მაგული ღვინიაშვილის საბავშვო პოეზია

72

მაგული ღვინიაშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2026 წლის ლაურეატი ნომინაციაში  „საბავშვო პოეზია“

პრემია „ივერიის“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი ნომინაციაში – „საუკეთესო საბავშვო წიგნი“

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ჰაი, დილილმე, დილილმე”
,,ჰაი, დილილმე, დილილმე”,
მზით გათენების ჭირიმე,
ცაზე რომ გამოანათებს,
იმ მზის სხივებით ვივლი მე.

გაფერადდება ქვეყანა,
ლამაზ ფერების ჭირიმე,
თქვენს სიყვარულში დამთვრალი,
ვღიღინებ, განა ვტირი მე.

მთას წავალ, მოვეფერები,
დაგიკრეფთ ლამაზ გვირილებს,
მთის წყაროს დავეწაფები,
იმ, წყაროს მადლის ჭირიმე.

მერე, დავუვლი ველ-მინდვრებს,
მწვანე ზღვასავით ლივლივებს,
ვაზის ძირს ჩავიმუხლები,
მისი მტევნების ჭირიმე.

,,ჰაი, დილილმე, დილილმე”,
ცაზე მზის სხივი ლივლივებს,
თქვენსკენ მეძახის ეს გული,
ხოდა, მეც შემოვირბინე…

გაზაფხული
ჩიტებმა მორთეს ჭიკჭიკი,
ჩამოსხდნენ ატმის ტოტებზე,
ყური დაუგდეთ მღერიან
საგაზაფხულო ნოტებზე.

კუდმაკრატელა მერცხალი
დაბრუნდა თავის ბუდეში,
დახეთ, თავს როგორ იწონებს
მწვანე ბაყაყი გუბეში.

ერთი შეხედეთ! ყვავილებს
მორცხვად, რომ ინაზებიან,
ჩაუცვამთ სხვადასხვა ფერი,
ცეკვავენ, იკვანწებიან.

ვარდმა იპკურა სურნელი,
იასამანი გაგიჟდა
და სიო სუნით დამთვრალი
ბაღში გაყუჩდა, დადინჯდა.

გაზაფხულია, გამოდით!
ეზოში დარბის გოჭია
და ყეფით უკან მიჰყვება
ჩვენი პატარა გოშია.

ერთი შეხედეთ ონავრებს,
მათ ნახვას არა სჯობია,
წრეზე დახტიან, ცეკვავენ,
მღერიან და ერთობიან.

დედის დარიგება
ერთხელ ჩვენი ცუგრუმელა,
თვალხატულა ლელაო,
გაიბუტა, მოინდომა
კანფეტები ყველაო.

დედა მოესიყვარულა,
გაუსწორა ბაფთები:
– ამათ ყველას შენ თუ შეჭამ,
ღორმუცელა გახდები.

დაუფიქრდი, მეგობრებსაც
უწილადე- შოკოს, ლადის,
მარტო შენთვის არ ინდომო
გემრიელი შოკოლადი.

დამშვიდდა და ცუგრუმელამ,
დაუჯერა დედას ლელამ,
მისმა კარგმა საქციელმა
გაახარა ირგვლივ ყველა.

ბუ
გამარჯობა, ბავშვებო!
ბრძნული სიტყვით მოვედი,
სხვაგან, აბა, უკეთესს
ადგილს სადღა ვპოვებდი.

გამიცანით,  გახლავართ
ბნელი ღამის ფრინველი,
ბუ მქვია და გათენებას
გულისტკენით მოველი.

იცით? ჩხიკვებს ქორწილში
მე დავწერე ჯვარია,
დავულოცე ოჯახი,
ჯილაგი და გვარია.

კონკიასაც ვურჩიე
ბედის ძებნა კაკლებით
და მერე კი რა მოხდა,
ნახეთ თქვენი თვალებით.

ხოდა, მინდა გაჩუქოთ
ბევრი, ბევრი ღიმილი,
რომ მესმოდეს სულ მუდამ,
თქვენი კისკის- სიცილი.

ია-ია
ყველასათვის საყვარელი
ია-ია გახლავართ,
დედა-ენას, რომ გადაშლით,
პირველ გვერდზე, იქა ვარ.

მიხარია, რომ ანბანი
აი იით იწყება,
მითხარ! ჩემზე ბედნიერი,
ნეტავი ვინ იქნება.

დილით, როცა ბუჩქის ძირას
მზე სხივებით მაღვიძებს,
მოჩხრიალე ნაკადული,
სულ ყველაფერს მავიწყებს.

აი იით მოგატარეთ
საქართველოს მთა-ბარი,
აბა, მხარე ჩვენისთანა,
სხვა მეორე სად არი.

საახალწლო
ბუხრიპირას ნებივრობს
მელაკუდა მელია,
ყველაფერი გაამზადა,
საქმე გამოელია.

ახალი წლის ლოდინში
მორთო დიდი ნაძვის ხე,
ცეცხლი ყვითლად გიზგიზებს
და ლოდინში გადის დღე.

მალე შემობრძანდება
წელიწადი ახალი,
გოზინაყი, ჩურჩხელა
ყველაფერი აქ არის.

მალე სტუმრებიც მოვლენ:
დათვი, ტურა და მგელი,
ყურცქვიტა და ციყვუნა,
თავისი ნუკრით შველი.

ოფოფი და არწივი
ბულბულები და ყვავი,
ტყის ბინადართ სულ ყველას
დაუდიათ აქ ზავი.

მალე მოვა ბაბუა,
ირმებშებმულ მარხილით,
ბუხრის პირს ჩამოჯდება,
დაისვენებს დაღლილი.

სურთ, რომ ერთად აღნიშნონ
წელიწადი ახალი,
კარგი გართობისათვის
ყველაფერი მზად არის.

მათ ნახვას რა სჯობია,
ერთობას, თანადგომას.
ერთმანეთს ულოცავენ
ახალი წლის დადგომას.