ზვიად ჯიქური: ბიჭო მოდი, ფული აიღე!

1613

ავტორი: თინათინ ჭედია

საინტერესო პოეტია და კარგი მამულიშვილი! საღად მოაზროვნე და გაწონასწორებული კაცია. პოეტობა მისთვის ფუფუნება არ არის, მისთვის პოეტობა ყოველ დაწერილ და ნათქვამ სიტყვაზე დიდი პასუხისმგებლობაა! ჩემი რესპონდენტი ზვიად ჯიქურია, რომელმაც 2019 წელს დამსახურებულად მიიღო წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ ლაურეატობა.



ზვიად ჯიქური:წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის~ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია -ივერიის“ შესახებ არაფერი ვიცოდი. ვიკა ჯანგირაშვილმა, რომელიც ჩემი მეუღლის დაა, დამაძალა გამომექვეყნებინა ფეისბუქში ჩემი ლექსები, ხალხის რეაქცია აინტერესებდა, მოეწონათ ფეისბუქელებს! ასევე, ჩემი ცოლის დის მეზობელმა ნუნუ ჭეიშვილმა, რომ გაიგო ლექსებს ვწერ, გამაცნო თავისი პოეტი მეგობარი, ქალბატონი ლუიზა გივიშვილი, მან დამაკვალიანა და მომიყვანა თქვენს პროექტში და ვარ ეხლა 2019 წლის პრემია ივერიის მონაწილე და ვნახოთ რა იქნება…
– ლექსები გამოქვეყნდა ჟურნალ ქართული ელიტის~ თებერვლის ნომერში, რომელსაც თან ახლავს ქალბატონი ლუიზას გივიშვილის წინასიტყვაობაც შენი შემოქმედების შესახებ, მანამდე თუ დაბეჭდილხარ სადმე ან ვინმე პროფესიონალს თუ შეუფასებია შენი პოეზია?

თქვენი რეცენზია მაქვს ჯერჯერობით და ის, რაც ქალბატონმა ლუიზამ გამოაქვეყნა„ქართულ ელიტაში“. კიდევ, დაიბეჭდა რამდენიმე ლექსი გაზეთში „აისიდან დაისამდე“.

- ვინაა შენი საყვარელი შემოქმედი მხატვრულ ლიტერატურაში?

- მე პოეზია მიყვარს და ყველაზე ძალიან ვაჟა და გალაკტიონი. _ დიახ, გეტყობა... პოეზიში მიდიხარ ძირითადად ვაჟას გზით, პოემების წერაც მოგწონს და კარგადაც გამოგდის. შენს ლირიკაში იგრძნობა დედამიწის და სამყაროს სიყვარული. ლირიკურ ლექსებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პატრიოტულ მოტივს და მართლმადიდებლობის თემას, ერთობლიობაში გაქვს ეს ყველაფერი მოცემული, რაც იწვევს მკითხველში მგზნებარე ემოციებს. რა გეგმები გაქვს სამომავლოდ, როგორც პოეტს?

- ლექსების კრებული მინდა წიგნად გამოვცე. სულ ორი პოემა მქონდა, მაგრამ ახლახანს კიდევ დავწერე ახალი და დავარქვიჩაქოლილები~.
– რატომ „ჩაქოლილები“, რა ამბავია მანდ?

- მართლმადიდებელი ბიჭისა და მუსლიმი გოგონას სიყვარულზეა, მთიულისა და ქისტის მიჯნურობაზე.

- ვერ მოჰყავს ეს გოგო ცოლად, რჯულია მიზეზი ხომ?

- ჰო, ეგრეა და ერთურთისთვის წაწლები გახდებიან. ორივე მხარე ჩაქოლავს შეყვარებულებს.

- და შენ თავად ვის მხარეზე ხარ, მერჯულეების თუ შეყვარებულების?

