ლევან როგავა: ოღონდ ვინმემ რამე მასწავლოს, მადლიერი ვიქნები

2381

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

კარატე დო – შიშველი ხელის გზა… გზა, რომელიც გაწრთობს და დრო და დრო ადამიანად რაფინირების საშუალებას გაძლევს! ეს არის ხელოვნება, რომელმაც ბრძოლის უნარები უნდა გააღვიძოს და განავითაროს ადამიანში, გზა, რომელმაც ომის გარეშე უნდა გაგამარჯვებინოს! და თუ მოგიხდა ბრძოლაში შესვლა, ღირსეულად დაბრუნდები… კარატეს გზა უნიკალურია ადამიანის განვითარებისთვის…

მოკლედ, კარატეზე ბევრის თქმა შეიძლება, ამოუწურავია მისი არსი… ჩვენი სტუმარია ლევან როგავა, საქართველოს ოკინაცური გოჯუ რიუ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და შეფ-ინსტრუქტორი, მეოთხე დანის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, ღირსეული ოსტატი და გამორჩეული პიროვნება, პიროვნება, რომლისგანაც ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ…

– ლევან, რა არის კარატე?
– ყველაფერი ფარდობითი და პირობითია. გააჩნია, ვის რა ინფორმაცია აქვს და რა პრიზმიდან უყურებს კარატეს. 10 წლის ვიყავი როცა ვარჯიში დავიწყე და დღემდე ერთი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში კარატეს გარეშე. კარატე იმდენად არის ჩემში შესისხლხორცებული, რომ მის გარეშე ალბათ… ალბათ კარატეს გარეშე სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი. მაგრამ, მაინც ვიტყვი ერთს და ჩემი აზრით მთავარს: კარატეს გზა ფასობს არა მხოლოდ სპორტული მიღწევებით, არამედ განვლილი გზით. იმით, თუ რამდენს გაივლი ამ რთულ გზაზე, რას მიაღწევ შენი სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური ზრდა-განვითარებისთვის და რა სარგებლობას მოუტან სხვებს. ერთი სიტყვით ეს ცხოვრების მარათონია.
– რა არის იაპონია?
– იაპონია ცალკე განზომილებაა. ყველამ ვიცით და გვესმის მათი თანამედროვე ტექნოლოგიები და კულტურისადმი დამოკიდებულება. მაგრამ მე ვსვამ კითხვას როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს ასე ხარისხიანად? იაპონელები განსხვავებულნი არიან, შრომისმოყვარეები და თავმდაბლები. საოცარი ფოკუსირების უნარით. ერთნაირად არიან ფოკუსირებული იმაზე რაც აქვთ და იმაზეც რაც არ აქვთ. მხოლოდ ტოკიოში ცხოვრობს 40 მილიონი ადამიანი. ზედმეტს ვერაფერს ვერ ნახავთ, ყველაფერი მოწესრიგებულია და ხვდები, რომ ადამიანებს სიღრმისეულად, უმაღლეს დონეზე აქვთ გაცნობიერებული, რომ არა მხოლოდ სახლი ან მანქანაა მათი საკუთრება, არამედ ქვეყანაც, ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ და ამიტომ უვლიან მას ისე, როგორც პირადს. უცებ ისე რომ მოხდეს (წარმოუდგენელია მაგრამ მაინც), ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და საქართველო არის ისეთი მოწესრიგებული და ძლიერი, როგორიც იაპონიაა, წარმოდგენაც კი არ მინდა რას ვუზამთ, რას დავამსგავსებთ ზუსტად ერთ თვეში. იმედია ყველა არ მიიღებს ამ ნათქვამს საკუთარ თავზე.


