ცინარი ღვალაძე: ადამიანებისგან მოპოვებული ნდობა და მათგან მიღებული გულწრფელი სიყვარული

17

ცინარი ღვალაძე – სახელი და გვარი, რომელიც ბევრი ქართველი ემიგრანტისთვის მხოლოდ მასწავლებელს არ ნიშნავს. ის არის ადამიანი, რომელმაც ემიგრაციაში ცხოვრების წლები საკუთარ თავზე კი არა, ადამიანებზე, ქართულ სიტყვაზე, განათლებასა და კულტურაზე ზრუნვას მიუძღვნა…
ცხოვრობს იტალიაში, ქალაქ ბარიში, მაგრამ სულით, გულით, ფიქრებით სამშობლოშია – საქართველოში. ადამიანი, რომელიც პირუთვნელად ემსახურება ქართულ საქმეს, საქართველოს მომავლის კეთილდღეობას.
მისმა მრავალწლიანმა პედაგოგიურმა ცხოვრებამ, შინაგანიდან გამომდინარე, თავისი ქნა და იტალიაშიც გააგრძელა აღმზრდელობითი მოღვაწეობა – საკვირაო სკოლა დააფუძნა – „ახალი იმედი“, რომელიც რეალურად იმედიც არის და ძლიერი რწმენაც სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შესანარჩუნებლად იტალიის ცის ქვეშ დაბადებული ქართველებისთვის არა მხოლოდ მათთვის.
ჩემი რესპონდენტი შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ინტეგრირებული ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ ოფიციალური წარმომადგენელია იტალიაში. როგორც იცით, ეს ფესტივალი 2018 წლიდან იღებს სათავეს, რომელიც დაფუძნებულია მის უწმინდესობა და უნეტარესობასთან, ილია მეორესტან ერთად, მისი ლოცვა-კურთხევით და პატონაჟით იმართება.
ეს ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, თუმცა აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რათა ნათლად დაინახოთ ვინ არის ქალბატონი ცინარი ღვალაძე და როგორ ცხოვრობს ერთი ლამაზი ემიგრანტი უცხოეთში – მაგალითი ქართველობისა…


– ქალბატონო ცინარი, როგორია იტალია დღეს თქვენთვის და მანამდე როგორი იყო?
– ჩემთვის ეს ქვეყანა იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, იმედი და გზა პრობლემების გადასაჭრელად (ეკონომიური თვალსაზრისით). მაშინ იტალია მხოლოდ ადგილი იყო, სადაც უკეთესი მომავლის პოვნა მინდოდა. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა, იტალია ჩემთვის მეორე სამშობლოა. აქ გავიზარდე, როგორც პიროვნება, გავძლიერდი, ვისწავლე და გავიარე ცხოვრების ყველაზე ნიშვნელოვანი გაკვეთილები და შევიძინე გამოცდილება, რომელმაც სრულიად სხვა თვალით დამანახა სამყარო. ამ გზაზე ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ გავხდი ამ ქვეყნის მოქალაქე, რაც დიდი პასუხისმგებლობა და პატივია ჩემთვის.
– როგორია შორიდან საქართველო – სამშობლო?
– საქართველო შორიდან… ეს არის მონატრება, რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერ. ეს არის ლოყაზე ჩუმად ჩამოგორებული ცრემლი, მონატრებული მშობლიური სახლი, საყვარელი ადამიანები, მონატრებული საფლავები, სევდა და გულისტკივილი, რომელიც წლებთან ერთად არ ქრება, მუდმივია და უფრო ძლიერდება… და ეს სევდა, გულისტკივილი და სამშობლოდან სიშორეა ემიგრაციაში ყველაზე მძიმე, სწორედ მონატრებაა – მწარე მონატრება, რომელსაც არავის არ ვუსურვებ.
– როგორ მოხვდით ემიგრაციაში?
