.

– მასე თუ ვიმსჯელებთ, ჯერ ესპანური წარმომავლობისანი ვიყავით, მერე ინგლისელებმა ცოტათი გადაგვაკეთეს და გავხდით ინგლისურები, მაგრამ მე, საქართველოში გავჩნდი.

– ზუზუ, თუ ქართველი ხარ, აქ როგორ აღმოჩნდი?

– არ ვიცი, ეტყობა გადამაგდეს, გამიმეტეს ადამიანებმა, სადღაც დამაგდეს, ბაღათერმა მიპოვა და მომიყვანა.

– ვაა, ესეც რა ქართული სახელია, და ვინაა ეს ბაღათერი.

– ქართველი არწივია.

– ანუ, დედამიწელია?

– კი, ასეა, ძალიან მიყვარს.

– აქ ცხოვრობს?

თავი გააქნია ზუზუმ, -არა, სტუმრად მოდის ხოლმე და ბაობაბებს ვატანთ, რომ ისევ დედამიწაზე დააბრუნოს, რომ იქ აღმოცენდნენ და გაიხარონ.

ზუზუ ელიასთან მიცუნცულდა.

– არ გააღვიძო, ცოდოა.

– გავაღვიძოთ, ეყოფა ძილი.

ზუზუმ დაყნოსა. ელიას თმა, სახე, ყელი, მერე ცხვირი გაულოკა. ელიამ თვალები გაახილა, ლეკვს გაუღიმა და ნაზად, თავზე ხელი გადაუსვა.  ზუზუმ ხტუნვა დაიწყო,- ადექი, ადექი, ვითამაშოთ!

– მაცალე, გავიზმორო, და ვითამაშოთ!

„გმადლობ თიკო!“ – ჩამესმა კოკოს ხმა, ყურში კი არა, თავში.

– რისთვის!

– გავიგონე, რასაც ეუბნებოდი ზუზუს ჩემზე და გამიხარდა, დიდი ხანია, ასე არაფერი გამხარებია.

– შენ აქ იყავი, აქ ხარ?

– არა ვარ მანდ, მაგრამ სადაც ვარ, ყველგან შემიძლია მოგისმინო.

– დედამიწაზეც?

– არა, მანდ აღარაფერი მესაქმება.

– გულახდილად გეტყვი, თუ ასე ყველასი გესმის, საშიში ხარ!

– ვითომ რატომ!

– შეგწევს უნარი სხვები შენს ჭკუასა და ნებასურვილს დაუმორჩილო.

– რომც შემეძლოს, მაგას არც ვიკადრებ, და თანაც არ შემიძლია ეგ!

– აბა, მე როგორღა მომისმინე?

– შემიძლია ფიქრებით მოგიკითხო, დაგეხმარო სიტყვით, დარიგებით, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მე შენში უკვე ვიყავი, ვნახე შენი ფერი, სული, შენი გენეტიკა და იმიტომ.

– ანუ, როცა დედამიწაზე დავბრუნდები, იქ ვეღარ დამელაპარაკები ფიქრებით?

– დიახ, ასეა, ჩემო კარგო.

თავი ჩავღუნე და გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, ხანდახან შემხმიანებოდა დედამიწაზე კოკო, აქაურ ამბებს მომიყვებოდა და ჩემს მოკითხვებს ბავშვებს გადასცემდა.

– არ გამოვა ეგ ამბავი, არა!- შემეხმიანა კოკო, სისინით იცინოდა, ძალიან ხმამაღლა.

– არ მაკონტროლო კოკო, დამტოვე ხოლმე ჩემს ფიქრებთან, იზამ ამას?

– ნება შენია, იყოს ასე.

ელიამ და ზუზუმ დაჭერობანას თამაში დაიწყეს, ისე ბზრიალებდნენ, თავბრუ დამეხვა.

ელიამ ბრძანა,- თიკო დეიდა, უნდა გამომყვეთ, სადილის დროა უკვე, მერე რამე ვითამაშოთ, ამასობაში მათე და რაფაელეც მოვლენ.

– რა უნდა მაჭამო ელია?

– რა და, გოგრის წვნიანი.

– მეტი არაფერი?

– არა, კიდევ ფორთოხლისა და გრეიფრუტის წვენიც უნდა დალიოთ.

– ეგ ხომ უკვე დავლიე, ალუბლის არ გაქვთ?

– უარის ნიშნად თავი გააქნია ელიამ, თან მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ამათი გოგრის წვნიანი.

– საღამოს ვახშმად რა გვექნება?

– თქვენთვის მხოლოდ ნუშის რძე.

– ოო, ეგეთი რძე არასდროს დამილევია, მხოლოდ ძროხის რძეს მასმევდნენ, ისიც ძალით.

– ეს რძე მოგეწონებათ.

ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი, როგორც ელიამ თქვა. მივუსხედით სუფრას, მათე და რაფაელეც გამოჩნდნენ. მერე ზუზუს უბრძანეს გარეთ გადიო, მაგრამ ძალიან მომინდა ჩვენთან ყოფილიყო, ვთხოვე დატოვეთ მეთქი. ზუზუ გათამამდა, თავისი საკვები არ შეჭამა, გოგრის წვნიანი მაჭამეთო და აჭამეს, აბა, რაღას იზამდნენ?!

ბიჭებმა მეც მიმითითეს რა უნდა მექნა, კბილები გაიხეხე და წადი, დაიძინეო. წავედი ჩემი ოთახისკენ, მაგრამ მარტო დაძინება არ მომინდა,  ვანიშნე, გამომყოლოდა, ისიც წინ გამიძღვა ზუზუ.

– სად მიდიხარ ზუზუ? – ჰკითხა ელიამ.

– თიკომ და მე ერთად უნდა დავიძინოთ.

– დღეს ჩემთან უნდა დაგეძინა, ზუზუ!

– მე თიკოსთან მინდა, – თქვა ზუზუმ.

ელიამ გადაიკისკისა, – შე მოღალატევ შენა, ჰო, კაი, მიდი!

ლოგინი გაშლილი დამხვდა, რომელიღაცა ბიჭუნას თეთრი ღამის პერანგი სათუთად დაედო ბალიშზე. გული ამიჩუყდა.

კაბის გახდა დავიწყე და ზუზუს შევხედე, პაწია, მოკვეთილ კუდს აქიცინებდა და ინტერესით მიცქერდა.

– შენ გვერდზე გაიხედე ზუზუ!

– რატომ?!

– მერიდება, რომ მიყურებ.

– რისი გერიდება, გიყურებ რა!

– კარგი, ოღონდ არავის უთხრა, გახდილი რომ მნახე.

ზუზუმ გაიცინა და ცოტათი დაიწკმუტუნა კიდეც.

ჩავიცვი ღამის პერანგი და ჩავწექი ლოგინში. ლეკვი ამოხტა საწოლზე და ჩემს ფეხებთან მოკალათდა.

– მოდი ჩემთან, ღამით ფეხების ქნევა ვიცი და შემთხვევით თავში არ წაგკრა.

– არაუშავს, გავუძლებ.

– მოდი ჩემთან.

– მერე არ შეგაწუხებ?

– შენ როგორ უნდა შემაწუხო, იცი, რამდენ ძაღლთან დამიძინია ჩემ საწოლში?

– მართლა, ბევრი ძაღლი გყოლია!

– კი, სამი მყავდა. ჯერ შპიცი ბაჩო მყავდა, მერე შენნაირი გოგო ძაღლი ტოჩა ცხოვრობდა ჩემთან ცოტახნით, პატრონებმა დამიტოვეს დროებით. მერე ვიღაცამ ლეკვი მომცა ვიღაცისთვის გადასაცემად, და ის ლეკვი, სანამ პატრონს მივგვრიდი, 4 დღე და ღამე ჩემთან იყო.

– როგორი კეთილი ქალი ყოფილხარ,-მითხრა ზუზუმ.

თავი გულზე დამადო, – მე ახლა შენი დუგუდუგუ მესმის, ძალიან ნელა ამბობს დუგუდუგუს.

– შენ რომ ხარ ჩემს გვერდით, იმიტომაა მშვიდად ჩემი გული.

– და ეს ჩემი ბრალია?! – გაიკვირვა ლეკვმა.

– რა თქმა უნდა, შენ ჩემი იმედი ხარ ეხლა,  საშინლად მეძინება, მაგრამ ვიცი, ცუდი სიზმრისგან დამიცავ.

– რა უნდა გავაკეთო?

– არაფერი,  ჩემთან ერთად დაიძინე,  ცუდ სიზმარს შეეშინდება და აღარ გამეკარება.

– რომ იცოდე, როგორ მიხარია!

– მეც, ჩემო პატარავ, კარგად ჩამეხუტე, გიგრძნო მინდა, რომ შემთხვევით არ გაგჭყლიტო.

– ნე გეშინია, მე არ გავიჭყლიტები.

– ვითომ რატომაო?!

– მიყვარხარ და იმიტომ.

ლამაზ თავზე ვაკოცე პატარას, მანაც თავისებურად, ცხვირის ალოკვით გადამიხადა მადლობა და მაშინვე ჩაგვეძინა.

ღამით ხვრინვამ გამაღვიძა, ზუზუ ქშინავდა, ადამიანივით, ღრმად ეძინა, ტკბილად. ფრთხილად გამოვეცალე და  გამახსენდა.

ერთი ძაღლი, რომელმაც დიდი მეგობრობა გამიწია  ცივი ოქტომბრის  ღამეს.

მეტისი ლეკვი მოვიდა ჩევნს სახლთან და მაინცდამაინც ზუსტად ჩემ სადარბაზოს შეაფარა თავი, შეშინებული ჩანდა, სულ წკმუტუნებდა. მეცოდებოდა და ვკვებავდი. სხვების დამოკიდებულება ამ არსების მიმართ სხვადასხვაგვარი იყო, ზოგი წიხლს ამოარტყამდა მძინარეს, ზოგიც წყევლიდა, ზოგი ქოქოლას აყრიდა, ზოგიც ჩემსავით ყურადღებას აქცევდა და დაიბნა საწყალი, კარგა ხანს იყო ამ მდგომარეობაში, ვერ ხვდებოდა, ვის როგორ მოქცეოდა.

კეთილი ადამიანები დაიმახსოვრა და ვინც კარგად ვექცეოდით გვეფერებოდა, ზოგს კი უყეფდა და ლიფტამდეც არ უშვებდა. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა გაიზარდა და დავაჟკაცდა, როგორც ძაღლმა, საქმე გაიჩინა, უცხო ხალხს უყეფდა, ხშირად მანქანებსაც მისდევდა ყეფაყეფით. ძაღლი იყო და აბა სხვა რა უნდა ექნა?!

დილით და საღამოს ვკვებავდი ხოლმე, ისიც კუდის ქიცინით მაცილებდა ლიფტამდე, სახლშიც ვეპატიჟებოდი, მაგრამ ლიფტში ცოცხალი თავით არ შემოდიოდა, ფეხითაც ავსულვარ მეექვსე სართულზე ამ შავი ძაღლის გამო, ვიმედოვნებდი ამომყვებოდა, მაგრამ არა, მხოლოდ მესამე სართულამდე და მერე ისევ უკან ბრუნდებოდა პირველ სართულზე, ერთი მეზობლის კართან წვებოდა და იძინებდა, ის ქალი კეთილი იყო, თბილად რომ ყოფილიყო, რაღაც ძველი სვიტერი დაუფინა ძაღლს მოსასვენებლად. ერთობ ემადლიერებოდა იმ ქალს ეს ძაღლი. სახელი არ ჰქონდა და ვისაც რა უნდოდა იმას ეძახდა, არცერთ შეძახილზე არ რეაგირებდა. ძაღლოს თუ დაუძახებდი, მხოლოდ მაშინ თუ მოგაქცევდა ყურადღებას, ალბათ იცოდა ძაღლი, რომ იყო და იმიტომ.

ერთხელ,  ჩემი ვაჟი მათე წინასწარ გავაფრთხილე, საღამოს შეიძლება დამაგვიანდეს- მეთქი, ისიც მელოდა. ღამის პირველ საათზე დავბრუნდი ტაქსით შინ. სადარბაზოში რომ შევედი, შავ ძაღლს ეძინა, დავხედე, გამოვიძახე ლიფტი და ავედი ჩემ  სართულზე, დავრეკე ზარი ერთხელ, ორჯერ, მრავალჯერ. ვაბრახუნე, მობილური ტელეფონითაც დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა, კარიც ვერ გავაღე, შიგნიდან, ურდულით იყო გადაკეტილი. მივხვდი, რომ ბავშვს ჩასძინებოდა. ნანიკოც ახალი წასული იყო სახლიდან, რამდენიმე კვირის წინ მოვიდა ჩემი გოგოს შეყვარებული და გამომიცხადა, ნანიკოს წასაყვანად მოვედიო, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო. განზე გავდექი. სასიძო წინ გამიძღვა და შეყვარებულის ოთახში შევიდა.

ვკითხე ქალიშვილს,-ნანიკო, გინდა წასვლა?

თავი დამიქნია.

– გიყვარს?! – ისევ თავი დამიქნია.

ამ დროს მათეც შემოვიდა ოთახში.

– კარგი, გაყევი მაშინ.

ნანიკო წამოხტა საწოლიდან, დაავლო ხელი დიდ ჩანთას და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. გულზე სევდა შემომაწვა, მაგრამ რას ვიზამდი. გული დამწყდა იმის გამოც, ასე უბრალოდ მიდიოდა ჩემგან. მამა რომ ცოცხალი ყოლოდა, განა ასე გაუშვებდა ქალიშვილს სახლიდან?! ვფიქრობდი და ცრემლს ძლივს ვიკავებდი, წავიდეს, ბედნიერი იყოს, მთავარი ესაა.

დამშვიდობება გამოგვივიდა უცნაური. ნანიკო და გიორგი კარებთან იდგნენ, მე და მათე მათ მოპირდაპირედ. გიორგიმ და მათემ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ნანიკო იდგა და გვიყურებდა, გვიღიმოდა,-მათე,  მოვალ ხოლმე სახლში და დავრჩები ღამეც, ხანდახან!- ასე უთხრა ძმას, მერე ისინი გავიდნენ, ჩვენ კარებთან ვიდექით გაქვავებულები და ველოდით ლიფტის ამოსვლას, რომ ისინი წასულიყვნენ. წავიდნენ…

შემოვბრუნდით სახლში, კარებიც ჩავრაზეთ. თეფშები გავრეცხე, არ მახსოვს, კიდევ რაღაც გავაკეთე. ვკითხე მათეს,-გული არ დაგწყდა, ნანიკო რომ წაიყვანა ბიჭმა?

– არა, რატომ!

– დის შინ დატოვების სურვილი არ გაგიჩნდა?!

– მოიცა რა, ძლივს მაგან რაღაც მოახერხა და…

– რას ამბობ მათე!- გამეცინა უცებ.

– გოგო სულ შინ იჯდა ან უნივერსიტეტში იყო ლექციებზე და მაინც გათხოვდა. რა, ადვილი გგონია ქალიშვილის გათხოვება დღეს?! მომეწონა გიორგი.

– მართლა?

– რაც მთავარია, განათლებულია, გაგებული, წესიერი და თან მართლა ბიჭია.

– აბა, ვინ  შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყო!

– რა ვიცი კაცო!… ზოგჯერ გოგოს ჰგონია ცოლად ბიჭს მიყვება და აღმოჩნდება, რომ თურმე გოგოს გაყვა!

ამის გაგონებაზე ხარხარი ამიტყდა.

– დედა, როცა ცოლის მოყვანას გადავწყვეტ, წინასწარ უნდა შევამოწმო.

– რატომ ბიჭო!

– რა ვიცი, მთავარია გოგო აღმოჩნდეს! -ჩაიქირქილა ჩემმა მათემ.

ზუზუს წამოყეფებამ შემაკრთო, ჩემ ბალიშზე დაჯდა და მითხრა;- თიკო, კარი გამიღე.

– რატომ, იყავი ცოტახანს ჩემთან.

– ისა, დროა ტბიდან ნიჟარები უნდა გამოვიტანო.

– კარგი.

სანამ ავდგებოდი, ზუზუმ ჩემი ხელის გალოკვა მოასწრო და კარებთან მიკუნკულდა. გავაღე და ისიც ყეფაყეფით გაიჭრა ღია სივრცისკენ.

ნეტა რა დღე გამითენდა, ან როგორ დამიღამდება, მთავარია, არ მოვიწყინო და მონატრებამ გული არ დამიმძიმოს. მივიხედ-მოვიხედე, ჩემი კაბა ვეღარ დავინახე, მაგრამ მის ადგილას ახალი იდო, იისფერი, თეთრი კოპლებით კი არა, უკვე მოზრდილი ბურთულებით მოხატული. გამეღიმა. აბაზანის წყლით გავსება დამეზარა და შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი.

