ქართულ-თურქული დღეები სტამბოლში

2152

2019 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა ქალაქ სტამბოლში დაესწრო „ბეიქოზის ქართული კულტურისა და შავიზღვისპირელების კულტურისა და ურთიერთდახმარების ასოციაციების“ ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გამართულ ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართულ-თურქული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა. ამასთან, ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა საქართველოს სტენდი, სადაც შესაძლებელი იყო ქართული კერძების დაგემოვნება. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ჩატარდა ღია ცის ქვეშ, რომელსაც დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო. ფესტივალი ასევე ფართოდ გააშუქეს თურქულმა მედიასაშუალებებმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და
ბეიქოზის ქართული კულტურის ასოციაციის ხელმძღვანელს, ალი ქემალ ქილიჩს სამადლობელი სიგელი გადასცა.

ანკარაში საქართველოს საელჩო დიდ მადლობას უხდის ბეიქოზის ქართული კულტურის ასოციაციას, ფესტივალის თითოეულ მონაწილესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ზემოხსენებული ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.