– ეს ნაბიჯი საკუთარი თავისთვის არ გადამიდგამს – შვილების უკეთესი მომავლისთვის გადავწყვიტე ემიგრაციაში წამოსვლა. როგორც ბევრი ქართველი დედა, მეც ოჯახისა და შვილების კეთილდღეობა ყველაფერზე წინ დავაყენე. ვიცოდი, რომ წინ მძიმე გზა მელოდა – მონატრება, ტკივილი, ცრემლი და უამრავი სირთულე, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს მსხვერპლი ერთ დღეს მათ უკეთეს მომავლად გადაიქცეოდა.
– ძნელია ემიგრანტობა?
– ემიგრანტობა ყველაზე მძიმე ტვირთია, რომელიც ადამიანს შეიძლება ცხოვრების გზაზე შეხვდეს. მაგრამ მე შევძელი ამ მძიმე ტვირთის შემსუბუქება. შევძელი, ემიგრაციაშიც გამეგრძელებინა ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და მაბედნიერებს – პედაგოგობა.
– რამ გადაგაწყვეტინათ საკვირაო სკოლა „იმედის“ გახსნა იტალიაში?
– ქართულ ენას დღეს განსაკუთრებული გაფრთხილება და დაცვა სჭირდება, რადგან ის ჩვენი ერის უდიდესი საგანძურია. განსაკუთრებით ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის ენის დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უცხო გარემოში გაზრდილმა თაობებმა შეიძლება დაკარგონ მშობლიურ ენასთან კავშირი. თუ ენას არ გავუფრთხილდებით, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და ეროვნულ თვითმყოფადობას, სამშობლოს დაკარგვის საშიშროება დაუდგებათ ემიგრაციაში მყოფთ.


– რა ასაკის ბავშვები არიან თქვენი მოსწავლეები და რას ასწავლით ძირითადად?
– ჩვენს ქართულ საკვირაო სკოლაში ბავშვები 5-დან 14 წლამდე ასაკის არიან. ისინი სხვადასხვა ასაკისა და ცოდნის დონის მიხედვით არიან დაყოფილი, რათა თითოეულმა ბავშვმა შეძლოს თავისი შესაძლებლობების შესაბამისად სწავლა და განვითარება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქართული ენის სწავლება არ არის. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებს გავუღვივოთ სიყვარული საკუთარი ფესვების, კულტურისა, ქართული ეროვნული სულისკვეთება და ისტორიის მიმართ ცოდნა-სიყვარული. სასწავლო პროგრამა მოიცავს ქართულ ენაზე, – ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, მათემატიკას, ხელოვნებას, მუსიკას – როგორც ქართულ ხალხურ, ასევე კლასიკურ სიმღერებს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შემოქმედებით და სააზროვნო მიმართულებებსაც, როდესაც ბავშვები სწავლობენ ხელოვნებას, ეუფლებიან ჭადრაკს, რაც მათ ლოგიკურ აზროვნებას, ყურადღებასა და შემოქმედებით უნარებს უვითარებს.
– ასევე არაჩვეულებრივი მუსიკალური სკოლა გაქვთ…
– ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მუსიკალურ წრეს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას. მას უძღვება არაჩვეულებრივი, პროფესიონალი პედაგოგი ირმა ბაზერაშვილი, რომლის თავდადებული შრომა და სიყვარული ბავშვების მიმართ თითოეულ გაკვეთილზე იგრძნობა. მუსიკა ბავშვებისთვის მხოლოდ სიმღერის სწავლა არ არის. ქალბატონი ირმა მათ ასწავლის სწორ მეტყველებას, ხმის მართვას, უვითარებს მუსიკალურ სმენას, რიტმს, სცენაზე თავისუფლად გამოჩენას, მუსიკის ისტორიას. მისი დახმარებით ბავშვები სწავლობენ, როგორ გამოხატონ საკუთარი ემოციები სიმღერის საშუალებით და როგორ შეიგრძნონ ქართული მუსიკის სილამაზე.
– რა სახის ღონისძიებებს აკეთებთ ხოლმე და რა პერიოდულობით?