მისაღებ დარბაზში, უზარმაზარ მაგიდაზე უკვე იდო ჩემთვის განკუთვნილი საუზმე, ერთ თეფშზე თხლად დაჭრილი ანანასი, მეორე, ცოტათი ღრმა თეფშზე ეყარა ნუში და კაკლის დაუქუცმაცებელი ლებნები და რა  თქმა უნდა, უზარმაზარი ჭიქით ციტრუსის  წვენი.

საუზმის შემდგომ ვიგრძენი, რომ თავში რაღაც კვანძი თუ ნასკვის მსგავსი რამ  გამეხსნა, გარეთ გავედი და ჩემს ფილტვებში  ვიღაცამ თითქოს ქოლგები გაშალა. შევყონდი, ვინაიდან კვლავ სადარბაზოს მრავალსახელიანი ძაღლი დამიდგა თვალწინ. გონებამ კვლავ დედამიწაზე დამაბრუნა, იმ ღამეს, მათეს ჩემს ლოდინში სავარძელში რომ ჩაეძინა და კარებს ვერ მიღებდა.

სასოწარკვეთილი კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი, ვის მივდგომოდი ღამის გასათევად ამ დროს, ვერცერთ მეზობელს, ვერც მეგობარს ვერ შევაწუხებდი იმ მიზეზით, რომ სახლში ვერ შევდივარ და თქვენთან ღამე გამათევინეთო, სიძესთანაც კი ვერ წავიდოდი, მერიდებოდა და საფულეც უკვე დაცარიელებული მქონდა, ტაქსიშიც ვერ ჩავჯდებოდი… ეჰ, რაც არის არის, ვიქნები აქ, გავიფიქრე და რას ვხედავ, შავი ძაღლი ამოდის ფრთხილად და მოწიწებით, სახეში მიყურებს!

– ჩემს გასამხნევებლად მოხვედი ბუთქუნავ? – ვკითხე მე.

ძაღლმა კუდი გააქიცინა თავი დახარა, მომიახლოვდა და ჩემ გვერდით გაწვა. მკლავი გადავხვიე და ჩემსკენ მოვზიდე, მორჩილად მომყვა და ჩამეხუტა,თან მყნოსავდა,  გრძნობდა, რომ მციოდა და ცდილობდა თავისი სხეულით გავეთბე. ასე თავმიდებულებს ჩაგვეძინა.

მობილურმა დარეკა. მათე იყო.

– სად ხარ დე!

– აქ ვარ შვილო,  კარებს არ მიღებდი და რა მექნა?!

უცებ გააღო კარი მათემ და  კიბეზე მჯდომი, შემცივნებული და ძაღთან ჩახუტებული რომ დამინახა, გაშეშდა, მერე გაეღიმა, – ერთი ამას  უყურე, რა გეშველებოდა, ქვეყნად ძაღლები რომ არ ყოფილიყვნენო.

წამოხტა შავი ძაღლი და მათესთან მივიდა.

– შემოდი ძაღლო! – უთხრა მათემ. მაგრამ არა, ის არ შემოვიდა, მერე მე მივმართე, -დამელოდე, ახლავე გამოვალ.

კარი სანახევროდ მივხურე, მაცივრიდან შებოლილი ლორი გამოვიღე, დავჭერი, დავაქუცმაცე, თეფშზე დავყარე და სადარბაზოში გავიტანე, რომ ძაღლს გავმასპინძლებოდი, მაგრამ ის კარებთან აღარ იდგა, მოშორებით მელოდა, ქვედა სართულის დასაწყისში.

– მოდი პატარავ, მიირთვი!

არ მოვიდა, თავი დახარა და ფრთხილი ნაბიჯებით დაეშვა კიბეზე, არ მიიღო ჩემგან არც მადლიერება, არც მოწყალება. გამიკვირდა…

რაფაელე დავინახე, პლანეტას ასუფთავებდა.

მივუახლოვდი  და მივესალმე.

– არ გინდა დაგეხმარო?

– არა! – მიპასუხა რაფაელემ და საქმე განაგრძო.

ახლა ტბასთან მივედი, გაფაციცებით მუშაობდა ელია, თან რაღაც უცხო მელოდიას ღიღინებდა.

– ელია, გამარჯობა!

– დილა მშვიდობის, თიკო დეიდა! – მხიარულად მიპასუხა. მივხვდი, რა არსებას ვამსგავსებდი ამ ბავშვს, დელფინს, მხიარულს, კეთილს, უანგაროს და მეგობრულს.

– ელია, მასწავლე, როგორ გავხსნა ნიჟარები და მეც მოგეხმარები.

თავი გააქნია ჯიუტად.

– რატომ ელია?!

– ეს ჩემი სამუშაოა და მე უნდა გავაკეთო.

მეწყინა ეს რომ მითხრა, – აჰა, გასაგებია!

გავაგრძელე გზა და არც კოკო შემხვედრია, არც ზუზუ. მათე ხომ არასდროს იყო ამ პლანეტაზე, ალბათ, დაჰქროდა თავისი ცის მანქანით სადღაც.  უსაქმურობამ დამღალა, წიგნი მაინც მქონოდა რამე, რომ წამეკითხა.

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ზუზუს ცივი და სველი ცხვირი შემეხო ფეხზე.

– როგორ ხარ!

– კარგად, ზუზუ.

– წავალ, შევჭამ, მალე დასვენების საათი დადგება, ჰოდა დამელოდე, არსად წახვიდე, მოვალ და გაგართობთ.

თქვა, და თეთრი სახლისკენ აიღო გეზი. რაო, რა თქვა? გაგართობო თუ გაგართობთო, როგორც ჩანს მიხვდნენ, მოწყენილი რომ ვარ.

არ მახსოვს, რამდენჯერ დავტკბი მზის ჩასვლით, მერე ტბის ქვიშაზე მჯდარს, მუხლებზე თავჩარგულს ჩამეძინა.

მეორე ნაწილი

არწივი ბაღათერი

თემური დამესიზმრა, ჩემი მეუღლე, ადრეც დამესიზმრა რამდენჯერმე, მას შემდეგ, სადაც წავიდა,  იქ, საიდანაც  უკან არ ბრუნდებიან და ეს მკლავდა, მანადგურებდა, მონატრება მტანჯავდა მუდმივად, დაუმთავრებელი შეხვედრის მოლოდინი, სევდა და  ამის გამო შევიძულე სიკვდილი, მზად ვიყავი სადმე შევყროდი და ჩემი ხელით დამეკლა, როგორც მხეცი, ამეკუწა, მერე დამეწვა, მერე ფერფლი ისეთ ადგილას გამესტუმრებინა, მისგან მტვრისა და ფერფლის ერთი მოლეკულაც რომ არ დარჩენილიყო, მაგრამ ფუჭი იყო ეს ოცნება, უტოპია.

ყოველ ღამით უფალს ვთხოვდი დამსიზმრებოდა და რამდენჯერმე დამესიზმრა კიდეც.  ვხედავდი, გული სიყვარულით მქონდა სავსე, ის კი ჩემსკენ არც კი იხედებოდა, თითქოს არც მცნობდა, ცალი თვალითაც არ შემოუხედავს და ვიღვიძებდი გამწარებული, გაოგნებული. ადამიანი, ჩემი ყველაზე ახლობელი, მეგობარი, თანამგზავრი ამგვარად რატომ მექცეოდა სიზმარში, რატომ!!!

წავიდა, თავი დამანება, განმერიდა, დამშორდა, გამიმეტა მარტოობისთვის, გასაჭირისთვის და შეჭირვებისთვის ამ დაუნდობელ საზოგადოებაში, ვითომ რომ უყვარხართ, ვითომ რომ გემეგობრებიან, ეცოდებით, მაგრამ, წაქცეული თუ ფეხზე წამოდექი, ამას არ გპატიობენ და ჩასაწიხლად მზად არიან, რომ კვლავ წაიქცე, დაიფშვნე, განადგურდე და, წარმატების ჟამს, კარგად და მშვიდად ყოფნის დროს აწყდები იმ ადამიანების მხრიდან მტრობასა და შურს, საერთოდ რომ არ მოელი, მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი…

 საკუთარი თავის იმედად ყოფნას ეჩვევი, უპირველეს ყოვლისა, გზად თუ კეთილი და ძლიერი ადამიანი ერთჯერადად მაინც ხელს შეგაშველებს უანგაროდ, უზომოდ გიხარია. საოცარია, ვისგანაც თანადგომას ელი და ის ზედაც არ გიყურებს, ცხოვრებაში ჩნდება  ვიღაც სხვა, უცხო, რომ არ მოელი მისგან არაფერს და ის გევლინება გადამრჩენლად. ნეტა, ამგვარი ფაქტებით რისი დამტკიცება უნდა უფალს?! არ ვიცი.

ახლაც გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი რა დამემართა, რა მჭირს ნეტავ, ან აქ რატომ ვარ…

ჰო, აქ, ამ უცხო სამყაროში ჩემი შვილების მამა გამომეცხადა, მარტო იდგა მინდორში თავჩაქინდრული. მისკენ გავიქეცი,  თავი არ აუწევია ჩაფიქრებულს, შეტრიალდა და წავიდა, სახეც არ დამანახა, სახე, რომელიც ასე მიყვარდა ერთ დროს და ახლა, წლების გასვლის შემდეგ, მისი ნაკვთები ჩემს წარმოსახვაში  გაბუნდოვანდა, გაფერმრკრთალდა და შორს წავიდა თვალთახედვიდან, ვერა და ვერ მოვახერხე ამ სახის ახლოს მოტანა… და მაინც  არ დამანახა, რატომ ღმერთო! მივდევდი ჩემსკენ ზურგშექცეულად, მშვიდად მიმავალს და მაინც  ვერ ვეწეოდი, მეტიც, მანძილი ჩვენს შორის უფრო და უფრო იზრდებოდა და  დავიღალე,  ავტირდი.

– თიკო დეიდა! – მხარზე შემეხო რაფაელეს ტკბილი, ფუმფულა ხელი.

ელიასაც თანაგრძნობით შეჭმუხვნოდა წარბები, მათე დოინჯშემორტყმული იდგა და მიყურებდა, ზუზუს თავი გვერდზე გადაეხარა და ასე მიცქერდა თავისი მრგვალი თვალებით, კოკოც ყალყზე  შემდგარიყო, მას შევხედე,  მკითხა და ეს შეკითხვა  მხოლოდ   მე მესმოდა და სხვას არავის:

– ცუდი სიზმარი ნახე, გოგო?

 თავი დავუქნიე.

– რა მოხდა? – იკითხა მათემ, – ბავშვებმა ხომ არ გაწყენინეს?

– არა, რას ამბობ, ჩამეძინა და ცუდი სიზმარი ვნახე.

– არ გინდათ, მთასთან მისვლა? – მკითხა ელიამ.

– რატომაც არა! – ვთქვი მე და მჯიღით ცრემლები მოვიწმინდე.

ასე გავუდექით ექვსნი გზას მთისკენ.

გზად მიმავალს ეჭვი მეპარებოდა, რომ საერთოდ ვარსებობდი, რომ სხეული მქონდა. ვფიქრობდი, ალბათ სული ვარ უკვე და ეს სამოთხეა, ან, ისეთი რამ, რაც სიცოცხლეში არც მე და არც სხვა ვინმე სულიერმა არ იცის, ჯერ, ალბათ, ადგილი ვერ მიპოვია აქაურ ცხოვრებაში, როგორც სულს და რა ვიცი მე!.. აქ ყველაფერი ლაპარაკობს, ადამიანები, ცხოველები და კიდევ, ვხედავ, რომ  ყველა ბიჭია, მე კიდევ განსხვავებული ვარ, მდედრი ვარ, უმცირესობაში ვარ?! არ ვიცი, ალბათ ერთადერთი ეგზემპლარი ვარ და რა ვიცი მე, რა ვიცი!!!

მივადექით მთის ძირს, დავდექით ექვსივე, მივბაძე ამათ და მეც მათსავით მთის წვერს დავუწყე მზერა. უზარმაზარი არწივი მოფრინდა კაუჭა ნისკარტით, რძენარევი ცხელი შოკოლადის ფერი, ისეთი დიდი, რომ ჩვენ ყველანი, მის გვერდით წერტილებად თუ გამოვჩნდებოდით. მინახავს არწივები თბილისის ზოოპარკში, მაგრამ  გოლიათები  არა!

მთის წვერზე დადგა ბრჭყალებიანი ფრინველთა მეფე, ამაყი, მკერდგამოწეული, უზარმაზარი ფრთები მოკეცა, შემდგომ ადამიანივით დოინჯი შემოირტყა წელზე, მერე ცალი ფრთა ასწია და საჩვენებელი თითიც აღმართა ცისკენ, არა, თითი არ იყო ალბათ, თითს ჰგავდა… არ მომეჩვენა, ნამდვილად ხელებივით იყენებდა ფრთას, ან ფრთები ჰგავდა ხელის მტევნებს, არ ვიცი, არ ვიცი მე! ალბათ შევიშალე და ეს ყველაფერი სიზმარია, ოღონდ ის ვერ გამირკვევია ცუდი სიზმარია თუ კარგი. აქ ყველა კეთილია და ალბათ არწივიც.

დაგვხედა ზემოდან,  ომახიანი, მამაკაცური ხმით ჩამოგვძახა,-მოხვედით მეგობრებო? ეს ქალბატონია თქვენი სტუმარი?! მოგესალმებით ქალბატონო, გელოდებით, ამოდით ყველანი. პირველი კოკო იყო, ვინც წინ გასრიალდა, ამას მიჰყვნენ მათე, რაფაელე, ელია. მე ბოლოში მივჩანჩალებდი, გულგრილი, ყურებჩამოყრილი, უკვე აღარაფერი მიკვირდა და არც არაფერი მაინტერესებდა, მივდევდი მათ, ელიამ ხელი ჩამკიდა, ამზიდა სიმაღლისკენ, მკლავი მეტკინა, მაგრამ რას დავეძებდი, ყველაფერი სულერთი გახდა, აბა რა, როცა შენიანები გენატრება, წასულები, დარჩენილები და იმედი გაქვს გადაწურული,  მათ ვეღარასდროს შეხვდები, მხოლოდ იმიტომ, რომ  დედამიწაზე არ ხარ და არ იცი, რა გელის წინ, მაგრამ რას დავეძებდი,არაფერი აღარ მაინტერესებდა და არც მიკვირდა. უინტერესო იყო ჩემთვის ის, რაც ახლა ამ წუთს ხდებოდა. რა უნდა გამკვირვებოდა, მთის წვერზე გოლიათი ფრინველი გველოდა, რა მერე, რა!

ეს ჩემთვის იყო ასე, იმათ კი უხაროდათ!

ყველას ფრთა ჩამოართვა, ჩემი ჯერიც დადგა, თან  დამელაპარაკა, – გამარჯობათ, სევდიანო ქალბატონო, მაგრამ აქ სევდა დიდხანს ვერ ჩერდება! – თითებივით მომიჭირა ხელზე ფრთა და პირველად გამიკვირდა. დამავლო ფრთები და ცისკენ ამზიდა, დამისვა კისერზე და უცბად, სადღაც, შუბლის არეში სიგრილე ვიგრძენი.

– რაო ქალბატონო, არ მოგწონთ? – მკითხა ამაყად.

– დიახ. ძალიან მომწონს, გმადლობთ.

– აბა, მოდით თქვენცა, შეხედეთ, რა ლამაზი თეთრი ღრუბლებია, ამათ ცქერას რამე სჯობს?!

დანარჩენებსაც დაავლო ფრთები და ყველანი წამში გვერდით დამისკუპა. კოკო გაიწელა, გაიზმორა, თავს კომფორტულად გრძნობდა არწივის ზურგზე.

ღრუბლები ხომ ისედაც ვიცი რანაირია,  დედამიწის ცაზეც ამგვარი ღრუბლებია, არანაირი განსხვავება!

ნუ წაიკიდებ ეხლა თავზე ცეცხლს, დაწყნარდი. პირდაპირ თავში შემომივარდა კოკოს წინადადება, მეც გავეცი ფიქრით პასუხი.

– თავს ვერ ვიმორჩილებ, აგრესიული გავხდი.

– მართლა? ეგ კარგია, რასაც გრძნობ, კარგია, ესე იგი, გამოჯანმრთელება დაწყებულია.

– რა მჭირს კოკო, რა, მითხარი?

