გიორგი ტყემალაძე რუმინეთის ელჩს შეხვდა

111

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. შეხვედრას თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი თვითმმართველობების დონეზე რუმინეთთან და ქალაქ ბუქარესტთან ურთიერთობის გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს.  ამ კონტექსტში, შეხვედრაზე თბილისის და ბუქარესტის დამეგობრების საკითხზე ისაუბრეს.

„თბილისის მუნიციპალიტეტი არაერთ რეფორმას და პროექტს ახორციელებს და ამ პროცესში ბუქარესტის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ამავე დროს, სასიხარულოა, რომ ჩვენი დედაქალაქების დამეგობრების შესახებ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მალე თბილისი და ბუქარესტი ამ საპატიო სტატუსს მიიღებენ. იმედია, ეს შეხვედრა ჩვენს ქალაქებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის დასაბამი იქნება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძემ და რადუ ლივიუ ჰორუმბამ იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა შედეგიანი იქნება.