– წლის განმავლობაში ვაწყობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს: საშობაო ზეიმს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ პროგრამებს და სააღდგომო სადღესასწაულო შეხვედრებს. თითოეული ღონისძიება განსაკუთრებულად მზადდება. ბავშვები მონაწილეობენ ლექსების კითხვაში, სიმღერებში, შემოქმედებით ნომრებში და სხვადასხვა აქტივობაში. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, გაიღრმაონ ცოდნა და უფრო მეტად შეიყვარონ ქართული ენა და კულტურა.
– ქალბატონო ცინარ, საქართველოს საკონსულოსთან როგორ თანამშრომლობთ?
– ცხადია, გვაქვს ძალიან კარგი და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული საკვირაო სკოლის საქმიანობას ჰქონდეს მხარდაჭერა და კავშირი იმ ოფიციალურ წარმომადგენლობასთან, რომელიც ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების ინტერესებსა და საჭიროებებს ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საკონსულოს წარმომადგენლები ხშირად ესწრებიან ჩვენს ღონისძიებებს, ინტერესდებიან ბავშვების საქმიანობით და ჩვენს პატარებს, პატარა საჩუქრებით ანებივრებენ. ეს მათთვის ძალიან დიდი სიხარული და მოტივაციაა, რადგან ბავშვები გრძნობენ ყურადღებას, სითბოსა და იმ კავშირს, რომელიც მათ სამშობლოსთან აახლოებს.


– თქვენი სკოლის ბავშვები საქართველოსთან როგორ კავშირში არიან?
– ჩვენი სკოლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის იყო, რომ ბავშვებისთვის შეგვენარჩუნებინა და გაგვეძლიერებინა კავშირი სამშობლოსთან. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი აღსაზრდელი ჯერ არ ყოფილა საქართველოში, არ უნახავს თავისი წინაპრების ქვეყანა და არ ჰქონია შესაძლებლობა, უშუალოდ შეეგრძნო ის გარემო, საიდანაც მათი ფესვები მოდის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, მათთვის საქართველო გავხადოთ უფრო ახლობელი – ქართული ენის, კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და სიყვარულის მეშვეობით.
– რამდენად რთული იყო იტალიაში სკოლის დაფუძნება და მისი განვითარება და იტალიურმა მხარემ რამდენად შეგიწყოთ ხელი ამ ყველაფერში?
– იტალიაში ქართული საკვირაო სკოლის დაფუძნება და მისი განვითარება ნამდვილად არ ყოფილა მარტივი გზა. უცხო ქვეყანაში ნებისმიერი საქმის დაწყება დიდ ძალისხმევას, მოთმინებას, ასუხისმგებლობასა და რწმენას მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მომავალ თაობას, ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებას ეხება. თუმცა, ადამიანი მარტო ვერაფერს შეძლებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გიდგას გვერდით და ვისთან ერთად მიდიხარ ამ გზაზე. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთა მხარდაჭერამ და თავდადებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი სკოლის ჩამოყალიბება და შემდეგი განვითარება, – ჩვენს ძვირფას მშობლებს, ჩემს უსაყვარლეს პედაგოგებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებსა და თანამოაზრეებს: ირმა ბაზერაშვილს, მაკა დათუნაშვილს, თეა ღვალაძეს, ნუცი ჩოხელს და ნინო დურგლიშვილს. მათი პროფესიონალიზმი, სიყვარული და ნამდვილი თავდადება ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იტალიელ ხალხს და იტალიის სამრევლოს, რომლებმაც მხარდაჭერა და თანადგომა ამოგვიცხადეს და მოგვცეს შესაძლებლობა, გვქონოდა სივრცე, სადაც  ჩვენი სკოლა მეათე წელია ფუნქციონირებს.


– რა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ მეტად მშვიდი, სოციალურად დაცული, განვითარებული და საინტერესო იყოს?