– ვერ გეტყვი, მე ადამიანი არ ვარ, გველი ვარ, მაგრამ კარგი არაფერი გჭირდა და რაც გჭირდა, იმას დედამიწაზე გაიგებ, როცა დაბრუნდები.

– ეჭვიანი გავხდი, კოკო, მგონია, რომ არასოდეს დავბრუნდები დედამიწაზე.

– რომ გეუბნებიან დაბრუნდებიო, ესე იგი დაბრუნდები. იცი რას გეტყვი? არანაირად არ მეცოდები. დაგვიჯერე, აგვყევი, გაბრაზდი, იჩხუბე, ეს ყველაფერი ძალიან კარგია შენთვის.

ასე, აზრების თუ ფიქრების გადაცემით გავერთეთ მე და კოკო, რა ვიცი მე…

არწივის ზურგზე კი დიდი მხიარულება სუფევდა, ის გოლიათი რაღაცისთვის გვამზადებდა.

მთის უკანა მხარეს მარჯვენა ფრთა ჩაყო და შუაში კალათადამაგრებული უზარმაზარი ქამარი ამოიღო, ოსტატურად შემოირტყა წელზე ისე, რომ ჩვენ არც კი შევრხეულვართ. კალათა არწივის ზურგზე მოექცა, მან ბრძანა, – ჩასხედით, ირაოს დავარტყამთ ამ მთას.

ვაშა, ერთხმად შესძახეს, მხოლოდ მე და კოკო ვიყავით ჩუმად, წვივზე შემომეხვია გველი. ინფორმაცია მივიღე, რომ გავმხიარებულიყავი.  არა მეთქი, გავუგზავნე ფიქრი. მაგასაც ვნახავო,  გამომიგზავნა იმანაც.

ძლივს ავბობღდი და ჩავგორდი კალათში, ჩემი წამოყენება სცადეს, მაგრამ დავიყვირე, – ხელი არ მახლოთ, რა კარგია, ვიქნები რა ასე, შეიძლება?

თავი დამანებეს, მხიარულება განაგრძეს. ეს იყო რაღაც საოცარი პოზა, კალათაში გაშხლართული თიკოს სახით, სანახაობრივად კი არა, შინაგანი მდგომარეობის მხრივ. საკუთარი სულის მოძრაობა ვიგრძენი, თითქოს აქამდე ეძინა და გაიღვიძა. მერე ჩემმა ფიზიკურმა სინაზემ აღმაფრთოვანა იმგვარად, როცა თემური კოცნით, მოფერებით მაბედნიერებდა, იმგვარი სიხარული, როცა შვილები გამიჩნდა, იმგვარივე გულაჩუყება დამემართა, როცა ჩემი გოგო და მრავალი წლის შემდგომ ბიჭი ექიმებმა ჩემს მკერდზე დააწვინეს და მათი სუნთქვა მესმოდა.

 გავვოცდი, ერთი წუთის წინ უჟმური ვიყავი და უცბად კათარზისი განვიცადე. თითქოს დაზიანებული ადამიანი ვიყავი და განვმრთელდი. აფრინდა არწივი და ღრუბლებიც გარდაიქმნა, ისეთები აღარ იყო, როგორც საერთოდ არის. თითქოს უხილავი მოქანდაკის ხელი საოცარ სკულპტურებს წამებში ქმნიდა და იქვე შლიდა, მერე, ახალ კომპოზიციებს აგებდა და არღვევდა, გული მწყდებოდა, აღქმასაც ვერ ვასწრებდი. გასაოცარი გაოგნება შემეყარა, როცა ღრუბლებმა დამანახეს იმ ადამიანების სახეები, ვისგანაც სიკეთე, თანადგომა, სიყვარული, დახმარება მივიღე ისე, რომ, არც მითხოვია, მათ იცოდნენ, რომ საჭირონი იყვნენ ჩემთვის და უკან არ დაუხევიათ, არც ზურგი შეუქცევიათ ჩემთვის, არც ხელი ჩაუქნევიათ და არ უეჭვიანიათ, რომ აზრი არ ჰქონდა შეწევნას, რომ გამოუვალი იყო ჩემი მდგომარეობა, რომ დასაღუპად განგების მიერ ვიწირებოდი, არა, ჯიუტობდნენ და მეხმარებოდნენ მაინც, რამდენმა მივიწყებულმა სახემ ჩაიქროლა თვალწინ.

 ორი ადამიანის გამო დამწყდა გული, თუმც ისინი ექიმები იყვნენ და ბავშვების გადარჩენა მათი სამსახური იყო, ვერ გადავუხადე მადლობა, ვინაიდან პატარა ვიყავი. ჩემმა მშობლებმა ჰო, მაგრამ მე ვერა და არ ვიცოდი ახლა ღირდა თუ არა მათთვის მადლობის თქმა და გულმა მითხრა, – ღირს, როგორ არ ღირს, სადაც არ უნდა იყვნენ, მადლად მიუვათ შენი მადლობა.

ვხედავ მათ სახეებს და არ ვიცი რა ქვიათ, რა გვარისანი არიან, ღირს კი?!

– მათ სახეებს ხომ ხედავ, ხომ დაგცქერიან ღრუბლებიდან, სანამ დროა თქვი, თორემ გაქრებიან! – მიპასუხა ჩემმა გულმა.

– ჩემო ექიმებო, თქვენი წყალობითაა, რომ ვსუნთქავ, მე ხომ წესით უნდა მომკვდარიყავი და არ მოვკვდი, უნდა დავსასახიჩრებულიყავ და დავბრმაევებულიყავ, თქვენმა თავგამოდებამ გადამარჩინა… თქვენი წყალობით გავიზარდე, დავქალდი და ვიცხოვრე, მაპატიეთ, პატარა გოგო ვიყავი და ჩემი წილი მადლობა ვერ გითხარით მაშინ.

ერთი ექიმი დაბალი, ჩაფსკვნილი კაცი იყო, მელოტი თავი ჰქონდა, მეორე შედარებით ახალგაზრდა, ხუჭუჭთმიანი, ღიმილიანი, მიცქერდნენ გაოცებით. იმდენი დრო გავიდა, უკვე ზეცაში იყვნენ ასულები და არც კი ახსოვდათ, როგორ გადამარჩინეს!

მე ვიცი, მახსოვს…

ოთხი წლისას საბავშვო ბაღში უცნაური ვირუსი შემეყარა ვიღაც ბალღისგან, ის ვერ გადარჩა, წავიდა ღმერთთან და მეც იგივე მელოდა, რომ არა თქვენ ფუმფულა პროფესორო, არ ვიცი რა გქვიათ, მაგრამ თქვენ იბრძოლეთ ჩემს გამო, თურმე რეანიმაციაშიც მეჯექით გვერდით და თვალს არ მაშორებდით, ეს  დედამ მითხრა, მხოლოდ ერთი მომენტი მახსოვს, ისიც სახლში რომ ვიწექი და ოდნავ შემეძლო თვალის გახელა, ჭაღს ვხედავდი ანთებულს და იმასაც გაზეთი ჰქონდა შემოხვეული, რომ ნათურის სინათლეს ჩემთვის თვალი არ მოეჭრა. მამას ვხედავდი,საწოლის ბოლოში იდგა და ქვითინებდა, ვხედავდი შუბლზე კოპებდასხმულ საშა ბებიას, თავი რომ მიურტყია კედლისთვის, მე წინ მოვკვდე, ოღონდ ჩემი შვილიშვილის სიკვდილს არ მოვესწროო. ვხედავ დედას, თავთან მიზის თვალებდასიებული და ჩემი პაწაწა ხელი მკერდზე აქვს მიხუტებული, ოთახში შემოდიან თეთრხალათიანები და გხედავთ თქვენ, რომ მეხებით, მსინჯავთ და ამბობთ, – ამ ანგელოზს ეხლა წავიყვანთ და აუცილებლად გადავარჩენთ!

და მე მგონია, რომ გელაპარაკებით, ვწუხვარ და ამ დროს თურმე  არც გელაპარაკებით, უძლური ვარ და  წარმოსახვით, მაგრამ მთელი გულით გთხოვთ, უთხრათ ამათ, ყველას, ვინც ჩემს გამო იტანჯება, ნუ ტირიან, რომ ყველაფერს ვხედავ, მესმის… უფრო მოვკვდები, უთხარით ბიძია! – მაგრამ ვერ გაგაგონეთ, ვერ  ვინძრეოდი თურმე და აბა რას გაგაგონებდით, მაგრამ თქვენ მიღიმოდით, მერე თავზე ხელი გადამისვით, ოფლისგან დასველებეული კულულები მოაშორეთ ჩემს სახეს და ასე თქვით, – რა ლამაზია ეს გოგო, ნახავთ, რა გოგოც გაიზრდება! – წამოდექით და ბრძანეთ, წავიყვანოთ, ფრთხილად!

გავიღვიძე, იმის გამო, რომ საავადმყოფოში ბევრი ბავშვი იწვა და პალატებში ადგილი არ იყო, თქვენი კაბინეტი დაგითმიათ ჩემთვის, კი, ასე იყო და თქვენ შემოდიოდით, ჩემს ფილტვებს და გულს უსმენდით ჰონეიდოსკოპით და ხშირად რაღაცებს მეუბნებოდით, ოღონდ არ მახსოვს რას, და მე მიხაროდა ყოველი თქვენი შემოსვლა სალათისფერკედლებიან ოთახში. მადლობა, მადლობა!!!

მელოტმა ექიმმა გამიღიმა და გაქრა.

ახლა ხუჭუჭას შევხედე, მე რაღა უნდა მითხრაო, – თვალებით მკითხა.

– აი, თქვენ არც გახსოვთ, მე კი მახსოვხართ, მაშინ თორმეტი წლის ვიყავი და მარჯვენა თვალს ზემოთ, ძირმაგარის მსგავსი, ფესვებიანი ურჩხულივით რაღაც ამომივიდა, თვალიც დამეხუჭა, ვერ ვახელდი და თავიც მტკიოდა. დამისვეს დიაგნოზი, რა, ცხადია არ მახსოვს და გადაწყდა ოპერაცია. თქვენთან გამოგვიშვეს, როგორც საუკეთესო ქირურგთან. მომაშორებდით ამ საშინელებას, მაგრამ ნაიარევი სამუდამოდ დამაჩნდებოდა და თქვენ რა გააკეთეთ…

ხუჭუჭა ექიმმა გაოცება ვერ დამალა, არ ახსოვდა რაც გააკეთა. არ დამკარით თვალსა და წარბზე სკალპერი, შეგეცოდეთ! – ლამაზი ბავშვია, წარბის ადგილას ხვდება კვეთა და იქ გაწყდება წარბის ხაზი, იმ ადგილას ბეწვი არასდროს ამოვა და სახე დაუშნოვდება. მოდით, ცოტახნით ვიწვალოთ და გადავარჩინოთ წარბი! 

თქვენს კაბინეტში დამტოვეთ მარტო, დედაჩემს ხელკავი გაუკეთეთ და სასაუბროდ გაიყვანეთ, მე კიდევ შეშინებული გელოდით ადგილზე გაქვავებული.

თქვენი რეცეპტით ბებია მიმზადებდა ძირმაგარასავით რაღაცაზე დასადებ ცხელ წამალს და, რომ მოჰქონდათ თვალზე დასადებად, წინასწარ ვბღაოდი დასაბმელი გიჟივით. ო, როგორ მეშინოდა იმ ცხელი მალამოსი!!!

და რა იყო ეს?! სელის თესლი, ბებიას მიერ  ქვასანაყში ჩანაყილი,  ფქვილად ქცეული სელი, მერე ტაფაზე გაცხელებული, პირდაპირ სივარვარიდან ამოღებული, ჩემს ძირმაგარასავით რაღაცაზე დასადები,მწარეზე მწარე, მაგრამ გაამართლა სელმა.

 მახსოვს, ბოლო დღე სელის გარეშე, ეს უარესი  იყო, ამას ისევ ის ცხელი წამალი მერჩივნა. მომწიფდა ჩემი  ძირმაგარის მსგავსი გიგანტი მუწუკი, გადიდდა გაიზარდა, დარბილდა და ახლა მზად უნდა ვყოფილიყავი მის მოსაშორებლად. ვეღარ დამაბეს, გავიქეცი, დამეწია მამაჩემი, გადამიწვინა მუხლებზე, ხელებიც გამიკავა, დედაჩემმა ფეხები და ბებია თავს დამადგა, დამაჭირა თითები და ამოვარდა ის ბოროტი რაღაც, მამაჩემს სისხლი შეესხა, სახე მოეთხვარა  და მომეჩვენა, რომ იმ ფესვებიან რაღაცასთან ერთად ბებიამ თვალიც ამომიგდო ბუდიდან და გამიკვირდა,  ბებია თვალი მაქვს?! რატომ ბები! ეს რა გამიკეთე ბებია!!! – მაგრამ აბა,  ბებია მართლა თვალს ხომ არ ამომაცლიდა, მისთვის მართლაც, რომ თვალის ჩინს.

წარბიც შემრჩა, ნაიარევიც არ მაქვს, მაგრამ თვალს ზემოთ, წარბის ბუსუსებს ქვეშ დამალულია 4 პატარა ორმო, სახსოვარი თქვენგან, გმადლობთ!

მერე, მე და ბებია მადლიერების ნიშნად უზარმაზარი ვარდისფერი მარწყვის ტორტით გესტუმრეთ შინ, გაგიხარდათ, ერთ ოთახიან „ხრუშოვკაში“ ცხოვრობდით მარტო და, ალბათ, ამიტომ ბრძანეთ, – ერთი ცალი კაცი ვარ და ამხელა ტორტს, როგორ მოვერევი, ერთად მივირთვათ.

– დიდუუუ! – შეშფოთდა ბებია, უცხოური კონიაკებიც დადგა მაგიდაზე და გითხრათ. – აიც ცოტაა, ბაღანა გადამირჩინეთ დანას, დუუზახე ნენა კოლეგებს და აი კონიაკიც დააყოლეთ.

– დაგიჯერებთ ქალბატონო, უღრმესი მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო ასე შეწუხება!

მე კი მკითხეთ, – აბა, ლამაზო გოგონავ, ვინ გინდა რომ გამოხვიდე?

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, ვინ მინდოდა დიდობაში გავმხდარიყავი, გიპასუხეთ: – ექიმი.

მერე შუბლზე მაკოცეთ და მითხარით, – არა, კინომსახიობობა მოგიხდება.

ახლა ხუჭუჭამ თვალებით მკითხა, აქედან რომელი გახდი?

– არცერთი ბატონო.

გამიღიმა ხუჭუჭამ, მაგრამ მივხვდი, რომ გამიხსენა, მადლიანად გამიღიმა და მისი სახეც გაქრა.

სხვა სახეებიც გამოჩნდა, ნაცნობებიც, უცნობებიც და მე ყველას მადლობა გავუგზავნე, ვინაიდან ვიცოდი, როცა დედამიწაზე გავემგზავრებოდი, ისინი იქ არ დამხვდებოდნენ.

არ მინდოდა წამოდგომა, მაგრამ კალათიდან აუცილებლად  უნდა გადამეხედა. ნაზი სიო მომელამუნა სახეზე, საკუთარი,  ფიზიკური სინაზის შეგრძნებას რომ მიმძაფრებდა და  მივხვდი, რომ  ძლიერიც ვარ და კიდევ შევძლებ რაიმე ღირებულის შექმნას აქ,  ან იქ, დედამიწურ ცხოვრებაში .

 ავისრულე წადილი, გადავიხედე კალათიდან და თვალწინ გადამეშალა ხალიჩასავით მოხატული სამყარო. გავიფიქრე, ნეტავ რას შვებიან ჩემი მეგობრები, როგორ არიან… ჟენო მომენატრა, ჩემი ევგენია-ჟენია, ჩემი საყვარელი გოგო.

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია ჟენია, ჩვილობაში პოლიომელიტი დაესხა თავს და ფეხი დაუზიანა, ძალა ამოაცალა, ამის გამო, ახლა ყავარჯენზე დაყრდნობილი დადის. ქმარშვილი არ ჰყავს, მაგრამ ძალზე  ენერგიულია ჩემი ჟენია, ციბრუტივით შუძლია ტრიალი კიდევ ცეცხლივით ანთება ძალუძს ამ მადლიან ადამიანს. ყველაზე მეტად ჟენოს იმედი მაქვს, თუ რამე ცუდი და არასასურველი დამემართება და ვიცი რატომაც.