- რა თქმა უნდა, შეყვარებულების, მაგრამ იღუპებიან, რა ვქნა... რაც დავწერე, დავწერე! ავტორი: ზვიადს ვთხოვე წაწლობის მნიშვნელობის შესახებ მოეთხრო და რაც მითხრა, ოდნავ ემთხვეოდა ჩემს ცოდნას. ბავშვობაში წაკითხული მქონდა რობაქიძისეული ახსნა წაწლობის შესახებ, რამაც მომხიბლა, გავიგე ასე, რომ წაწალი ნიშნავს სწორფერს, შენს შესაფერისს, ძვირფას ადამიანს და ვფიქრობდი, რომ საყვარელ ქალზე მთის კაცები არ ქორწინდებოდნენ, მაგრამ სულ ახსოვდათ და იდეალად ჰყავდათ წარმოდგენილი, მაგრამ სულაც არ ყოფილა ასეთი რომანტიული რამ ეს წაწლობა! ზვიადის ახსნილი ნამდვილად არ მომეწონა. წაწლობა ნიშნავდა ნადობ-ნაძმობას, ქალ-ვაჟის ერთად დაწვენის ჩვეულებას, წაწლობა შეეძლო ყველას, ვინც სქესობრივად იყო მომწიფებული, 14 წლის ასაკიდან. იმ ვაჟებს, რომლებსაც მრავალი წაწალი ჰყავდათ ქებულ-დაფასებულნი ხდებოდნენ. ერთი თემის წარმომადგენლებს წაწლობის უფლება არ ჰქონიათ, მხოლოდ სხვა თემის წარმომადგენლებთან, მათ აგრეთვე შეეძლოთ დაქორწინებაც, სხვა ტომელებთანაც აკრძალული ყოფილა წაწლობა. ის, ვინც წაწალს დააფეხმძიმებდა, ორივენი იდევნებოდნენ ან სიკვდილით ისჯებოდნენ. მოკლედ, წაწლებს ჰქონდათ ალერსისა და ხვევნა-კოცნის უფლება, ერთად წოლის უფლება, ოღონდ სამოსით. წაწლობა შეეძლოთ იმ ქალებსაც, რომლებსაც ქმრების მხრიდან უფლება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ამ ტრადციის გამო, მრავალი ოჯახიც დანგრეულა. ეს „ეროტიული“ ტრადიცია საქართველოს მეფის ლაშა-გიორგის სახელსაც უკავშირდება. ფშავში ყოფნის დროს აუგია ეკლესია, ბერებიც დაუყენებია. დღესასწაულ ლაშარობაზე მისაღები ყოფილა ქალ-კაცთა საზოგადო წოლა, ვინაიდან ფშავ-ხევსურები თვლიდნენ, რომ ლაშარის ჯვარი კაცებს ქალებთან დაწოლას არ უკრძალავდა.


ჩვენ ერთ ამბავში ვიყავით და ჩვენი მთავარი რედაქტორი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი დიდხანს წყნარად რომ იჯდა კომპიუტერთან, მუშაობდა და თან გულმოდგინე გვისმენდა, უცბად აღელვებული წამოდგა და განაცხადა, რომ ეს არის ცუდი ტრადიცია – სრული იდიოტობა! და ისიც ინტერვიუერად იქცა, ძლივს გამოგვიყვანა წაწლობის თემიდან და შემდგომ თავად გააგრძელა ზვიადთან საუბარი, დაინტერესდა მთის ხალხის ახლანდელი ყოფით, კვლავ ძველი წესებით ცხოვრობენო? – ჰკითხა ზვიადს.
– დუშეთის რაიონიდან ვარ წარმოშობით, სოფელი არღუნი. ჩემი სოფელი არ ჰგავს შატილს, მაღაროსტანს, ჩარგალს, შედარებით ბარში ვართ, საზღვარია ახალგორთან, სოფელ კონისგან მთა გვყოფს. მოდით, დავაკონკრეტებ რა წესებზეა ლაპარაკი. ჩვენ სტუმარს ღვთისგან მოვლენილად მივიჩნევთ. ქალისადმი პატივისცემა, სალოცავისადმი სიყვარული ჩვენთვის უპირველესია.
– ადრე ქალები სუფრასთან ცალკე ისხდნენ. ყველგან ასე იყო და თქვენთან დღესაც ესეა, ხო მარ შემორჩა ეს წესი?
– არა, ჩვენთანაც ქალის გარეშე სუფრას ლაზათი და შნო არ აქვს. აი, ბავშვებიც რომ ცალკე იყვნენ, ის კარგი იყო და ახლაც ცალკე უნდა იყვნენ სუფრიდან.
– და რა არის მიზეზი იმისა, რომ დღეს ქართულ სუფრასთან მამაკაცების მხრიდან მანდილოსნების მიმართ ხშირად პატივისცემა არ იგრძნობა?
– შინაგანი კულტურის უქონლობა და გამოუცდელობა მგონია მიზეზი.
ნუგზარმა ყურადღება გაამახვილა რესპოდენტის ცხოვრების იმ პერიოდზე, როცა ის ემიგრაციაში იმყოფებოდა საბერძნეთში, მიზეზი ჰკითხა წასვლისა.
– აქ სამუშაო და არანაირი გასაქანი რომ არ მქონდა წავედი ათენში მწვანე დერეფნის გზით, არალეგალი ვიყავი 2 წელი. 2005 წელი იყო, ჩემი ბიჭები პატარები იყვნენ, უფროსი 9 წლისა, უმცროსი 5 წლისა, ოჯახს რჩენა სჭირდებოდა და ორი წლის განმავლობაში მხოლოდ 10 თვე ვიმუშავე. ჩემს იქ ყოფნისას დედა გახდა ავად, ოპერაცია დასჭირდა და კიდევ კარგი ვმუშაობდი, იქ გამომუშავებულმა ფულმა იხსნა დედა სიკვდილისაგან, ეგ მაინც გამომივიდა, მშობლის გადარჩენა. მერე მე დამიჭირეს უსაბუთობის გამო და…
– იქ თავს დამცირებულად გრძნობდი?
– ბერძნები საზოგადოდ ცივი ხალხია. ემიგრანტებსაც პატივისცემით ნამდვილად არ ექცევიან.