– ჩემი აზრით, საქართველოს იმისთვის, რომ გახდეს უფრო მშვიდი, სოციალურად დაცული და განვითარებული ქვეყანა, აუცილებელია სახელმწიფოს მართავდნენ უფრო მეტად (და უფრო მეტი) კომპეტენტური, განათლებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ცოდნით, გამოცდილებითა და ხალხზე ზრუნვით. ქვეყანას სჭირდება ისეთი მმართველობა, რომელიც შექმნის ადამიანებისთვის ღირსეულ პირობებს, იზრუნებს განათლებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ახალგაზრდების მომავალზე. მინდა, საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანს ექნება შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაში იცხოვროს, იმუშაოს, შექმნას მომავალი და არ მოუწიოს წასვლა მხოლოდ უკეთესი ცხოვრების საძიებლად…
– რას ურჩევთ საქართველოს ემიგრანტებს?
– ჩემთვის ძალიან რთულია საქართველოს ემიგრანტებისთვის ერთი კონკრეტული რჩევის მიცემა, რადგან თითოეული მათგანის ისტორია განსხვავებულია და ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება ხშირად დიდ ტკივილთან, რთულ არჩევანთან და ოჯახისთვის უკეთესი მომავლის შექმნის სურვილთან არის დაკავშირებული. მე არ ვურჩევ მათ – მე ვუსურვებდი ყველა მათგანს, რომ დადგეს ის დღე, როცა საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დაბრუნდეს ისეთ საქართველოში, როგორზეც ყველა ჩვენგანი ოცნებობს – მშვიდ, განვითარებულ და ღირსეული დაფასების მქონე ქვეყანაში, სადაც ადამიანს საკუთარი ოჯახში ცხოვრების შესაძლებლობა ექნება.
– რამდენად ევროპული ქვეყანაა საქართველო?
– ევროპაში გატარებული მრავალი წლის გამოცდილება მაძლევს უფლებას ვთქვა და შევაფასო ეს საკითხი არა მხოლოდ შორიდან, არამედ იმ რეალობიდან, რომელიც თავად გამოვცადე. საქართველოში ნამდვილად არის ბევრი ევროპული ღირებულება, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდეს იმ სტანდარტებს, რომლებსაც ევროპული სახელმწიფოები ქმნიან. მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, რადგან ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური კულტურა, ისტორია და ჰყავს ძალიან ნიჭიერი ადამიანები. ამისთვის კი საჭიროა მეტი განათლება, პასუხისმგებლობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი ქვეყნის იმედი.
– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო?
– ადამიანებისგან მოპოვებული ნდობა და მათგან მიღებული გულწრფელი სიყვარული.
– რა უნდა ვისწავლოთ იტალიელებისგან?
– იტალიაში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ მასწავლა. ჩემი აზრით, იტალიელებისგან ყველაზე ნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია ვისწავლოთ, არის ხოვრების სიყვარული.
– რა აქვს საამაყო საქართველოს ემიგრანტებს იტალიაში?
– ჩვენ ემიგრანტებს იტალიაში ბევრი რამ გვაქვს საამაყო. მათ შორის არის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი წმინდა ნიკოლოზის ქანდაკება, რომელიც ქართული ხელოვნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვალია. ასევე საამაყოა ფორე მოსულიშვილი, რომელიც დაკრძალულია ქალაქ არონაში, ჩრდილოეთ იტალიაში. იგი დაჯილდოებულია იტალიის სამხედრო ჯილდოთი „მხედრული მამაცობის ოქროს მედლით“. და კიდევ ძალიან ბევრი რამ…
– რა არის ყველაზე მეტად პოპულარული ქართული ამ ლამაზ იტალიაში?
– ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც ქართველებს იტალიაში გვაქვს, არის თავად ქართველის ფენომენი, ქართველი ადამიანი – მისი სითბო, რომისმოყვარეობა, სტუმართმოყვარეობა და უნარი, უცხო ქვეყანაში თავისი ქვეყნის კარგი სახელი წარმოაჩინოს.


– საქართველოს ემიგრანტები იტალიაში რა სფეროებში გახდნენ წარმატებული?