გახსოვს მეგობარო, დედაჩემი საავადმყოფოდან მომაკვდავი რომ გამომიწერეს და სახლში ვაცოცხლებდი, რეანიმაციის ექთანი ავიყვანე გადასხმებისთვის და კიდევ ნევროპათოლოგი და ღამეები არ მეძინა! გახსოვს, რომ მოხვედი ყავარჯენზე დაყრდნობილი, მე ლოგინში ჩაწოლის და დაძინების  უფლება  მომეცი და შენ შემეხიდე გაჭირვების ჟამს, ის ოთხი ღამე დედაჩემის ბოლო ღამეები აღმოჩნდა ჟენო!

2009 წლის 16 იანვარს, დილით მომიკვდა, იმ დროს, როცა მისთვის წამლის აბს ვფხვნიდი, რომ მერე წყალში გამეხსნა და შპრიცით, როგორმე გადამეყლაპინებინა. შენ იცოდი, რომ დათვლილი იყო მისი დღეები, მეც, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რა ვქნა, დედა იყო და თავი არ უნდა დამეზოგა მისთვის.

 იმ ოთხ ღამეს  ენერგია აღვიდგინე  და გმადლობ ამისთვის, რომ კონკრეტულად შენ აღმოჩნდი ჩემთვის ერთი დედმამიშვილის მსგავსი ადამიანი,  ვინც თვალის დახუჭვის უფლება მომცა და კიდევ რა მახსენდება იცი,  მათეს ბრმა ნაწლავის ოპერაცია რომ გაუკეთეს, მე მარტო ველოდებოდი საოპერაციოდან შვილის გამოყვანას და  შინაგანად მარტო ვგრძნობდი თავს.

 დროს რომ გადააჭარბეს, ავცახცახდი და ვინ იყო ის , ვინც მხარზე თბილი ხელი დამადო, ვინ! შენ, ჩემო ძვირფასო, გმადლობ!

ასე ვფიქრობდი, რაფაელე და ელია მოვიდნენ და წელზე შემომეხვივნენ, ისევ რომ დავაპირე ერთერთის, რა თქმა უნდ,ა ელიას ხელში აყვანა, მათეც გაჩნდა ჩვენს გვერდით და მკაცრად მითხრა, – ნუ ცუღლუტობთ თიკო დეიდა, ნუ!!!

დავღონდი და თავი დავხარე, ამასობაში, ირაოსთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა. არწივი დაგვემშვიდობა და დარჩა მთის წვერზე, გველიც გზად ჩამოგვშორდა. მივედით შინ მე, ბავშვები და ლეკვი. ვივახშმეთ, ამჯერად, ბროკოლის წვნიანი მივირთვით და ჰერიჰერი ლოგინისკენ. ჰო, კბილების გამოხეხვა არ დამვიწყნია. ჩავწექი ლოგინში ზაალის გარეშე, მაგრამ მაინც მაშინვე ჩამეძინა.

აი, უკვე მესამე დილა გამითენდა უცხო პლანეტაზე. საუზმეზე უარი ვთქვი, ვინაიდან რაფაელემ ჰერკულესის ფაფა მომიტანა, მაგრამ არც ნუშისა და ნიგვზის ნაკრებისთვის დამიკარებია პირი, მხოლოდ ციტრუსის წვენი დავლიე, მწყუროდა.

 ეწყინა რაფაელეს, მაგრამ არ შეიმჩნია. ტილო გადააფარა ფაფას, რომ მოგშივდებათ სადილამდე, მაშინ მიირთვითო, კარგი მეთქი და წავედი სასეირნოდ. ტბის ნაპირთან არ მივედი, იასამნებთან მომინდა ყოფნა, მათ შორის ჩავცუცქდი, მერე დავჯექი ბალახაბიბინებულ მიწაზე და ბოლოს დავწექი კიდც. გამოცლილი ბოთლივით ვეგდე კარგახანს, არაფერზე ვფიქრობდი. ჩიტების ხმის გაგონება მომინდა, მაგრამ არ ისმოდა, აქ არ იყვნენ ფრინველები, იასამნის ხეების ტოტებთან ერთი ჩიტიც არ მოფრენილა, გული დამწყდა, სამაგიეროდ, მოფრინდა არწივი, გაუჭირდა ვაკე ადგილას დაფრენა.

– გამარჯობათ ბატონო ბაღათერ.

– მოგესალმებით ქალბატონო თიკო!

არ ვიცოდი რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, ან რა მეთქვა მოლაპარაკე გოლიათი ფრინველისთვის. ვიდექი მის წინ თავჩაქინდრული.

– რატომ ხართ ასეთი სევდიანი?

– მეე?! – გავიკვირვე, ვინაიდან სევდიანი არ ვარ ბუნებით.

– ყველაფერი კარგად იქნება, მალე დაუბრუნდებით თქვენს ცხოვრებას, პლანეტას, ოჯახს, სამსახურს!

– ვიცი!

– კარგია თუ იცით, ჩვენ, აქ ყველას გვიყვარხართ, ერთადერთი ქალბატონი ბრძანდებით.

– შევამჩნიე, ბატონო.

– დაკვირვებული ადამიანი ბრძანებულხართ.

– რა ვიცი, ვცდილობ, ვიყო დაკვირვებული და დაფიქრებულიც.

– გიკვირთ ხომ, რაც თქვენს თავს ხდება.

– დიახ!

– გაინტერესებთ, მიზეზი თუ რატომ და როგორ ვმეტყველებთ…

– დიახ, დიახ საინტერესოა, თუ მეტყვით, დიდად დამავალებთ.

– გეტყვით საიდუმლოს! მეც თქვენსავით სული მიბოძა უზენაესმა ანუ დამაჯილდოვა ადამიანური სულით.

– რამხელა წყალობაა! – აღვფრთოვანდი.

– თქვენ მეტი წყალობა გერგოთ!

– რატომ?

– პირდაპირ ადამიანად გაჩნდით, სულით და ყველაფრით, რაც საჭიროა ჰომოსაპიენსისთვის.

– ისე, მართალი ბრძანდებით ბატონო ბაღათერ.

– მაინც არ მაქვს ადამიანური თვისებები, არწივად დავრჩი, ადამიანების დონემდე ვერ ავედი.

– ვხვდები რატომაც.

– ბრძანეთ.

– და რომ ვცდებოდე…

– მაინც ბრძანეთ!

– ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ალბათ არც ისე თავისუფალი ხართ, როგორც ადამიანები არიან.

თითქოს ჩაიცინა, – მე არ ვარ თავისუფალი?! – თავი დახარა, ისე, რომ არც კი გავუფრთხილებივარ, ცალი თვალი, რომელიც ჩემსკენ ჰქონდა მოპყრობილი, სახესთან ახლოს მოიტანა, თავად  ვიყავი ერთი ციცქნა, მის არწივურ სახესთან შედარებით და მისი ის ერთი თვალი, მე რომ მიმზერდა, მრგვალ მონიტორს ჰგავდა, თითქოს ვიღაცამ ვიდეოკამერით მოათვალიერა და გადაიღო სივრცე, გარემო, უზარმაზარი გორები, ტბები, ჩანჩქერები, კავკასიის მთებიც დავინახე და წარმოვთქვი აღტაცებით, – თქვენ, კავკასიის მთების შვილი ხართ!

– არა! – მიპასუხა არწივმა. ეს ჩემი მახსოვრობაა, ჩემი ადგილებია, სადაც თავს თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ. მათ ხსოვნას გულით ვატარებ და ჩემს თვალებშიც ჩანს ის სივრცე, რომელიც დედამიწაზე მაქვს მიკუთვნილი, თორემ კვერცხიდან გამოვიჩეკე, დედ-მამა მზრდიდა ჩვეულებრივ და მერე შევწყვილდი ჩემს საყვარელ გოგო არწივთან, მართვეების მოლოდინში ვიყავით, ის ერთხელ ბუდეში დავტოვე, მაგრამ, როცა მოვფრინდი,  ადგილი აფეთქებული დამხვდა, აღარც ბუდე იყო სადმე და აღარც ჩემი მეუღლე,  დავკარგე და დარდისგან მოვკვდებოდი, ღმერთს თქვენი მსგავსი სული რომ არ ებოძა, ამ პლანეტასთან რომ არ დავეკავშირებინე.

– ანუ, ეს პლანეტაც იმ ერთის შექმნილია?

– დიახ, ყველაფრის შემქნელი, სადაც არ უნდა აღმოჩნდე ,ის ერთია.

-ბატონო ბაღათერ, იქნებ გადარჩნენ თქვენები, იქნებ, თქვენი შვილებიც დაწყვილდნენ და ახალი სიცოცხლეებიც გააჩინეს.

– ეგ გამორიცხულია, თანაც და-ძმა არწივები არ წყვილდებიან, ჩვენც გვაქვს ჩვენი წესები, ბატონო!

და მე გამახსენდა, რომ იყო დრო, როცა ადამიანებმა და-ძმობა არ იცოდნენ, აი, მაგალითად ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას პირველად საკუთარი ძმა ქმრად  ჰყავდა, რომელიც მოაკვლევინა მსახურებს, რომ მისგან გათავისუფლებულიყო და არწივმა კიდევ… ეს რა მითხრა არწივმა!

– ეს ყველაფერი,მეუღლის დაღუპვის შემდგომ გებოძათ?

– დიახ, თქვენი სულია ხორციელ სამყაროში ყველაზე ძლიერი და იმიტომ, მაგრამ მე ისევ მონადირე ვარ, ხორცი უნდა ვჭამო, რომ ვიცოცხლო, სხვაგვარად არ შემიძლია,  არჩევანში  არ ვარ თავისუფალი.

– მართალი ბრძანებაა, ჩვენ კიდევ ყველაფერი შეგვიძლია მივირთვათ.

– მაგრამ, ვფიქრობ, რომ თქვენთან შედარებით მე უფრო თავისუფალი ვარ. თავში არასდროს მომივა იმგვარი რამეების გაკეთება, რასაც თქვენ აკეთებთ და ქმნით. თქვენ მიწიერ კანონებს ემორჩილებით, დამრღვევებს სჯით, შეგიძლიათ არ მოკლათ ერთმანეთი და ამას მაინც აკეთებთ, ხოცავთ, ებრძვით  ქვეყნები ქვეყნებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ერთმანეთს ღმერთის სახელით და არ გრცხვენიათ, ესაა თავისუფლება?!

– ვერ შეგედავებით! და თქვენ გაქვთ რელიგია?

– რაში მჭირდება, ჩემი რელიგია ჩემივე მადლიერების გრძნობაა უფლის წინაშე, რომ ვარსებობ და ვხარობ, ვლაღობ. მე არ გამაჩნია ერთი კონკრეტული, მონიშნული სამშობლო, არც  ფრინველათა მეფე ვარ სინამდვილეში, ამას თქვენ ამბობთ, ადამიანები. არც არავის ვეშუღლები, არც განათლება მჭირდება. მხოლოდ სიყვარულია ჩემი სიცოცხლის და არა ცხოვრების მამოძრავებელი ძალა, რაც უფლებას მაძლევს  სხვებს სიხარული ვუბოძო, თანაც განსხვავებული, ვიდრე ეს სხვა დანარჩენ არწივებს ძალუძთ!

რაფაელე მოგვიახლოვდა პატარა მანქანით, რომელსაც ურიკა ჰქონდა მობმული, იასამნის ყვავილებით იყო სავსე.

– გამარჯობათ! – გაგვიღიმა მან.

– იასამნები უნდა დაკრიფო რაფაელე? – ჰკითხა არწივმა.

– დიახ, რაც შემეძლო ქვემოთ დავკრიფე და ზედა ტოტებს ვეღარ ვწვდები.

დაავლო ფრთები არწივმა რაფაელეს და მაღლა აზიდა, – მიდი, მოტეხე საუკეთესო ტოტები!

– შეიძლება მეც დაგეხმარო რაფაელე? – ვკითხე მე.

– დამეხმარეთ, რასაც მისწვდებით დატეხეთ და ჩააწყვეთ ურიკაში.

– და რად გინდა რაფაელე ამდენი იასამანი?

– იასამნის ყვავილებისგან ზეთს ვხდი, თიკო დეიდა!

მეგონა ეს პატარა რაფაელე მთელი დღის მანძილზე  საუზმის, სადილის, ვახშმის გაკეთებას და პლანეტის დასუფთავებას ასწრებდა მხოლოდ და ამასაც თუ მოახერხებდა, ვერც წარმოვიდგენდი. სიამოვნებით დავეხმარე.

ავავსეთ ურიკა, იასამნების მთელი გორა დავაყენეთ. რაფაელე საჭეს მიუჯდა და ძალიან ნელი სვლით დაძრა მანქანა, უკან გავყევით, გზად დავინახეთ ტბასთან მჯდარი თავჩაქინდრული ელია, მარგალიტების მაძიებელი და ზაალი, ყეფა-ყეფით წრეს რომ არტყამდა პატარა ბიჭს და ხტუნვით იკლებდა იქაურობას. მივხვდი, მთის უკანა მხარეს მივდიოდით.

ბოლოს მთის კლდოვან ადგილს მივადექით სადაც,ლამაზად მოჩუქურთმებული კარი დაგვხვდა და კიდევ  კლდეშივე ამოჭრილი სარკმელი. რაფაელემ კარი გააღო, კვლავ საჭეს მიუჯდა და პატარა მანქანა შიგნით შეიყვანა.

აღმოვჩნდით მინი საწარმოში, სადაც იატაკზევე დამონტაჟებული იყო ვერცხლისფერ ხუფიანი ქვაბი.ქვაბისთვის მიეერთებინათ შუშასავით გამჭვირვალე მილები. იქვე, სამუშაო მაგიდასთან იდგა კომპიუტერი და სხვადასხვა ფერის ღილაკებიანი რადიოს მსგავსი დანადგარი. არწივი დოინჯშემორტყმული იდგა და რაფაელეს ბრძანებას ელოდა.

პატარა ბიჭი ღილაკებიან ხელსაწყოსთან მივიდა, წითელს დააჭირა პაწაწინა საჩვენებელი თითი, ქვაბს თავი აეხადა და რაფაელემ გასცა ბრძანება, – დაიწყეთ ქვაბში იასამნის ტოტების ჩაყრა.

არწივმა დაიწყო საქმე, მეც მას მივბაძე. ჩავყარეთ. ქვაბს თავი თავისით დაეხურა. ახლა მწვანე ღილაკს დააჭირა თითი და ცოტა ხანში ქვაბმა ქშინვა და თუხთუხი დაიწყო. მერე რაფაელემ დანარჩენ ორსაც, ყვითელსა და ლურჯს მიაჭირა თითი და მთლიანად ამუშავდა ქარხანა. შეამჩნია პატარამ, ამ ყველაფერმა როგორ დამაინტერესა და როგორი გაფაციცებით ვაკვირდებოდი იასამნის ზეთის გამოხდის პროცესს.

– თიკო დეიდა, – მომმართა რაფაელემ, – აი, ეს შავი ყუთი ფილტრია, აქ მიედინება ზეთი, გაფილტრული კი ჩაედინება, აი, ამ უზარმაზარ კოლბაში, სადაც მას აგრეთვე ერევა გამოხდილი წყალი, ზეთის სისქის გასანეიტრალებლად, აი, იმ პატარა შუშის მილებიდან შესაბამისი დოზით მასას ერევა სხვადასხვა სახის მინერალები, მარილები, მერე ეს ყველაფერი გადადის  სპეციალურ აპარატში და მუშავდება, ხდება ზეთის ორჯერ ინაქტივირება და ბოლოს ჩაედინება აუზში.  გაციების მერე ის მერე პროდუქტს ვასხამთ სპეციალურ ქილებში.

– თავად ასხავთ, თუ ამასაც ტექნიკა ასრულებს?

არა, მე, ელია, მათე და ბაღათერიც, თუ ჩვენთანაა, ისიც ახერხებს, ანუ ხელით ვასრულებთ სამუშაოს, – მიპასუხა რაფაელემ.

– მეც ჩამასხმევინებთ?

– დიახ, თუ სურვილი გექნებათ!

საშინლად დამაინტერესა თუ რატომ, რისთვის და რა მიზნით ხდიდნენ იასამნის ზეთს, თან ასე ბევრს… ბიჭმა მითხრა, რომ  ეს ზეთი მათეს მარმარილოს პლანეტაზე მიაქვს, სადაც იქაურები ამზადებენ  საპნებს, დუშგელებს, აბაზანის ქაფებს, შამპუნებს და სუნამოსაც კი. მერე გარკვეული რაოდენობის პროდუქციას უკანვე აგზავნიან  სხვა პლანეტელები, რომ მუდამ სუფთანი იყვნენ აქაურები. კოკოც კი თვეში ერთხელ იასამნის ქაფიან აბაზაში ნებივრობს თურმე, არწივიც  ბანაობს და ზუზუზე აღარაფერს ვამბობ. მეც ხომ ამ ნაწარმით ვსუფთავდებოდი ყოველ დღე.