– დღეში რამდენ საათს მუშაობდი?
– დღეში 12 საათი ვმუშაობდი, მანქანების სამრეცხაოში, დილიდან დაღამებამდე, სახლიდან სამსახურში მისასვლელად მჭირდებოდა საათნახევარი და პირიქით.
– დღეში რამდენი გქონდა ანაზღაურება?
– 30 ევრო და ეს იყო ყველაზე ცოტა, მაგრამ გამოსავალი კიდევ იცით რა იყო? როცა მანქანიდან ხალიჩებს ვიღებდით, ვპოულობდით ევროების ხურდებს, ბურბუარებსაც აკეთებდნენ კლიენტები, ეს მცირეოდენი ჯილდოა თანხის სახით. როგორც არალეგალებს და გაუფორმებლებს ჩამოგვიკიდეს რკინის ყუთი, სადაც ეს ნაჩუქარი ხურდები უნდა ჩაგვეყარა, მაგრამ საღამოობით, როცა ყუთი იხსნებოდა, მხოლოდ გაფორმებული თანამშრომლები იყოფდნენ ფულს. ანუ „ჩაივოი“ იმათი იყო.

- გაუფორმებლად კიდევ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები მუშაობდნენ?

- სუდანელები, რომლებიც „ჩამშვებები“ იყვენენ, კლიენტს ერთი ევრო რომ ეჩუქებინა და ჯიბეში ჩაგედო უკვე ენა მიტანილი ჰქონდათ უფროსთან. ერთს სახელად ერქვა სამშე, პროფესიონალ „შპიონად“ იყო ჩამოყალიბებული, მაგისი ენის წყალობით სამი ქართველი ბიჭი გააძევეს სამუშაოდან... ჰო და, ბატონო ნუგზარ, მე ის სამშე ჩამშვები დღეში ჩავაგდე?!..

- რა უქენი ამისთანა?!

- მოკლედ, იმ სამშესთან წყვილში არავის უნდოდა მუშაობა და ამიტომ ჩემი თავი მიუგდეს. ფულს თუ ვიპოვიდი მანქანაში, ჯიბეში ვერ ჩავიდებდი, ნაჩუქარ ფულსაც ვერ შევირგებდი მაგასთან ყოფნისას... ვიფიქრე და ბოლოს იცით რა გავუკეთე? ქართულად ვასწავლე ჩემთვის დაეძახა: - ბიჭო მოდი, ფული აიღე! ერთხელ, მანქანის იატაკის ხალიჩების აღებისას ვიპოვე 4 ევრო და ჯიბეში ჩავიდე, ის სხვა მანქანასთან მუშაობდა, მაგრამ მაინც დაინახა და დამემუქრა, უფროსს მარიას ვეტყვიო. შევწუხდი, შევეხვეწე არ მიეტანა ენა, ჩემი ცოლშვილის ფოტოც ვაჩვენე, აი, ამათთვის ვშრომობ და მიჭირს მეთქი, ხომ არ ვიპარავ თქო! ჰო, კიდევ იცით რა იყო? მარკეტიდან 20 კაცისთვის საკვები მე მომქონდა ხოლმე. სიის მიხედვით ვყიდულობდი ყველაფერს, ზოგს რა უნდოდა და ზოგს რა. იმ დღეს კი სამშე ჩემი ხარჯით დავპატიჟე საკვებზე, ლავაში მივუტანე და რაღაცეები, რაც უყვარდა, გაგიჟდა ბიჭი სიხარულისგან, დააფასა ჩემი ქმედება და ამის მერე აღარ მმტრობდა, მინდობდა ხოლმე. იქ ვერავინ მეძახდა ზვიადს, ნიკო შემარქვეს. კიდევ მრავალი კარგი ისტორია მოგვითხრო ზვიადმა, ნუგზარმაც გაიხსენა სტუდენტობის წლები, უცხოეთში გატარებული... ოფისიც დავტოვეთ, გზაც გავიარეთ, ბიჭები კვლავ საუბრობდნენ, თვალცრემლიანი ვუსმენდი მათ და ვფიქრობდი,– „უბედური საქართველოს ღიმილიანი ბიჭები“…