– უამრავმა ემიგრანტმა გამოსცა საკუთარი წიგნი და მათ პოპულარობას ხელი შეუწყო პრემია „ივერიამ“, რომლის დამაარსებელიც გახლავთ ნუგზარ ჭიაბერაშვილი ჩვენი დიდი პატრიარქთან, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორესთან ერთად, მისი ლოცვა-კურთხევით. ამ დიდ პროექტს ასევე სათავეში უდგას ნეკა დარბაიძე, საოცარი პროფესიონალიზმით, თმენით და წესიერებით აღჭურვილი ოთხი შვილის, ოთხი ვაჟკაცის დედა. ნუგზარი და ნეკა ერთი ოჯახია, ოთხი ვაჟს უზრდიან საქართველოს და ამავდროულად, კარგი მაგალითია ქართული, ეროვნული, მეტად საჭირო საქმის კეთებისა. საქმისა, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო ფარგლებში არაერთი აღიარება, წარმატება და განვითარება მოუტანა ევროპაში ინტეგრაციისთვის.
– ქალბატონო ცინარი, ძალიან რთლია უცხო ქვეყანაში შშმ პირთა საერთაშორისო ფესტივალის გამართვა. იტალიელი პარტნიორები თუ გყავთ?
– რა თქმა უნდა, რთულის მსგავსი ფესტივალის განსაკუთრებით ჩატარება ევროპაში, ძალიან მაღალი სტანდარტებია და მათი დაკმაყოფილება რთულია, მაგრამ ჩვენი იტალიელი პარტნიორებისგან, ბატონები, გაეტანო ბალენა, ანტონიო ჯამპიეტრა და ჯანლუკა დენტამატოს დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ამიტომ ყველაფერი გამოგვივა საკადრისად ისე, რომ საქართველოს და იტალიის სახელი ამ ფესტივალის ჩატარების შემდეგაც დიდებულად გაიჟღერებს მსოფლიოში. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მხარს უმაგრებს ქართველების გუნდი, მაკა დათუნაშვილის და თეონა ღვალაძის სახით. ცხადია, ყველას აქვს უფლება, რომ ჩაერთას ამ დიდებულ პროექტში, ვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვნად მიაჩნია.
– ბარიში ყველას უყვარხართ…
– ვფიქრობ, ადამიანებს შორის ყველაზე დიდი ხიდი არის გულწრფელობა, პატივისცემა და სიკეთე, – სწორედ ეს ქმნის იმ სიყვარულს, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობ.
– რა არის ცხოვრება?
– ცხოვრება არის შენი ყოველი განვლილი ნაბიჯი. ეს არის გზა, სავსე გამოცდილებით, სიხარულით და სირთულეებით. ცხოვრების ფასიც სწორედ იმაშია, რომ დატოვო სუფთა კვალი და ადამიანებს შენი არსებობა სითბოდ და სიკეთედ დაამახსოვრდეთ.


– გაბრაზებული ქალბატონი ცინარი როგორია?
– ჩემი გაბრაზება ერთ სიტყვაში ეტევა – „საზიზღარი“.
– რას ნიშნავს თქვენთვის პრემია „ივერია“?
– ჩემთვის პრემია „ივერია“ არის ახალი აღმოჩენების, წარმატებისა და ნიჭიერი ადამიანების გაცნობის განსაკუთრებული შესაძლებლობა. ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა. ამ პრემიამ მომცა საშუალება, შევხვედროდი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ გამორჩეულ, წარმატებულ ხელოვან ადამიანებს, გამეცნო მათი ისტორიები და შემეძინა ახალი მეგობრები.
– და რა არის თქვენთვის „ივერია – ბრილიანტი“?
– ჩემთვის „ივერია-ბრილიანტი“ არის ახალი გამოწვევა, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანური მისია. ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ემსახურება შშმ პირების შესაძლებლობების წარმოჩენას, მათ ხელოვნებაში ჩართულობას, მათი ნიჭის, შრომისა და უნარების გამომზეურებას და დაფასებას. „ივერია-ბრილიანტი“ არ არის მხოლოდ ერთი პროექტი – ეს არის ხიდი ადამიანებს შორის. ის მსოფლიოს სხვადასხვა ერის საინტერესო და გამორჩეულ შვილებს აცნობს ერთმანეთს, აერთიანებს მათ საერთო ღირებულებების გარშემო და ქმნის ახალ მეგობრობებსა და ურთიერთობებს. მჯერა, რომ ასეთი პროექტები სამყაროს უფრო თბილს, თანასწორსა და ადამიანურს ხდის.