ახლა ელიას მარგალიტების ბედმაც დამაინტერესა, სად მიდიოდა ამდენი მარგალიტი.

რაფაელემ მითხრა, რომ მარგალიტები დედამიწაზე მიჰქონდა მათეს და იქ ყიდდა, მერე იმ ფულით საკვებს და სხვა პროდუქტებს ყიდულობდა, ამოჰქონდა ამ პლანეტაზე. აი, ასე და ამგვარად ჰქონდათ აწყობილი თავიანთი ბიზნესი ბიჭებს.

დღევანდელი დღის სამუშაო შესრულდა, გათენებას უნდა დავლოდებოდი, რომ მეც საფუძვლიანად დავსაქმებულიყავი.

გამოვედით ქარხნიდან და გზა გავაგრძელეთ, ელია და ზუზუც შემოგვიერთდნენ, ბაღათერი გაფრინდა  და ზეციდან ჩამოგვძახა, – სასიამოვნო საღამო მოუწყვეთ თიკო დეიდას, ბავშვებო, გაულამაზეთ აქ დარჩენილი დღეები, ვერ ხედავთ, მოწყენილია!

სახლთან ახლოს, მათეს ზეცის მანქანაც იდგა, ესე იგი, შინ გველოდა.

შევედით სასტუმრო ოთახში, ის იდგა და გველოდა.

– თიკო დეიდა, ხვალ დილით შეგიძლიათ ყავაც და  ტკბილეულიც მიირთვათ, თქვენი გამოჯანმრთელება სწრაფად მიმდინარეობს.

– რა მჭირს, მათე?

– მაგას იქ გაიგებთ, რაც უკვე გჭირდათ და თავს განებებთ.

– ანუ, ერთი ჰოპლაღა დამრჩა?

– ზუსტად, ასეა.

– მოგვიყვებით ზღაპარს?-მკითხა ელიამ.

– ვერა, ელია, არ შემიძლია.

– რატომ?!

– ჩათვალე, რომ მე თავად ვცხოვრობ ზღაპარში და ამაზე უკეთესის მოგონება მიჭირს.

– გინდათ, ვახშმის შემდეგ მამის ოთახი გაჩვენოთ? – მკითხა რაფაელემ.

– პატარა პრინცის?! – გამიხარდა და თან გამიკვირდა.

– ჰო, სადაც ის ცხოვრობდა თავის მოლაპარაკე წითელ ვარდთან ერთად.

ვახშამი მზად იყო და სურვილი გამიჩნდა, გამეწყო სუფრა, ბავშვებმა ნება დამრთეს, რომ მოვმსახურებოდი.

ვივახშმეთ  და ახლა ალაგების და ჭურჭლის დარეცხვის სურვილი გამიჩნდა,  მომნატრებოდა დიასახლისობა და სასიამოვნოდ დაღლა, მაგრამ არ დამანებეს, ეს მეტისმეტია, სტუმრის დატვირთვა უზრდელობა და უპატივცემულობაა, დღეს ისედაც ბევრი იშრომეთო, ასე მიპასუხეს და მეც დავემორჩილე მათ ნებას. მერე, ავუყევით თეთრ კიბეებს და მივადექით პატარა პრინცის ოთახის კარს. მათემ კოსტიუმის ჯიბიდან ოქროსფერი გასაღები ამოიღო და კარი გააღო.

დიდი ოთახი აღმოჩნდა. ერთ კუთხეში ძალზედ ფართო საწოლი იდგა, საწოლთან ტუმბო, სავარაუდოდ, ამ ტუმბოზე იდგა ის ქოთანი, რომელშიც ვარდი იყო ჩარგული. კედლის მარჯვნივ იდგა ტანსაცმლის კარადა და გვერდით კომოდი. ფანჯარასთან საწერი მაგიდა და ფანჯრის გვერდით მარჯვენა მხარის კედელზე ეკიდა ნახატი, უბრალო ფანქრით შესრულებული, აი, ის ბატკანი, თითქოსდა ამ პლანეტაზე რომ უნდა ამოეყვანა, დედამიწელის მიერ დახატული ბატკანი მოუყვანია პრინცს და მისივე ოთახის კედელზე მიუჩენია ბინა. ლამაზი იყო, თითქოს იღიმოდა და თვალებსაც აპაჭუნებდა. ასე მეგონა, ქაღალდზე დახატული ბატკანი ამოძრავდებოდა, სურათიდან გადმოხტებოდა და პირდაპირ  ჩამიხტებოდა ხელებში. ოთახის ერთი მხარე საერთოდ თავისუფალი იყო, იქ სკამიც კი არ იდგა, მხოლოდ კარი იყო, რომელსაც იმგვარივე ღილაკები ჰქონდა, როგორც დედამიწაზე სეიფებს, ვიფიქრე, რომ აქ დიდი სეიფი იყო და შიგ განძს ან საბუთებს ან ორივეს ერთად ინახავდნენ ბავშვები. უთუოდ სეიფი იქნებოდა, ვინაიდან, ეს კედელი ეზოს მხარეს გადიოდა  და  კარი გარედან არ ჩანდა, ალბათ სქელი კედელი იყო, შიგ ჩადგმული სეიფით, აბა ეს კარი  კედლის გარეთა მხარეს რატომ არ გამოდიოდა,?! გარედან  არც აივანი ჰქონდა იმ მხარეს სახლს, ჰოდა, გადავწყვიტე, რომ სეიფი იყო, მაგრამ ზოგჯერ, რასაც ხედავ და ლოგიკასაც უთავსებ, შესაძლოა შემცდარი აღმოჩნდე, აი, ეს ამბავი დამემართა სეიფთან დაკავშირებით, კოდდადებული კარი აღმოჩნდა.

მათე მიუახლოვდა კარს, დავიძაბე და მხედველობა გავამახვილე, დავინახე იმ ციფრების კომბინაცია, რომელიც მან აკრიფა, ეს იყო 9 1 6 1 0 2 და დავიმახსოვრე, პირველად ჩემს სიცოცხლეში ციფრების კომბინაცია ჩამიჯდა  ტვინში, ჩამებეჭდა, როცა დედამიწაზე, ჩემი დაბადების წელი მავიწყდებოდა და არც ჩემი შვილების დაბადების დრო  მახსოვდა, აუცილებლად უნდა გადამეთვალა, რომ არ  შევმცდარიყავი.

მათე კარის სახელურს ჩაეჭიდა და თავისკენ მოქაჩა, კარი გააღო, გამოჩნდა საოცარი სივრცე, ზღაპარივით, დაუჯერებლად უცნაური სილამაზე. კიბეებისგან შემდგარი სამი გზა ცაში. სად მიდიოდნენ ეს გზები, არ ვიცი, ვინაიდან არ ჩანდა ის სამი ადგილი, უსასრულობაში იკარგებოდნენ კიბეების საფეხურები, არ ჩანდა სად მთავრდებოდა  სამი გზა, მაგრამ აღმართ-დაღმართები ჩანდა, ზოგან ამობურცული ადგილებიც, მიხვეულ-მოხვეულებიც, ისეთი საინტერესო სახილველი იყო, ლამის მუხლები მომეკვეთა, სასიამოვნო ნიავი და სურნელი შემოიჭრა ოთახში, იმედია, ეს ფაქტი იყო ბოლო გაოცება ჩემთვის, ამაზე მეტად კიდევ რას უნდა გავეოცებინე?! თუმც, ჯერ არ ვიცოდი რა იყო ეს, რა კიბეებიანი სამი გზა იყო, სად მიდიოდა, სად სრულდებოდა.

– ეს რა არის, ბავშვებო?!

– ესაა ჩვენი საიდუმლო კარი, ახლა უკვე თქვენც ხედავთ,  რაცაა კარს მიღმა!

– ჰოდა, ვერ ვხვდები რა უნდა იყოს!

– პირველი პირდაპირ მარმარილოს პლანეტას უკავშირდება, იქ ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ. მეორე კიბეებიანი გზა უსასრულოა, ეს მონატრების გზაა.

ხედავ იმათ, ვინც თქვენს გვერდით აღარ არიან  და საშინლად გენატრებათ. გული ვისზეც დარდობს, იმ ადამიანს დაინახავთ.

– ისიც დამინახავს?

– სამწუხაროდ ვერ დაგინახავთ, თქვენ ხომ დაინახავთ და გაგიხარდებათ, თუ ნახავთ, სადაცაა, კარგად რომაა?!

– კი, მათე, ეგეც გამიხარდებოდა და მესამე რა არის?

– ეს მომავლის გზაა, იმედის.

– პატარა უფლისწული მენატრება, შევხედოთ რა! – თქვა დაღონებულმა ელიამ.

თავზე ხელი გადავუსვი, ამომხედა დიდრონი ლურჯი თვალებით, ცრემლით ჰქონდა სავსე, მაგრამ არცერთი წვეთი ღაწვებზე არ გადმოსვლია. ვაჟკაცებმაც იციან ტირილი, მაგრამ ცრემლების შეკავებაც სძალუძთ, უკვე ამგვარ კაცად ჩამოყალიბებულიყო პატარა  ელია და უფრო მეტად შემიყვარდა.

– შენც გინდა, რაფაელე, პრინცის ნახვა?

– ჰო,ჰო, მინდა, მინდა!

– თქვენ, თიკო დეიდა!

– საოცრად მაინტერესებს, სამწუხაროა, რომ ის ვერ დამინახავს, ელიას მსგავსად, კოცნას გავუგზავნიდი შორიდან და კიდევ…

– კიდევ, გნებავთ რამე?

– ჰო! თუ შეიძლება, ერთი ჩემიანის დანახვას  მომიხერხებთ?…

– კეთილი, ოღონდ მხოლოდ ერთის დანახვას შესძლებთ, გადაწყვიტეთ!

დავიწყე ფიქრი, ვინ, ვინ დავინახო, მშობლები, ბებია-პაპები თუ თემური?

თემური მაინტერესებდა, რომ ვერ დამინახავდა ეგეც მისაღები იყო ჩემთვის, ვინაიდან, სიზმრებშიც მივეჩვიე, თუ როგორ ვერ მცნობდა და ზედაც არ მიყურებდა.

– ჩემი ქმრის დანახვა მინდა მათე!

ხელი გამომიწოდა: – მოდით ჩემთან!

მივედი, მაჯაზე ხელი წამავლო და ორივემ კარების ზღურბლს გადავაბიჯეთ, არ შემშინებია, უცაბედად შევკრთი, უცნაური და უცხო ხმები ჩამესმა ყურში.

– ეს, პლანეტების სუნთქვის ხმაა, – ჩამჩურჩულა მათემ.

– ამ პლანეტებს შორის, დედამიწის სუნთქვაც ისმის?

– რა თქმა უნდა, ამ გზებზე სრულიად სამყაროს სუნთქვა ისმის.

მათემ თავზე ხელის გული დამადო, ხმები თითქოს შეიცვალა. არა, ერთ ხმად დაკონკრეტდა, ოკეანის ღელვის მაგვარი ხმა იყო და არც მთლად იმდაგვარი. მთავარია, რომ წყლის ხმას ჰგავდა.

– ამდაგვარად ისმის აქ დედამიწის სუნთქვის ხმა.

– ჰოო, რა სასიამოვნოდ ისმის?! საკმარისია, მათე! ეხლა რა ვქნათ?

– კიბეზე ავიდეთ, თიკო დეიდა.

ერთ  საფეხურზე ხელი-ხელჩაკიდებულნი  ავედით, დავდექით და ვიგრძენი მოძრაობა, ადგილიდან ექსკალატორივით დაიძრა კიბეთა  წყება.

– რა ხდება?! – ვიკითხე გაოგნებულმა.

– ჩუ! გზა თავად ეძებს თემურს, სადაც ისაა, იქ გავჩერდებით და დავინახავთ.

უკან მივიხედე, სახლის კარებიდან ძალზედ მოშორებით ვიყავით უკვე, ჩვენ კი, უძრავად მდგომნი, წინ მივიწევდით.

გავჩერდით. მათემ საჩვენებელი თითით მიმითითა, თუ საითკენ მეცქირა თოვლივით  ქათქათა ცაზე და აი, გამოჩნდა თემურის ღიმილიანი სახეც, გული ამიფრიალდა. საიდანღაც  ბავშვები გამოჩნდნენ.  პატარები, ვისაც უკვე   ფეხზე დგომა და  სიარული შეეძლოთ და ისეთებიც,  სულ მთლად ჩვილები რომ იყვნენ. ბევრი მათგანი დედის მუცელშიც კი უნდა მჯდარიყო, ბევრს ემბრიონივით გარეგნობა ჰქონდა, ჰო, ვერ დადიოდნენ, სამაგიეროდ ფრთები მიბმოდათ, პეპლებივით დაფარფატებდნენ და ყველა ეს პაწია არსება თემურს ეტანებოდა, მასთან სიახლოვეს ცდილობდა. სიხარულით ამევსო გული. იქ, დედამიწაზე, ხომ ბავშვები უყვარდა სიგიჟემდე და აქ დახეთ, ბავშვებსაც როგორ მოსწონთ?! მათ გვერდით ყოფნა ბედნიერს ხდის, რა კარგია!  საბოლოოდ დავმშვიდდი, მეტს აღარ ვიტირებ, თემურ,  არ შეგაკრთობ ჩემი  ცრემლებით, აკეთე აქ ის, რასაც აკეთებ!

– მე მგონი საკმარისია, თიკო დეიდა, რაც გულში თქვით, დაპირება, რომელიც თქვენთვის ძვირფას ადამიანს გაუგზავნეთ, შეასრულეთ.

მათემ ხელზე ხელი მომიჭირა, შემოვტრიალდით კიბეზე, რომ უკუსვლით, საიდანაც წამოვედით იმავე ადგილს დავბრუნებოდით.

საოცარი სისწრაფით დაიძრა კიბეები, დაღმასვლის შეგრძნება მქონდა, მაგრამ სადმე გადავარდნის და დაცემის შიში არ გამჩენია, საკმაოდ მკვიდრად ვიდექით მე და მათე. გამოჩნდა სეიფივით ღიად დარჩენილი კარიც და მის უკან, ოთახში  ჩაცუცქული ორი პატარა ბიჭი.  დაგვინახეს თუ არა, გამხიარულდნენ და ტაში შემოჰკრეს.

– უჰ, დავიღალეთ! – წარმოსთქვა მათემ და პრინცის საწოლზე ჩამოჯდა: – ორი წუთი მადროვეთ და დაგანახებთ პრინცს!

ამჯერად, კარს მიღმა კიბეზე დგომა არ დაგვჭირვებია. ცას შევსცქეროდით ოთახიდან და ოთხივე მასზე ვფიქრობდით. ის სამი- სიყვარულით. მე კი სხვანაირად, ინტერესით… ვფიქრობდი, ნეტა როგორ გამოიყურება,ძალიან მოხუცია?!.. და დავინახე მაღალი, კაფანდარა, ჭრელთვალება ჭაღარათმიანი მოხუცი, ძველ საფრანგეთში  რომელიმე ლუდოვიკო მეფესავით შემოსილი. მომეწონა მისი უზარმაზარი ქუდი, რომელიც მოიხადა და სადღაც გააქრო. კიდევ, წითელი ხავერდის მანტია, ოქროსფერი ვარსკვლავებით  მორთული.

ჭორფლიანი მოგრძო სახე ჰქონდა მოხუცს, ოდნავ კეხიანი ცხვირი, წვერულვაშითა და აღნაგობით დონკიხოტს წააგავდა, რაღაცნაირი გრძელი კაცი იყო, რამაც ქართული ჩურჩხელა გამახსენა, როგორ გითხრათ აბა, ჩურჩხელასავით ჩამოქნილი, ვფიქრობ, რომ მატერიალური თვალსაზრისით, გემრიელ და შესახედად მშვენიერ რამეს შევადარე. გაიარ-გამოიარა პრინცმა და მერმე გულზე მიხუტებული ქოთნით, რომელშიც მოლაპარაკე ვარდი ცხოვრობდა, ჩაგვიარა და გაჰქრა. გული დაგვწყდა, მაგრამ გავიხარეთ.

ასე დამთავრდა ეს დღეც და რომ დავფიქრდი, ყოველი აქ გატარებული წუთი იყო ზღ აპრულად უცნაური, საინტერესო და საოცარი, ჩემს ოთახში რომ შევედი, ბედნიერებისგან მთვრალს ხარხარი ამიტყდა.

