ირაკლი ზარქუა: სწორედ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა რუსეთს სტრატეგიული ობიექტები და არა „ქართულმა ოცნებამ“

1745

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში „ქართული ოცნების“ წევრების ბიზნეს ინტერესებს ეხება. ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორედ  წინა ხელისუფლებამ ჩააბარა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს.

„შეგახსენებთ, წინა ხელისუფლებამ თელასი რუსებს ჩააბარა, წყალკანალშიც ასევე მოიქცნენ, 2003 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება ,,ხრამ1“ ,,ხრამ2“  და ჩუბაისი. ჩვენი ოპონენტები საკუთარი შეცდომების გადმობრალების პრინციპს იყენებენ, თუმცა თავის მართლების რეჟიმში ვერ ჩაგვაყენებენ,“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში არჩეული ვიცე-პრეზიდენტია და  რამდენიმე დღის წინ, ევროსაბჭოში ყირიმის შესახებ განცხადება გააკეთა, რომლის საფუძველზეც რუსეთი იძულებული გახდა შესწორებები შეეტანა. ირაკლი ზარქუამ შალვა ოგბაიძის შესახებ ოპოზიციის განცხადებას ასევე აბსურდული უწოდა.

„კეთილი ინებოს ნაციონალურმა მოძრაობამ და მოიკითხონ, საკუთარი ბელადი მიხეილ სააკაშვილი, სად და როგორ მოღვაწეობდა, ასევე გრიგოლ ვაშაძეზეც მოიძიონ ინფორმაცია, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობის წევრებს რუსული ინტერესებისთვის არასოდეს  უმსახურიათ.