– როგორ მიდის „ივერია – ბრილიანტის“ სამზადისი?
-„ივერია-ბრილიანტის“ სამზადისი ძალიან დატვირთული და ემოციურია. ცხადია პასუხისმგებლობებით სავსე! ფესტივალს იტალია, ქალაი ბარი 2027 წლის იანვრის ბოლოს უმასპინძლებს. სამზადისი უკვე დაწყებულია. 10 სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას, რაც ძალიან დიდი გამოწვევაა და შესაბამისად, ფესტივალის აღიარებაც. თითოეული დღე სავსეა მოლოდინით, და დიდი იმედებით. მჯერა, ეს ფესტივალი გახდება მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ადამიანების ნიჭს, შესაძლებლობებსა და იმ ძალას, რომელიც ერთობასა და მხარდაჭერაშია. ეს იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები ერთმანეთს გაიცნობენ, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ ნიჭსა და სიყვარულს საზღვრები არ აქვს. „ივერია – ბრილიანტი“ არის პირველი საერთაშორისო პროექტი, რომელმაც საქართველოში პირველმა შეძლო შშმ პირთა ინტეგრირებული სახელოვნებო კონკურს-ფესტივალის დაფუძნება და ევროპისთვის (და არა მხოლოდ ევროპისთვის) ხმის მიწვდენა, რომ ჩვენ, საქართველო ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ ყოველთვის, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. სწორედ ამ პროექტმა შეძლო ის, რომ საქართველოს შშმ პირებმა ევროპაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.


– რატომ გადაწყვიტეთ, რომ იყოთ „ივერია – ბრილიანტის“ ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში?
– როგორც ქართველი ემიგრანტი იტალიაში, ყოველთვის ვცდილობ, ხელი შევუწყო ქართული სახელისა და ღირებულებების წარმოჩენას, ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას და ისეთი საქმეების მხარდაჭერას, რომელსაც სიყვარული, თანადგომა და სიკეთე მოაქვს. სწორედ ამიტომ ავიღე ეს დიდი პასუხისმგებლობა საკმაოდ მრავალფეროვანი და დიდებული საზოგადოების წინაშე. ეს ხომ დიდი პატივია, საამაყოა ყველასთვის. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დიდი საქმის უკან დგანან კომპეტენტური ადამიანები, პროფესიონალები და საკუთარი საქმის ერთგული პირები, რომლებიც გულითა და პასუხისმგებლობით ემსახურებიან ამ იდეის განხორციელებას.
– ქალბატონო ცინარ, რას ფიქრობთ, ეს პროექტი რას მოუტანს საქართველოს, იტალიას, ზოგადად შშმ პირებს და საზოგადოებას?
– ვფიქრობ, მსგავსი პროექტები საქართველოსთვის არის ერთი დიდი ნაბიჯი ევროპული ღირებულებებისკენ – იმ ღირებულებებისკენ, სადაც მთავარი ადგილი უჭირავს ადამიანს, თანასწორობას, ღირსების დაცვასა და ერთმანეთის მხარდაჭერას. მჯერა, რომ „ივერია-ბრილიანტი“ გახდება მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ კარგ იდეას ადამიანების საყოველთაო სიკეთედ გაერთიანება, პოზიტიური ცვლილებების მოტანა.
– იტალიელ პარტნიორებთან როგორ განვითარდა ურთიერთობები და რამდენად მისაღებია მათთვის ეს პროექტი?