მესამე ნაწილი

ჰიპნოზი

გათენდა, ძალზედ ადრე გამეღვიძა, ფანჯარასთან დავდექი და ოთხჯერ ვიხილე მზის ჩასვლა, მომეჩვენა, რომ ამ პლანეტაზე ერთი კი არა, ბევრი მზე ჩადიოდა, თითქოს სადღაციდან მორბოდნენ და ჩვენს პლანეტაზეც უხდებოდათ გადარბენა. დილის ცხრა საათი რომ შესრულდა, ვერ მოვითმინე და სასტუმრო ოთახში გავედი. ელიას ესაუზმა და თავის  მეგობარ ძაღლთან ერთად მარგალიტების შესაგროვებლად მიდიოდა, დამინახეს და კაი გამარჯობაც მითხრეს, ზუზუმ თავისი ვარდისფერი ენით მთელი სახე გამილოკა და წინ წასულ ელიას გაეკიდა.

სამზარეულოში შევიხედე,  რაფაელე და მათე საუბრობდნენ. რაფაელემ ჰკითხა მათეს: – რა ვქნათ ხვალ, როგორ მოვიქცეთ?!

– რა მოვიფიქრო, რა ვუყიდოთ?

– მაგას სტუმრები და ხალხთან ურთიერთობა უყვარს, მათე, მოდი ისეთი სტუმარი მოვუყვანოთ, ვისაც აქამდე არ იცნობდა. ახლა მსგავსი სანდო ადამიანი არ მეგულება რაფაელე.

გამეღიმა, მივუახლოვდი ბავშვებს და ვუთხარი: – თუ ახლა ყავას დიდი ჭიქით დამალევინებთ, მე ზღაპრებს კი არა დედამიწურ ამბებს მოგიყვებით.

რაფაელე დაფაცურდა, მათემაც მოისურვა ჩემთან ერთად ყავის დალევა. – რაზე საუბრობდით ბიჭებო?

– ხვალ ელიას დაბადების დღეა და არ ვიცით, რით გავახაროთ, ამოგვეწურა ფანტაზიები.

ჩავფიქრდი და წამოვიძახე,-მე რომ ვაშლის ნამცხვარი გამოვუცხო!

– მშვენიერია. – თქვა მათემ.

– მარტო ნამცხვარი გვეყოფა? – იკითხა რაფაელემ.

– ჰო, ელია არაა უბრალოდ ბიჭი, ის ძალიან კარგი ბიჭია, როგორც თქვენ, ამიტომ სჯობს მე გავაკეთო რამდენიმე თავი კერძი ჩემებურად, მე ხომ თქვენნაირად არ ვაკეთებ.

– რის გაკეთებას აპირებთ? წვნიანი აუცილებლად უნდა იყოს, იცით რამე განსხვავებული?

– ვიცი, ჩიხირთმა ვიცი, მჟაუნის, ყველის, სოკოს წვნიანები, უი, კიდევ  მაწვნის შეჭამანდიც.

– ეგ რაღაა! – გაიკვირვა მათემ.

– ესაა ქართული წვნიანი, მაწვნით კეთდება.

– საინტერესოა! – წამოიძახა რაფაელემ.

– მაგ მაწონს მოგიტანთ დღეს საღამოს, თიკო დეიდა, – მათემ მობილური ტელეფონი მოიმარჯვა, – მოდით, ჩამონათვალი გავაკეთოთ, რა არის საჭირო, ჩამაწერინეთ.

– გეტყვი, მიდი ჩაიწერე. ბადრიჯანი, ქათამი, ნიგოზი, კამა, ქინძი, პიტნა, ტარხუნა,  ოხრახუში, ბრინჯი, ყვითელი ყვავილი, ცოტა კურკუმა, წითელი პილპილი, ცოცხალი პამიდორი, ხახვი და ნიორი ვიცი, რომ გაქვთ.

ქათმით რა უნდა გააკეთოთ?

– ჩახოხბილი, – რაფაელეს გავხედე, – გაგიკეთებია ოდესმე ბიჭო ჩახოხბილი?

რაფაელემ თავი გააქნია, – მხოლოდ ბულიონი ვიცი, ჩახოხბილი არა.

– მოგეწონება, ცოცხალ პამიდორს დავჭრი და ასე ჩავშუშავთ ქათმის ნაჭრებს, პირველად შენ უნდა დაგაგემოვნებინო.

– შევჭამ აუცილებლად,-მიპასუხა რაფაელემ, შემდეგ მათეს მიმართა: – გავალ, შევუდგები მუშაობას, თიკო დეიდა, ოთხი საათისთვის მოდით საწარმოში, რომ ზეთი ჩავასხათ ჭურჭელში.

– კარგი შვილო, მოვალ.

– ჩემი წასვლის დროცაა, დღეს რომ ამოვიტანო მაწონი, ხვალ ხომ ივარგებს?

– მაცივარში თუ შევინახავთ, ივარგებს, ორი ქილა იყიდე, მათე.

– არის უფროსო! – „ჩესტი“ ამიღო მათემ და თავისსავე ხუმრობაზე გაეცინა.

გავიდნენ ბიჭები, მარტო დავრჩი. კედელზე დაკიდებულ საათს შევხედე, დილის თერთმეტი საათი ხდებოდა. ავწრიალდი, არ ვიცოდი რა მეკეთებინა და  მეორე სართულზე ავედი, პატარა უფლისწულის ოთახის კარს მივადექი, სახელური ჩამოვწიე და კარი გაიღო, შევედი, მივიხედ-მოვიხედე და კოდირებული კარის წინ აღმოვჩნდი, დამახსოვრებული ციფრების კომბინაცია ავკრიფე, მაგრამ კარმა ხმა ამოუშვა „ტუუუ“. სულ ტყუილად დამიმახსოვრებია ციფრები, კარი ისედაც ღია ყოფილა, ჰოდა გამოვაღე. უჰ! ისევ ის უცნაური, შრიალის მსგავსი ხმები, ნიავი და სურნელი. სამყაროს სუნის შეყნოსვა და სუნთქვის ხმის გაგონება უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა, თითქოს ვიზრდებოდი, თითქოს ფილტვები უცნაური ჟანგბადით მევსებოდა და იმასაც მივხვდი, რომ ამ მომენტამდე თავი მუდმივად მტკივებია და იმდენად მიჩვეული ვყოფილვარ, რომ ვერც კი ვგრძნობდი. ტკივილია, აბა რა, როცა იგრძნობ, რომ თავში ნასკვი გაგეხსნა და გათავისუფლდი.

ჩავიმუხლე  და ქვემოთ ჩავიხედე, რადგან წინა დღეს ვერ მოვასწარი,კიბეებს ქვემოთაც  ჩამეხედა, იქაც თეთრი, ფაფუკი ღრუბლები იყო, სხვა არაფერი ჩანდა. სამ კიბეებიან გზას გავსცქეროდი, ერთი ფეხი გადმოვყავი კარების ზღურბლიდან და მეორეც დავდგი, ისევ გამიჩნდა სურვილი, ზეცად წასული ვინმე ჩემიანი მენახა. დედა, მამა, ბებიები და რა   ვიცი… მაგრამ გადავიფიქრე, დავდექი მონატრების გზის კიბეზე და უშიშრად გადავედი პირველ  გზაზე, რომელიც მარმარილოს პლანეტისკენ მიდიოდა. დავინტერესდი, აბა თუ დაიძვრებოდა კიბეები ექსკალატორივით, მაგრამ არ დაიძრა. ჰორიზონტს გავხედე და დავინახე ცეცხლოვანი ბურთი, რომელიც ჩვენკენ, ანუ ამ სახლის კარებისკენ მოფრინავდა, ბურთი ნელ-ნელა დიდდებოდა. არ შემშინებია, კარგა ხანს ვუყურებდი და შევამჩნიე, რომ ამ ცეცხლს ფეხები ჰქონდა, ადამიანის არა, ცხოველისა, ცოტაც და უკანა ფეხებიც გამოუჩნდა. ორმოცდაათს კი გადავაბიჯე, მაგრამ შორს კარგად ვხედავ, ახლოს ხედვა არ მივარგა. ცეცხლოვანი ფეხებიანი ბურთი მოიწევდა, დიდდებოდა და ველოდი მომენტს, უკეთესად დამენახა, რა იყო სინამდვილეში, და ეს ლომი იყო, უზრმაზარი ხვადი ლომი, ყვითელი დიდი თავითა და მოელვარე ოქროსფერი ფაფრით. სწრაფად შემოვტრიალდი, გადმოვხტი ოთახში და კარი მივიჯახუნე, თან პირჯვარიც გადავიწერე. ვიეჭვიანე, მათეს ორივე კარი ღიად ხომ არ დარჩა – თქო. ვაიმე, რამე ბოროტი არ იყოს და ამ ბავშვებს ხიფათი არ შეამთხვიოს, ხუმრობა საქმეა?! როცა გზად ლომი მორბის, თავზე წაკიდებული ცეცხლით, მაგრამ მათე მოწესრიგებული ყმაწვილია, არ დარჩებოდა ღიად კარები, თუნდაც დაეტოვა, ამ მხეცს რა დააკავებს, არც არაფერი. გამოვიძურწე უფლისწულის ოთახიდან, სამზარეულოში დავბრუნდი, გული მიფრიალებდა, წასვლაც არ მინდოდა, მაგრამ ვერც შინ ვრჩებოდი, ამიტომ გარეთ გავედი და გამახსენდა კოკო და დავუძახე: – მივმართე: – კოკო, როგორ ხარ!

– არა მიშავს ქალო, შენ როგორ ხარ, წნევამ აგიწია?!

– ცუდად მოვიქეცი და გულიც ამიტომ მიცემს გამალებით.

– ხო, გული აგჩქარებია, მაგრამ თავში ყველაფერი იდეალურად გაქვს მოწყობილი.

– მართლა? აბა, რომ გკითხო, რა მჭირსო, არც მიპასუხებ და, რა ვიცი!

–  შეშფოთებული ჩანხარ, მითხარი, რა მოხდა!

– კი, კოკო, ცუდად მოვიქეცი!

– შეენ?! მითხარი, რა დააშავე ამისთანა.

– რა და, პრინცის ოთახში შევედი, ის თეთრი კარი, სეიფს რომ ჰგავს დაკეტილი არ იყო, გავაღე და…

– ჰო, მერე…

– ჰოდა, მარმარილოს პლანეტიდან ლომი მოჰქროდა, პირდაპირ ჩვენსკენ და…

– შეგეშინდა?!

– ჰო, ძალიან!

– რას ამბობ, შენ არ უნდა შეგშინებოდა…

– არა, არა, ჩემ გამო კი არა, აქ არ შემოვარდეს და ბავშვებს არა დაუშავოს მეთქი, რა ვქნათ? მოდი ჩავკეტოთ კარი რა!

– დარჩეს ყველაფერი ისე, როგორცაა, ნუ გეშინია, ამ ბავშვებს არავინ ემტერება, არც ამ პლანეტას.

– აბა, აქეთკენ მორბოდა და…

– ეს გზა მარტო ჩვენ კი არ გვიკავშირდება… მოდი ტბასთან, გამოეცალე მაქაურობას.

დავუჯერე, ტბისკენ წავედი. დავინახე ელიაც, კოკოც და ზუზუც, როგორც ჩანს, ისვენებდნენ. ისხდნენ ქვიშიან ნაპირზე და ელია ზუზუს თავზე ეფერებოდა,  ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი კოკო კი, ყვითელი ფერის შლანგს ჰგავდა და თვალი ჩემკენ ეჭირა, მივუახლოვდი თუ არა, კოკო მაშინვე ქვიშაზე გაწვა: – უჰ, შენ რა გითხარი, მომწყდა კისერი, ცოტა ჩქარა ვერ ივლი?

– ჩქარა რა, სად მეჩქარება რო?! – ვუპასუხე და გვერდით მივუჯექი.

– გელოდათ გულით, ახლა მაგას თავზე გადაუსვით ხელი, მეტს კი არაფერს გთხოვთ!- გადაიკისკისა ელიამ.

– მეცა რა, მეც მინდა! – წამოიყვირა ზუზუმ, და ისიც ჩემთან მოვიდა: – ამას თავზე გადავუსვამ ხელს, აი, შენ კი, დრუნჩზე გაკოცებ! – ხელი წავავლე ფუმფულა ზუზუს და მკერდში ჩავიკარი, დანაქადნებიც შევასრულე. ლეკვმა თათები ტუჩებზე დამადო, კიდევ მომეფერე და დრუნჩზე მაკოცეო.

– მიდი ელიასთან და გვაცალე რა!-გაუბრაზდა ზუზუს სისინა ხმით კოკო.

ელიამ მაჯის საათს დახედა, რომელიც კომპასი მეგონა. უხდებოდა ელიას პატარა მაჯას საათი, მაგრამ მისთვის ძალიან დიდი იყო და გამეღიმა.

– ზეთის გამოსახლად მივდივარ!

 წამოვხტი, – მეც მოვდივარ ელია, უნდა დაგეხმაროთ! – კოკოს და ზაალს გავხედე.

– ჩვენ არ მოვდივართ! – მითხრა ზუზუმ.

– რატომ?!

– მე არ შემიძლია, ამას კიდევ, არც ხელები აქვს და არც ფეხები! – მიმითითა გველზე.

მივედით ზეთის გამოსახდელ საწარმოში, ბაღათერსა და რაფაელეს საქმე დაწყებული ჰქონდათ, ჩვენც მოგვაწოდეს ყავის მადუღარას მსგავსი ჭიქა, აგრეთვე ლამაზი ბოთლები. საძნელო საქმე არ იყო. უზარმაზარი ჭურჭლიდან ჭიქით უნდა ამოგვეღო ზეთი და ჩაგვესხა საფირმო პატარა ბოთლებში, მერე თავზე შუშის ხრახნიანი თავსახური მოგვეჭირა.

უცბად მოვრჩით საქმეს, მაგრამ ძალიან დავიღალე, გზად რომ მოვდიოდით, ფეხებს ძლივს მოვათრევდი. მათე შინ დაგვხვდა, რომელსაც ვაშლები ამოეტანა დედამიწიდან. სხვადასხვა ჯიშის ვაშლები დაელაგებინა უზარმაზარ ბროლის ვაზაზე.

რომ დავინახე ყვითელი, მწვანე, ვარდისფერლოყება ნაირნაირი ვაშლი, გავხალისდი. ვახშმობა არ მინდოდა, ამიტომ, პირველად მწვანე ვაშლი ავიღე, რომ ჩამეკბიჩა. ბავშვებმაც შეჭამეს და ზუზუც გემრიელად ახრაშუნებდა.

– რომელს გამოიყენებთ ნამცხვრისთვის? – მკითხა მათემ.

– ყველას სათითაოდ, უფრო ლამაზი იქნება შესახედად ფერადი ვაშლების ნაჭრებით მორთული ნამცხვარი.

შევიხედე სამზარეულოში, ყველა ინგრედიენტი, რაც ჩავაწერინე მათეს, ადგილზე დამხვდა.

საძინებელი ოთახისკენ წავედი, ბავშვებიც გამომყვნენ, გამიკვირდა, წინა საღამოებზე, ძილის წინ, ოთახში არავინ მომყვებოდა, ზუზუც კი ჩემს ოთახში შემოვიდა. ვიფიქრე, ელიას დაბადების დღის საკითხები უნდა განვიხილოთ თქო, მაგრამ არა. მერე ვიეჭვიანე, რომ იცოდნენ დაუკითხავად იმ ოთახში რომ შევედი, კარს მიღმა სამყაროში. ცოტა არ იყოს, შემრცხვა და წინასწარვე თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მაგრამ არც ამ საკითხს შეხებია ვინმე. მიბრძანეს საწოლზე დავწოლილიყავი.

– ასე, ტანსაცმლიანად?!

თავი დამიქნია მათემ, – დაწექით და თვალები დახუჭეთ, დანარჩენს მერე მოგახსენებთ.

– რატომ მათე?

– ჰიპნოზი უნდა გაგიკეთოთ, ნურაფერს მკითხავთ, არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი.

დავემორჩილე, დავწექი და თვალებივ დავხუჭე, ვიღაცამ თავსქვეშიდან ბალიში გამომაცალა.

– მოდუნდით და თქვენთვის ძვირფასი ადამიანის სახე გაიხსენეთ.

მყისვე ნანიკოს ლამაზი სახე დამიდგა თვალწინ, ჩემი ქალიშვილისა.

– მესამე მზე თქვენში შემოსვლას იწყებს .