– ცალკე მოუყევით ოკინაველ ხალხზე მკითხველს.
– ოკინავა უნიკალური კუნძულია თავისი სპეციფიური მახასიათებლებით. დედაქალაქი – ნაჰა. იქ მუდმივად ზაფხულია. მდებარეობს იაპონიის სამხრეთით და 2.30 სთ. საფრენ მანძილზეა ტოკიოდან. ადამიანების საშუალო ასაკი 72 წელია და არ იქნება გასაკვირი, რომ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანები სწორედ ამ კუნძულზე ცხოვრობენ. ოკინავა ცნობილია, როგორც კარატეს სამშობლო, სწორედ აქედან იღებს სათავეს უძველესი აღმოსავლური ორთაბრძოლების სისტემა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დღევანდელი ამგვარი სახეობების განვითარებაში. ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ჯანსაღი საკვები არის მათი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო.
– ოკინავაზე ოსტატად აღიარება როგორ ხდება?
– როგორც ზემოთ გითხარით ოკინავა კარატეს სამშობლოა, ადგილი სადაც იშვა კარატე. აქედან გამომდინარე, იქ დღესაც არიან ისეთი ოსტატები, რომელთაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კარატეს ფუძემდებელ იმ უმაღლესი რანგის ოსტატებთან, რომელთა სახელებსაც უკავშირდებათ ამ სახეობის შექმნა-დაარსება. არსებობს სტილის გენეოლოგიური ხაზი, რაც გულისხმობს უპირველეს ყოვლისა ცოდნის ხელიდან ხელში გადაცემას. პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ასეთ ადამიანებთან პირდაპირი კავშირი, მათგან ცოდნის მიღება და არსებული ცოდნის გაღრმავება. ოსტატად ჩამოყალიბება არ ხდება ეპიზოდურად ან სპონტანურად.
– ოკინავაზე კარატეს შესწავლის დროს რას განიცდით?
– დღევანდელ დღეს ინფორმაციაზე წვდომა მარტივია. შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ ნებისმიერი ოსტატის ვიდეო ან წიგნები. თუმცა ვერც ერთი ვიდეო და წიგნი ვერ გადმოგცემს იმ შეგრძნებას, რისი გადმოცემა იმ მომენტში შეიძლება გჭირდებოდეს. სენსეი როცა ერთი ერთზე გავარჯიშებს, მიგითითებს შეცდომებზე და გაძლევს ენერგიას, ეს სულ სხვა ფენომენია. შეგრძნების აღქმა ვერბალურად და მით უფრო ვირტუალურად წარმოუდგენელია. სენსეიმ უნდა შეგაჯანჯღაროს, შეგარყიოს და გამოგაფხიზლოს.
– როგორი ხალხია იქაურები?


– ძალიან თავაზიანები, შრომისმოყვარე ღიმილიანები.
– სენსეი მორიო ჰიგაონას დოჯოში ყოფნა რას ნიშნავს?
– ჰიგაონა სენსეის პირველი ვიდეო ვნახე 1994 წელს. ეს იყო ფილმი რომელიც BBC-მ 1983 წელს გადაიღო მის შესახებ. მისმა ოსტატობის დონემ გამაოცა, შოკირებული ვიყავი. ამ ფილმში სენსეი დახასიათებული იყო როგორც „ყველაზე საშიში ადამიანი იაპონიაში, როცა საქმე ნამდვილ ორთაბრძოლას ეხება“… ამის შემდეგ ჰიგაონა სენსეისთან ბევრჯერ ვივარჯიშე სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ სემინარებზე, მაგრამ მის დოჯოში, ოკინავაზე, პირველად 2015 წელსჩავედი. აღმოვჩნდი იმ ადგილას, სადაც ის BBC-ს ფილმი იყო გადაღებული. ენერგეტიკული ველი ამ ადგილას სრულიად განსხვავებულია, სხვა დოჯოებთან შედარებით. როგორც კი მის დოჯოში შედიხარ, გცვლის და გაძლევს წარმოუდგენელ ძალას და აბსოლუტურად განსხვავებულ შინაგან მდგომარეობას. მასთან იქ ყოფნას ვარჯიშს ვერ დავარქმევ, ეს უფრო წრთობაა, რომელიც დიდი ხანი მოგყვება და გაძლევს საშუალებას სიღრმისეულად ჩაწვდე შენს შესაძლებლობებს და სრულად იგრძნო ის გზა, რასაც გოჯუ-რიუს გზა ქვია.
– ბავშვთა აღზრდის მთავარი მეთოდი რა არის თქვენთვის?
– ბავშვებთან მუშაობა პირველ რიგში არის დიდი პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე შედეგია ჩემთვის უმნიშვნელოვანესი. ბუნებრივია შედეგში არ ვგულისხმობ აუცილებლად იმას, რომ ყველა მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეს. მთავარია ის დრო, რასაც ბავშვები ჩვენთან ხარჯავენ, იყოს მაქსიმალურად ნაყოფიერი მათთვის. ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ სწორი ფასეულობები და იყვნენ ფიზიკურად ჯანმრთელები და ძლიერები. ეს ორი ასპექტი თანაბრად მნიშვნელოვანია.
– დანის რანგი ხომ არ მოგიმატეს ოკინავაზე?

– ამ ეტაპზე რანგის (ხარისხის) მოსამატებელ გამოცდაზე არ გავსულვარ.
– ადამიანი, რომელიც ცრუობს, შეუძლია რაიმე საქმის ოსტატი გახდეს?
– შეუძლია სიცრუის ოსტატი გახდეს… თუ უფრო სერიოზულად ვიტყვით, გეტყვით რომ ამ ცხოვრებაში სიმართლეს ალტერნატივა არ გააჩნია!