– იტალიელ პარტნიორებთან ურთიერთობები თავიდანვე დიდი ნდობის, პატივისცემისა და თანამშრომლობის საფუძველზე განვითარდა. ამ პროექტმა დიდი ინტერესი და მხარდაჭერა გამოიწვია იტალიაში, რადგან მისი მთავარი იდეა ადამიანების შესაძლებლობების წარმოჩენა და მათი ნიჭის დაფასებაა, რაც ყველასთვის ახლობელი და მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ იტალიელებისგან, რადგან „ივერია – ბრილიანტი“ არ არის მხოლოდ ქართული პროექტი, ეს არის შესაძლებლობა, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ მიიღოს ყველა ნიჭიერმა იტალიელმა და ყველა ერის შშმ პირებმა, რა თქმა უნდა, არა შშმ პირებმაც, რაც საერთო ჰარმონიას ქმნის, რაც ფესტივალის მთავარი მიმართულებაა – ინტეგრაცია!
– რა ისწავლეთ შშმ პირებთან ურთიერთობისას?
– შშმ პირებთან ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე – ადამიანის შესაძლებლობები არ უნდა განვსაზღვროთ მხოლოდ გარეგნული, ფიზიკური გარეგნობის ნიშნებით ან… ვისწავლე მეტი მოთმინება, თანაგრძნობა და ის, რომ ზოგჯერ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ მათგან – სიმტკიცე, დადებითი დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ცხოვრების დაფასება. მათმა ისტორიებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური შესაძლებლობა და მთავარი არის არა შეზღუდვის დანახვა, არამედ იმ ნიჭისა და ძალის აღმოჩენა, რომელიც თითოეულ ადამიანშია.
– სხვა ქვეყნებშიც ხომ არ გეგმავთ „ივერია – ბრილიანტის“ ჩატანას?
– რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, „ივერია – ბრილიანტი“ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩავიტანოთ. გვჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია, შშმ პირებისთვის და არა მხოლოდ მათთვის… ჩვენ გვინდა, რომ „ივერია – ბრილიანტი“ იქცეს პროექტად, რომელიც  გააერთიანებს და ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის შშმ პირებს და საერთოდ, ყველას. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ მის გაფართოებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ საკუთარი თავის რეალიზების და განვითარების საშუალება.


– ქალბატონო ცინარი, დღეს რას ქმნის ქართული დიასპორა, რასაც ჩვენი შთამომავლობა სიკეთედ მოიმკის მომავალში?
– ქართული დიასპორა დღეს მხოლოდ საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას არ ემსახურება – ის თავისი შრომით, ერთიანობითა და აქტიურობით აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას. უცხოეთში მცხოვრები ქართველები ყოველდღიურად ქმნიან ნდობას, ავრცელებენ სიმართლეს საქართველოს შესახებ, ამყარებენ საერთაშორისო ურთიერთობებს და ევროპულ საზოგადოებას მეტად აცნობენ ჩვენს ქვეყანას, მის კულტურასა და ღირებულებებს. სწორედ ასეთი ძალისხმევა აძლიერებს საქართველოს პოზიციას და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. დღეს დათესილი თითოეული კეთილი საქმე, თითოეული წარმატებული პროექტი და თითოეული გაერთიანებული ქართველი არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელსაც ევროპული, ძლიერი და ერთიანი საქართველო ჰქვია.
– და ბოლოს, რას ეტყვით იტალიიდან საქართველოს…
– საქართველო, იცოდე – რაც უფრო შორს ვარ შენგან, მით უფრო ძლიერ მიყვარხარ. მინდა, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი და ევროპული კეთილდღეობის საქართველო გიხილო, ისეთი, საიდანაც ახალგაზრდები აღარ წავლენ სიდუხჭირის ან სხვა პრობლემების გამო, არამედ დაბრუნდებიან… ისეთი, სადაც ემიგრაცია არჩევანი იქნება და არა აუცილებლობა – თავის და ოჯახის გადარჩენის ერთადერთი გზა…
– ისეთი, როგორზეც საქართველოს ჭეშმარიტი მამები ოცნებობდნენ და ამისთვის სწირავდნენ თავს!

პ.ს. ძვირფასო მკითხველო, როგორც ინტერვიუდან მიხვდით ჩემი რესპონდენტი ნამდვილად დიდებული ქალბატონია, საქართველოს გამორჩეული მოღვაწე – ჩვენი ენისა და კულტურა-ხელოვნების დიდი მოამაგე, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის უანგაროდ მზრუნველი…