რაო?! გამიკვირდა. მესამე მზეო?! ფეხის თითები გამიხურდა, სითბომ ნელ-ნელა ზემოთ იწყო ამოსვლა და მუცლის არეში გაჩერდა. დედამიწაზე ყოფნისას სულ მქონდა მუცელში პრობლემები, ყველანაირი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს და მივხვდი, რომ მესამე მზე იქ, იმ ადგილას, შიგნით რაღაცეებს მისწორებდა უმტკივნეულოდ, ფაქიზად, ნაზად.

– როცა წვას იგრძნობთ, ხელები ასწიეთ ზეცისკენ, სანამდეც შეძლებთ, იქამდე, მაქსიმალურად და სთხოვეთ, რომ გამოვიდეს და გაგათავისუფლოთ.

ავწიე ხელები, ოღონდ ბოლომდე ვერა და მესამე მზეს თხოვნით მივმართე ხმამაღლა:-მესამე მზეო, გამობრძანდით ჩემი სხეულიდან.

სითბო წელის არეში გადამივიდა, იღლიებთან ცოტახნით შეჩერდა, შემდეგ მხრებზე გადაინაცვლა, თითქოს მასაჟს მიკეთებდნენ, მკლავებზე ხელიც კი ჩამომისვა ვიღაცამ, თითქოს მეფერებოდა. სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა, ჩემი თემურის ხელები გამახსენდა, ზუსტად ასე და ამდაგვარად იცოდა მკლავებზე მოფერება და უცებ ტკივილი ვიგრძენი მაჯებში, თითქოს ჩაქუჩით მიმტვრევდნენ მაჯებს, არა, ამგვარ ტკივილს ვერ გავუძლებდი, არ შემიძლო. სივარვარე ხელის მტევნებზე გადავიდა, ცოტათი განელდა ტკივილი, ასატანი გახდა, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ვდნებოდი და სულ მალე წყლად გადვიქცეოდი, იქნებ პატარა წყაროდ, მდინარედ, ზღვად… იქნებ, სიცოცხლესაც ვემშვიდობებოდი.

– ჯანდაბას ჩემი თავი! – წამოვიყვირე.

– ყველაფერი კარგადაა, თიკო დეიდა! – ჩამძახა მათემ.

როგორც ჩანს, მესამე მზის ენერგიამ გამოსვლა დაიწყო ჩემი სხეულიდან და ეს ხდებოდა  ორივე შუათითიდან, მაღლა და მაღლა ამეწია მკლავები, მეგონა, ცას მივწვდი მეთქი. გამორაკრაკდა რაღაც მნიშვნელოვან ტკივილთან ერთად მესამე მზე, გამოანათა და გაქრა. მკლავებიც უღონოდ დაცვივდა საწოლზე.

გამეღვიძა, ენერგიით ვიყავი სავსე. ბიჭები მიღიმოდნენ, კოკოს თავი თავისსავე სხეულის ქვეშ ჰქონდა მოქცეული, მითანაგრძნობდა და არ სურდა ჩემი წამებისთვის ეცქირა. არწივიც ზემოდან დამყურებდა, ზუზუც წკმუტუნებდა.

– ყველაფერმა  კარგად ჩაიარა, მათე, ყოჩაღ! – თქვა რაფაელემ.

– ჰო, დავასვენოთ და დღესვე გავატაროთ მეორე ეტაპიც.

– გთხოვთ! – წარმოვთქვი მე.

– ვფიქრობ, რომ მეორე მზესაც გაუძლებთ, – მიპასუხა მათემ.

– რომ ვერ გაუძლოს! – შეშფოთდა ელია.

– არა უშავს, დავეხმარებით,-უპასუხა მათემ, მომიახლოვდა და სახეზე დამაკვირდა, მერე ყველა იქ მყოფებს,-შეხედეთ, ქალი აშკარად გაახალგაზრდავებულია და საჭიროებს მეორე მზესაც.

– არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, მათე, მხოლოდ ის ვიცი, რომ ცუდს არაფერს გამიკეთებთ. მაცალე, მინდა გიყუროთ და იმედით დავხუჭო თვალები. მე ხომ თქვენს მეტი ამ პლანეტაზე არავინ მყავს, მიგეჩვიეთ, შემიყვარდით, მაცალეთ ცოტა ხანს.

– კეთილი! – მიპასუხა მათემ.

ელიას კი, კურცხალი გადმოუვარდა მარცხენა თვალიდან, რაფაელეც თავდახრილი იდგა, ზუზუს პირი დაეღო, ვარდისფერი ენა გადმოეყო და ქასქასებდა. ყველა  შეუდარებლად ლამაზი იყო, კოკოც კი, თავისი შლანგივით სხეულით. შემომხედა კოკომ და ფიქრი გამომიგზავნა, – რა იყო, რას მომშტერებიხარ!

– ლამაზი გველი ხარ, შენ! – გავეცი ფიქრით პასუხი.

– დამცინი?!

– არა, ლამაზი ხარ და საყვარელი,-გულწრფელად ვუპასუხე.

კოკომ აწეული თავი იატაკს დაანარცხა და საყვარლად გამომხედა, ერთობ ნასიამოვნები დარჩა ჩემი კომპლიმენტით. დიახ, ალბათ არის გველებშიც ისეთი რამ, რაც უნდა მოგწონდეს, მეტიც,  გიყვარდეს და თუ ვერ გიყვარდება, პატივს მაინც სცემდე.

– დავიწყოთ, თიკო დეიდა?

– დავიწყოთ მათე, იმედია არ მოვკვდები!

– არა, რას ამბობთ! – შეშფოთდა მათე და დაიწყო მზადება, რომ ჩემ სხეულში შემოსულიყო მეორე მზე. კვლავ დამეძინა და მეგონა, ზღვისპირას ვიწექი თავქვე, გონებადაბინდული და მზის აბაზანას ვიღებდი, ანუ ვირუჯებოდი. ეს მზე რატომღაც ფეხის თითებიდან კი არა, ზურგიდან მომეპარა, სხეულის უკანა მხარე მიხურდა, მაგრამ არც ისე შემაწუხებლად. არ ვიცი, რამდენხანს გაგრძელდა ასე, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ზურგმა და სხეულის ქვედა ნაწილმა გაგრილება დაიწყო. მათესგან ბრძანება არ მომსვლია, რაიმე მეთქვა მეორე მზისთვის, მაგრამ თვალმილულულმა მეორე მზის მიმართ მადლიერება გამოვხატე უსუსურად,  წავრმოვთქვი ყველას გასაგონად, კვნესითა და ჩურჩულით, – გმადლობ, მზეო!

უმტკივნეულოდ გამოვიდა მეორე მზე ჩემი სხეულიდან. მათემ არ დამასვენა,  გონებადაბინდული დამაყენა პირველ მზესთან შესახვედრად.

პირველი, ყველაზე ძლიერი და მთავარი. ის ჩემში შემოვიდა თავიდან, ტკივილი გაძლიერდა, რომელიც ხერხემალზეც გადამივიდა.

– თიკო დეიდა, თავად გამოიყვანე მზე სხეულიდან, თვალყური მიადევნე მის მოძრაობას.

– საიდან გავიყვანო მათე!-ვკითხე თვალდახუჭულმა

– კარგი იქნება, თუ გულიდან გააცილებ.

– მესამე ფეხებიდან შემობრძანდა, მეორე ზურგიდან, ეს ჩემი თავიდან მათე!

– გაიყვანე გულიდან!

– არ შემიძლია მათე!

– რატომ?

– უკვე გულიც გაიარა და მის ქვემოთაა, ვარვარებს!

მათეს ხელები თავზე შემეხო და მე კვლავ გავიღვიძე.

– რას გრძნობთ?

– მათე, პირველი მზე ჩემშია, არ გასულა.

– ჰოო, არაუშავს, დარჩეს ცოტახნით, დაიძინეთ და ხვალ დილით კარგად იქნებით.

ბავშვებმა თხელი პლედი გადამაფარეს, გაუნძრევლად ვიწექი, არ შემეძლო მოძრაობა და ვდარდობდი ელიას დაბადების დღეზე რომ ვერ შევძლებდი ჩანაფიქრის განხორციელებას. ამ პატარა ბიჭს ჩემი ამგვარი მდგომარეობის გამო არ ექნებოდა არც ჩახოხბილი, არც ნიგვზიანი ბადრიჯანი, არც მაწვნის შეჭამანდი და აღარც ვაშლის ნამცხვარი. მე ხომ დავპირდი, ხომ დავპირდი!  ჩამყვა დარდად გულში.

ცეცხლოვანი ლომი

გათენდა, ჩიტების ჭიკჭიკს  არ გავუღვიძებივარ, აქ მხოლოდ უზარმაზარი არწივი ბინადრობდა, ისიც ხშირად არ იმყოფებოდა ამ პლანეტაზე, ვინაიდან დედამიწა მეტად უყვარდა, თავისად მიაჩნდა. აქ იმიტომ იყო, რომ ეს სამი ბიჭი შეიყვარა და თავს ვერ ანებებდა.

ეჰ, როცა აქედან წავალ, მეც მომენატრებიან ეს ბავშვები, დავიტანჯები. აი, ბაღათერის ფრთები და შესაძლებლობები, რომ მქონდეს, მეც ამოვფრინდებოდი, ან მათეს მსგავსი მანქანა, რომ მყავდეს, კარგი იქნებოდა. არაფერი სჯობს ამათ ყურებას, როცა რამეს აკეთებენ, თან რა ხარისხიანად, გასაოცარი ბიჭები არიან და ყველაფერი იდეალურია აქ. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ რაფაელემ შემომძახა: – თიკო დეიდა, აბაზანა მზადაა და ჩაწექი!

გავიტრუნე. დააკაკუნა. ისევ არ გავეცი ხმა. შეშინებული შემოვარდა ოთახში, მე კიდევ ვუღიმოდი და ვაპარპალებდი თვალებს, რაფაელესაც გაეცინა.

– საქმეს როდის ვიწყებ, საქმეს, დღეს ხომ ელიას დაბიდუბია?

– კი, არის, თვითონაც იპრანჭება და უხარია.

– მოდი მაშინ, წამოგყვები, აბაზანა მოიცდის!

– არა, უნდა ჩაწვეთ, ისე ენერგია არ გექნებათ,-ხელი მომკიდა მაჯაზე და წამოდგომაში დამეხმარა, სააბაზანოში შემიყვანა, მე კიდევ საშინლად მეზარებოდა ამ პროცედურის ჩატარება, მაგრამ სხვა რა ჩარა იყო.

სამზარეულოში ფუსფუსის დროც დადგა. ელია, რომელიც ონკანის ნიჟარასაც კი ვერ სწვდებოდა,  რეცხავდა პროდუქტებს სკამზე შემდგარიყო და ისე. მათე ქათმის ხორცს ჭრიდა. გავხალისდი, დავიწყე ნამცხვრით.

რაფაელე ბეჯითი შეგირდივით მიყურებდა, იმახსოვრებდა და ფიზიკურადაც მეხმარებოდა. სასიამოვნოდ დავიღალეთ.

მოსაღამოვდა და სუფრის გაწყობის ჯერიც დადგა, მაგრამ ბავშვებმა სუფრა მაგიდაზე კი არა, იატაკზე გაშალეს  აღმოსავლურ სტილში და მუთაქებიც დაყარეს, რომ სტუმრებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. პლანეტის მაცხოვრებლები ყველანი ჩვენიანები იყვნენ.  სუფრა შინაურთათვის, ისიც იატაკზე. უცნაურია, მაგრამ სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო და მეც ასე მოვიქეცი..

ლამაზი კაბა ჩავიცვი, წითელი, შავ კოპლებიანი. დამღალეს ამდენმა კოპლებმა, მაგრამ ბავშვებს ასე მოსწონდათ ჩემი შემოსვა.

სასტუმრო ოთახში გავედი და რას ვხედავ, ლომი არ მოკალათებულა იატაკზე?! ის იყო, ის, წინ დღით რომ დავინახე. შემომხედა ოქროსფაფრიანმა, გავუღიმე.

– ხომ არ დაგაფრთხეთ ქალბატონო თიკო?

– არა, თქვენ ალბათ ამ ბიჭების მეგობარი ბრძანდებით.

– ჩათვალეთ, რომ თქვენიც.

– დიდი პატივია ჩემთვის, როცა ცხოველთა მეფე მიმეგობრდება.

ლომი წამოდგა და თათი გამომიწოდა, მივედი და ჩამოვართვი ხელი. ადამიანივით თითები ჰქონდა, მაგრამ ბრჭყალები უზარმაზარი, გალესილი დანებივით. შევამჩნიე, თათის ჩამორთმევის დროს, მან ბრჭყალები შესწია, დამალა.

– მეფე არ ვარ ქალბატონო თიკო, მკურნალი ლომი ენვერი ვარ, რომ იცოდეთ, თქვენ ჩემი პაციენტი ხართ დღემდე.

– მართლა?! – გავიკვირვე.

ბიძია ენვერ! – ჩემს ზურგს უკან დაიყვირა ელიამ, მივარდა ლომს და კისერზე ჩამოეკიდა.

– როგორ ხარ ვარსკვლავბიჭუნავ? – ჰკითხა ენვერმა ელიას.

– არა მიშავს, გამახარე, რომ მესტუმრე.

ლომმა ბიჭს თათი ხელივით გადაუსვა თავზე და უთხრა, – აბა, ნახე, რა მოგართვი, მაგიდაზე დევს.

ელია მივიდა მაგიდასთან და ცისფერი მარმარილოს ქვა აიღო, რომელსაც კვერცხის ფორმა ჰქონდა, – ეს ხომ სიბრძნის მარმარილოს ქვაა! – წარმოსთქვა აღფრთოვანებულმა.

– ჰო, შენ ხომ ყოველთვის მოგწონდა!

– ჩემთვის გაიმეტე?! მერე შენ… – დაღონდა ელია.

– მე უკვე მაგის გარეშეც ჭკვიანი ვარ, ქვამ, რაც შეეძლო, ყველაფერი მასწავლა, ახლა შენი ჯერია, ელია.

ყველა შემოვიდა, არწივი, კოკო, ზუზუ, მათე, რაფაელე, ყველამ ლამაზად შეფუთული საჩუქარი მოიტანა. კოკოს საჩუქარი ყველაზე პატარა იყო და ზუზუს მსგავსად, შეფუთული საჩუქარი  პირით ეკავა, რა ექნა აბა, მას ხომ არც ფეხები არგუნა უზენაესმა და არც ხელები.

არ ვიცი, ვინ რა მოართვა, ელიას საჩუქრები არ გაუხსნია, მას ის უფრო ახარებდა, ყველანი ერთად რომ ვისხედით.

კოკოს რძეში ჩამბალი მარწყვი მიართვეს, მათეს და რაფაელეს ნიგვზიანი ბადრიჯანი მოეწონათ, არწივს ჩახოხბილი, ელია კი მაწვნის შეჭამანდზე ამბობდა, – უჰ, უჰ, რა კარგია, ზუსტად საჩემოა.

ღვინოც კი მოსვეს და მერე ერთხმად დალოცეს. ვიჯექი მუთაქაზე და გულაჩუყებულ;ი შევსცქეროდი ამ ზღაპრულ სურათს. აბა, რომელი მხატვარი მოიფიქრებდა ამგვარ ამბავს, რომ მერე ტილოზე გადაეტანა?!

საღამო დასასრულს მიუახლოვდა, დესერტის შემოტანის დროც დადგა. მათემ მოგვართვა კანფეტები, შოკოლადები, მაგრამ ამ ტკბილეულისთვის ზედ არავის შეუხედავს, ყველას ჩემი ნახელავი ვაშლის ნამცხვრის გასინჯვა სურდა.

რაფაელემ დაიწყო უზარმაზარი ნაჭრების დაჭრა, უპირველესად ენვერს მიაწოდა, მანამდე არაფერი ეჭამა, მხოლოდ ღვინოს გაუსინჯა გემო, რომ ელია და მე ვედღეგრძელებინეთ.

მეორე უზარმაზარი ნაჭერი ბაღათერს მიართვა. შემდეგ ჩვეულებრივი ზომის ნაჭრები ჩამოჭრა, მაგრამ ყველაზე მომცრო კოკოს არგუნა.

სიჩუმე ჩამოვარდა, ყველას  ვაკვირდებოდი, მივხვდი, ნამცხვარი მართლა გემრიელი გამომსვლოდა.

ენვერმა თეფშზე დადებულ ნამცხვრის ნაჭერს დაყნოსა, შემდეგ მარჯვენა თათით აიღო და დააგემოვნა, ლამის გავგიჟდი, ლომი ნამცხვარს  მიირთმევდა, წარმოიდგინეთ, შეაფასა კიდეც: – თიკო, ძალზე გემრიელია, მაგრამ ვფიქრობ, ვანილი მოგსვლია ცოტა მეტი, თან რა ლამაზია!