– სენსეი ნაკამურას ხომ არ უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
– სენსეი ნაკამურას 2020 წლის აპრილში ველოდებით. ის ბოლოს 2016 წელს იყო ჩვენთან ჩამოსული. მისი აქ ყოფნა და ვარჯიშების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. გარდა იმისა, რომ ის არის გოჯუ-რიუს მსოფლიო ფედერაციის შეფი, ის არის ლრგრნდარული სენსეის მორიო ჰიგაონას „უჩიდეში“ მთავარი მოსწავლე და ზუსტად ამიტომ აირჩიეს გენეოლოგიური ხაზის გამგრძელებლად. ასე რომ, გაისად, აპრილში დიდ და საინტერესო ღინისიებას ვგეგმავთ.
– მსოფლიოში უდიდეს სენსეი ჰიგაონას ჩამოყვანას ხომ არ გეგმავთ?
– სამწუხაროდ სენსეი ჰიგაონა აღარ მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, მისი ასაკიდან გამომდინარე. 80 წლის არის სენსეი და ეს ის ასაკია, როდესაც ჩვენ უნდა ვიაროთ მასთან.
– ვინ არის კარატეს ნამდვილი ოსტატი?
– მე ვფიქრობ, რომ ოსტატობას განაპირობებს განვლილი გზა, აგრეთვე ადამიანის შინაგანი და ფიზიკური მდგომარეობა. მრავალია ჩემს გარშემო ასეთი ადამიანი და მიხარია, რომ მაქვს მათთან წვდომა.
– რთულ ბავშვებს როგორ ავარჯიშებენ ოკინავაზე?
– პრობლემურ ან ძნელად აღსაზრდელ ბავშვებთან კომპლექსურად მუშაობენ. ფსიქოლოგები, მშობლები და პედაგოგები. ყველა აცნობიერებს,რომ ასეთი ტიპის ბავშვები საშიშები არიან არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ამიტომ მნიშვნელოვანია მათთვის დახმარების გაწევა და მათი სწორად აღზრდა-განვითარება. ამიტომაც იქ ეს პრობლემა ნაკლებად დგას, ფაქტიურად მინიმუმამდეა დაყვანილი სწორი და სისტემური მიდგომის საშუალებით.
– კმაყოფილი ხართ ოკინავაზე ბოლო სემინარით?
– არ შეიძლება ამდენი ოსტატის გარემოცვაში უკმაყოფილო იყო. ბევრი სიახლე გავიგე, როგორც პროფესიული, ასევე ცხოვრებისეული – ადამიანური კუთხითაც. მე ვარ გახსნილი და მუდამ მზად ცოდნის მისაღებად, ოღონდ ვინმემ რამე მასწავლოს, მადლიერი ვიქნები. ამჯერად ამ სემინარზე ჩემს სამ მოსწავლესთან ერთად ვიყავი და ესეც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. სხვანაირად დავინახე ჩემი თავი მათთან ერთად
– ოკინავური სამზარეულო რამდენად მოგეწონათ?
– ოკინავური სამზარეულო ცოტათი განსხვავდება იაპონური სამზარეულოსგან. თუმცა ერთგვაროვანი კერძები აქვთ. ძირითადად ზღვის პროდუქტებით იკვებებიან ოკინავაზე. აღმოსავლური სიბრძნეა „შენ ხარ ისრასაც ჭამ“. ისინი ყურადღებას არა მხოლოდ გემოს აქცევენ, არამედ საჭმლის ვიზუალურ მხარესაც მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ. აუცილებლად ლამაზად უნდა იყოს გაფორმებული კერძი. დეტალების სიღრმეებშიჩადიან. ძალიან გემრიელია იქ ყველაფერი.
– სპორტულ შედეგებზე უფრო გაქვთ ორიენტაცია თუ მომავალი თაობის სულიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე?
– კარგი კითხვაა! ჩვენთან ბავშვების მიღება-სელექცია არ ხდება მათი სპორტული ნიჭის ან სხვა შესაძლებლობების მიხედვით. ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა ჩვენი დოჯოს კარი. ჩვენ არ ვემზადებით ვიღაცაზე გამარჯვებისთვის, ჩვენ საკუთარ თავზე გასამარჯვებლად ვვარჯიშობთ. დოჯოში ვიკრიბებით არა სხვაზე ძალადობისთვის და დასამარცხებლად, არამედ ერთმანეთის დასახმარებლად. თუმცა, სუფთა სპორტული, პროფესიონალური საშეჯიბრო მიმართულებაც უმთავრესია. ბევრი აღვზარდეთ საქართველოს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი.
– რა არის ის, რითიც ამაყობს ლევან როგავა?
– ერთხელ ჩემს მოსწავლეებს ვუთხარი, მე თქვენგან არაფერი არ მინდა, უბრალოდ, როცა მოხუცი ვიქნები, ხშირად მომინახულეთ, 1 კგ. ვაშლი გამოაყოლეთ ხელს და ცოტა ხანი ვისაუბროთ თქო… მე და ჩემმა გუნდმა ამდენი წლის განმავლობაში თუ ერთ ადამიანს მაინც მივეცით პოზიტივი, სიცოცხლის ხალისი და ცხოვრებაში სწორად სიარულის უნარი, ესე იგი – სწორ გზაზე ვდგავართ!

პ.ს. მიაბარეთ სენსეი ლევანს თქვენი შვილები, ის მათ სწორად აღზრდაში დაგეხმარებათ…