– ბატონო, ვფიქრობ, თქვენი გემოს შეგრძნების რეცეპტორები განსხვავებულია.

– არანაირად! – განაწყენდა ლომი.

– პირველად ვხედავ ლომს, ვაშლის ნამცხვარს რომ მიირთმევს!

– უარესს გეტყვი, მე ვეგეტერიანელი ლომი ვარ!

არწივს გავხედე,-თქვენ, ბატონო ბაღათერ!

– ოოო, მე ყველაფერს გეახლებით, მაგრამ ხორცი მიყვარს.

– თქვენ როგორი საჭმელები გიყვართ, თიკო დეიდა? – დაინტერესდა ელია.

– მე მწარე-ცხარეები და ძირითადად მწვანე საკვები, – ვუპასუხე იუბილარს.

ელიამ გამიღიმა, – აქ არაფერია ძალიან მწარე და ცხარე, გმადლობთ, რომ ასე კარგად გაგვიმასპინძლდით.

– ღმერთმა შეგარგოს, ელია, ჩემთვის სასიამოვნო იყო ყოველივეს გაკეთება.

მათე წამოდგა, შემომხედა და მითხრა:-ქალბატონო თიკო, მინდა მოგახსენოთ, ახლოვდება დრო, რომ  აქაურობა დატოვოთ, დაუბრუნდეთ დედამიწას, საქმეს, სახლსა და შვილებს.

ამ სიტყვებმა გული დამწყვიტა, მომეჩვენა, რომ წასვლა აღარ მინდოდა, მაგრამ შვილებიც მომნატრებოდა.

– აგერ, ჩვენი ენვერი გვესტუმრა, ის ელიასთანაც მოვიდა და კიდევ იმიტომ, რომ თქვენ ენახეთ.  მეცნიერია, ექიმია. მან და მისმა მეგობრებმა შექმნეს თქვენი ანალოგი, კლონი, იქ რომ დავტოვეთ, ხომ გახსოვთ, როგორ გაიკვირვეთ და მითხარით, – აქ თუ ვარ, იმ ლოგინზე როგორღა ვარო, ასე, ამგვარად! აი, გუშინ რაც დავიწყეთ და ვერ დავასრულეთ…

– მე დაგასრულებინებთ! – გააწყვეტინა მათეს სიტყვა ენვერმა.

ზუზუმ ნამცხვარი გადასანსლა, მოვიდა და ჩემს კალთაში მოკალათდა, სევდიანად ამომხედა, თითქოს დამემშვიდობა კიდეც, უხმოდ, ჩუმად, ძაღლურად.

– მოდი ჩემთან! – თავისთან მომიხმო ლომმა. წამოვდექი, ოღონდ ზუზუ ხელში მეკავა და მკერდზე ვიხუტებდი.

– დასვი ძაღლი და გვერდით მომიჯექი.

შევასრულე ლომის ბრძანება. მან მხარზე თათი გადამხვია და დამაცქერდა.

– ვიცი, ბატონო ენვერ, ჩემი სხეულიდან არ გამოსული პირველი მზე, უნდა გავიყვანოთ და მითხარით, მეტკინება?

ლომმა უარის ნიშნად თავი გააქნია, – დიდხანს გტკიოდა და საკმარისადაც ღვარე ცრემლები, აქ იმიტომ მოვედი, რომ უმტკივნეულოდ შეიკრას შენი სიცოცხლის ახალი წრე.

– ეს რას ნიშნავს?!- მათე, აუხსენი შენებურად, კარგად!-მიმართა ლომმა ამ პლანეტის  ყველაზე დიდ ბიჭს.

– სიცოცხლის წრე ნიშნავს იმას, რომ თქვენი ასაკის შესაბამისად იქნებით სრულიად ჯანმრთელი, იცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად.

– მოიწი ახლოს,-მითხრა ლომმა- და ლოყა ლოყაზე მომადე.

შევხედე ლომის პროფილს, დავინახე მისი ლოყა, მან თავი ჩამოწია, რომ მისი ლოყისთვის ჩემი მიმედო.

დედამიწელი კატები სუსტად კრუტუნებენ, როცა ადამიანის სხეულს ეხებიან. ლომი კი ომახიანად აბუხუნდა… არ მახსოვს რა მოხდა, რა მიქნეს, რა გამიკეთეს, თითქოს გონება სადღაც დამეკარგა.

გამეღვიძა იმ საავადმყოფოს რომელიღაც  პალატაში, საიდანაც ამასწინათ მათემ გამიყვანა.

ჰერი, ჰერი, სახლისაკენ!

საწოლზე წამოვჯექი და ოთახს თვალი მოვავლე, გავიფიქრე, ეტყობა მოვრჩი, გადავრჩი, გამოვჯანმრთელდი-მეთქი, წამოვდექი და ფნჯარასთან მივედი.

დედამიწაზე ვარ, საქართველოში, თბილისში. კომაში ვიყავი, მიშველეს და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ტვინი მუშაობდა, რაღაცებს მაჩვენებდა ისეთს, რაც და როგორც მინდა, რომ იყოს ადამიანებს შორის, ადამიანებს და დანარჩენ სამყაროს შორის. დავწერ ამ ამბავს, ჯერ აქედან გავიდე!

იასამნის  სურნელმა ჩემამდე მოაღწია, საწოლისკენ გავიხედე და რას ვხედავ, ტუმბოზე თეთრი ლარნაკი დგას და შიგ იასამნების თაიგული დევს. მივედი ყვავილებთან და დავყნოსე. შევამჩნიე, ლარნაკზე რაღაც ფიგურები იყო ამოტვიფრული. ამოვიღე იასამნები, რუდუნებით დავდე ტუმბოზე და ლარნაკზე გამოსახულ ფიგურებს დავაკვირდი. ლომი იყო ზედ გამოსახული, შემდეგ კოკო, მერე პატარა მსუქანი კოკერსპანიელი ანუ ზუზუ და  უზარმაზარი ფრთებგაშლილი არწივი, ბოლოს კი სამი ბიჭი, ზურგით მაყურებლისგან. ყველაზე მაღალი ორ პატარა ბიჭს შუა იდგა, მათზე ჰქონდა ხელები ჩაჭიდული და სადღაც მიდიოდნენ. გავვოცდი. ლარნაკი თავის ადგილას დავდგი, შიგ ჩავაბრუნე იასამნები.

– ნუთუ ის, რაც საავადმყოფოში ყოფნისას ვნახე ნახევრად მკვდარმა, სინამდვილეა და არა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი?! -ვკითხე საკუთარ თავს. მკერდზე ხელის გული მივიდე. ოქროს მსხვილი ჯაჭვი მეკიდა იმგვარი, როგორიც არასდროს მქონია და ზედ უზარმაზარი ვარდისფერი მარგალიტი იყო ჩამოცმული. გული ტკივილნარევი სიხარულით ამევსო.

– დამასაჩუქრეთ კიდეც, ჩემო საყვარელო ბიჭუნებო?! არაფერიც არ დამსიზმრებია, თქვენ მართლა არსებობთ, მათევ, რაფაელე, ლურჯთვალება ელიავ! ბაღათერ, გიგანტო, კავკასიის მთების შვილო არწივო! ჩემო კეთილო გველო კოკო, ფუმფულა ზუზუვ და მკურნალო ლომო ენვერ!!! ჰო, კიდევ წურბელებო, სწორედაც რომ თქვენ დაიწყეთ ჩემი მკურნალობა, ოჰ, როგორ შემეშინდა მაშინ! ჰოო, სიცოცხლის წრე განმიახლეთ და შემიკარით კიდეც, რომ მოვასწრო ის, რისი გაკეთებაც მინდა ამ ცხოვრებაში. და რა მინდა მე?! უპირველეს ყოვლისა, შვილების კარგად ყოფნა, შვილიშვილი მინდა კიდევ ძალიან და მსურს თქვენზე დავწერო ჩემო ძვირფასებო, მადლიერი ვარ და გლოცავთ!

კარი გაიღო და პალატაში მათე და ნანიკო შემოვიდნენ. მათე მომვარდა ჩამეხუტა და გულზე მიმიკრა, მკოცნიდა, – დედა, დედიკო, როგორ შეგვაშინე!

– მოიცა მათე, დედა სულ ახლახანს გამოჯანმრთელდა! დე,!!! – ახლა ჩემი ნაზი გოგონა მომეხვია და ეგრევე მზრუნველობა გამოიჩინა, შეუმჩნევლად დამაბრუნა საწოლში, ბალიში გამისწორა. მივშტერებოდი შვილებს და თვალებსაც ვერ ვახამხამებდი.

– ხომ კარგად ხარ დე! – მკითხა ჩემმა გოგონამ.

პასუხი ვერ გავეცი, მხოლოდ გავუღიმე და ტირილი დავიწყე. წამოვჯექი და მათკენ ხელი გავიწვდინე. ორივეს მოვეხვიე, დავუწყე  კოცნა და ვერ ვძღებოდი, სიხარულისგან ცუდად გავხდი, წნევამ ამიწია, ატყდა ერთი ამბავი და გნიასი, ნემსი გამიკეთა ექთანმა, კიდევ ვენაში რაღაც წამალი შემიშხაპუნეს, ალბათ დამამშვიდებელი და დამეძინა.

გავიღვიძე, ნანიკო და მათე კვლავ პალატაში ისხდნენ და მიმზერდნენ. მეც ვუყურე მათ კარგა ხანს, – ხომ გამოვჯანმრთელდი, ხომ წამიყვანთ ბავშვებო!

– კი, დე, გაწერილი ხარ და მალე წავალთ.

– არ მინდოდა, საშინლად არ მინდოდა ჯერ აქედან წასვლა.

– აი, რა ძლიერია ადამიანი, როცა სიცოცხლე სწყურია, ის ამარცხებს სიკვდილს! – წარმოსთქვა ნანიკომ.

– ვკვდებოდი? რა მჭირდა ბავშვებო?! და საერთოდ, აქ როგორ აღმოვჩნდი.

მათემ სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.

– ნუ სტირი შვილო, თქვენთან ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ!

– ჰო, დედიკო, არასდროს აღარ გაგაბრაზებ, რაც დაგიჯერე და რაც მაიძულე მეკეთებინა, ყველაფერი სწორი იყო შენი მხრიდან, მოგებული დავრჩი, დედა!

– ჰო, შენ კიდევ დამცინოდი და გჯეროდა, რომ კეთილი ადამიანები სუსტები არიან, პატიობენ ყველას მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძოლა არ შეუძლიათ!

სანიტარმა პალატაში ინვალიდის ეტლი შემოასრიალა, რამაც გული დამიმძიმა,-ეს რა არის!-ვკითხე შეშინებულმა.

– არც არაფერი ქალბატონო თიკო. წესია ასეთი, ეტლით უნდა გაბრძანდეთ აქედან, თანაც დიდხანს იწექით, კუნთებიც მოდუნებული გაქვთ, შესაძლოა წაბორძიკდეთ, წაიქცეთ…

– შემიძლია სიარული, უკვე ვიდექი კიდეც ფეხზე.

– ჰო, და ძალიან კარგი, ჩაიცვით, გაემზადეთ!

მათე გავიდა პალატიდან, ნანიკო ჩაცმაში დამეხმარა. შემოიტანეს ჩემი ჩანთა, ნივთები. ეტლში ჩაჯდომისას გავხსენი ჩანთა, შიგ ხელი ჩავყავი და სუნამოს ფლაკონი მომყვა ხელში, ვიფიქრე დავიპკურებ მეთქი, თან ვიცოდი, რომ ეზოში მანქანით ჩემი გოგონას მეუღლე, გიორგი გველოდა, რომ შინ წავეყვანეთ, მაგრამ სუნამოს მაგივრად ის უცნაურად ლამაზი პატარა კოლბა მომყვა ხელში, რომლის მსგავსებშიც მე იასამნის ზეთი ჩავასხი. გამეღიმა.

– ნანიკო, მომხედე!

– რა არის, დე!

– ეს გამომართვი, შენთვისაა. ჰო, ეს ვაზა იასამნებით მათემ წამოიღოს.

– რა ლამაზია, რა ასხია შიგ?

– იასამნის ზეთი.

ბოთლს თავი მოხადა ნანიკომ და აღფრთოვანებით წარმოსთქვა: – აუ, რა სურნელოვანია! გმადლობ, დე!  როდის და ვინ მოგართვა, ან ეს მარგალიტი! საიდან გაჩნდა?

– ეს ყველაფერი, სანამ თქვენ მოხვიდოდით ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა მაჩუქა, მომინახულა,-უტიფრად ვიცრუე, ვინაიდან ვიგრძენი, რომ საჭირო იყო ტყუილის თქმა.

– ვინ, დე, რომელმა?!

– არ იცნობ, მერე მოგიყვები.

ეტლში მჯდომმა გავიარე დერეფანი, შემდგომ ლიფტში შემასრიალეს  და საავადმყოფოს ფოიეში აღმოვჩნდი, სადაც შეგვაყოვნეს, სიძე შემომეგება და გადამეხვია. ხალხს ვათვალიერებდი და მათ შორის დავინახე სამი ბიჭი, ელია, მათე, რაფაელე, მიღიმოდნენ, ყველასგან გამოირჩეოდნენ, გემოვნებიანი ჩაცმულობით, სილამაზით, ელეგანტურობით. სხვა ადამიანებიც აქცევდნენ ყურადღებას ამ სიმპათიურ ბიჭუნებს. უცქერდნენ,  ზოგიერთნი ხმამაღლა გამოხატავდნენ თავიანთ აღფრთოვანებას მათ გამო.

– აუ, რა ლამაზები არიან, არა?- მითხრა მათემ.

– იმ სამ ბიჭზე მეუბნები, მათე?

– ჰო!

თიკო! – გავიგონე კოკოს ხმა, – მეც აქ ვარ, მათეს უბეში მოკალათებული, შენი გულისთვის ჩამოვედი, რომ  მენახე.

– კოკო, ძვირფასო! – გაუგზავნა სალამი ჩემმა გულმაც.

ბიჭებმა ხელი ამიწიეს, მეც და ჩუმად, შეუმჩნევლად დავემშვიდობე მათ. შეტრიალდნენ და საავადმყოფოს ფოიედან გავიდნენ. მალე ჩვენი გასვლის ჟამიც დადგა.

ეზოში, რომ გავედით დავინახე თეთრხალათიანი კაცი, რომელსაც ტელევიზიის კორესპოდენტები ლოგოიანი მიკროფონებით შემოხვეოდნენ, ის აღფრთოვანებული იყო, ხელებს იქნევდა და  ემოციურად ლაპარაკობდა.

– ვინაა ეს კაცი? – ვიკითხე მე.

– შენი ექიმია, დე! – მიპასუხა ნანიკომ, – და შენს გამო ესევიან ჟურნალისტები.

– მართლა?! – სმენა დავძაბე, რომ კარგად მომესმინა, რას ამბობდა ჩემს შესახებ.

– ქალი გულწასული, გონდაკარგული, რომელიც ქუჩაში წაიქცა, შემოიყვანეს ტვინის სიმსივნის ბოლო სტადიით, ექვსი თვე კომაში იყო, ყველაფერს ვაკეთებდით მართალია, მაგრამ ის სასიკვდილოდ იყო გადადებული, ამ რამდენიმე დღის წინ კი ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ სიმსივნე, რომელიც სჭამდა და კლავდა, გამქრალიყო, ეს სასწაულია, კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ღმერთი არსებობს! – ამბობდა ექიმი.

დამინახეს, გადამიღეს ფოტოები, ვიდეოც. ცოტა კი გაოგნებული ვიყავი ამ ამბის გაგებით, მაგრამ ორიოდ სიტყვის თქმა მაინც მოვახერხე.

– გადავრჩი, გამოვჯანმრთელდი, მადლობა ჩემს ექიმს, რომელსაც შემდგომ მოვინახულებ და, როგორც საჭიროა, ისე გადავუხდი მადლობას, მთელს კოლექტივს, ვინც თავს მევლებოდა, მივლიდა, ვლოცავ ყველას, ვინც  სიკვდილს ხელებიდან გამომგლიჯა!

ავდექი ეტლიდან და მანქანაში ჩავჯექი სიძის გვერდით.

– ღვედი გაიკეთეთ!

– ვიცი გიო, გავიკეთებ, მაშ არ გავიკეთებ?

– მაშ წავედით?

– ჰო!

– მაშ, ჰერი, ჰერი სახლისკენ სიდედრო? – თვალი ჩამიკრა სიძემ.

2019 წლის ოქტომბრის თვე.