ძნელია გვერდი აუარო წინამდებარე წიგნს და არ წაიკითხო. ეს წიგნი ხშირ შემთხვევაში სამაგიდო წიგნების სიაში შედის, რომელსაც ბევრი ადამიანის ცხოვრების დადებითისკენ შეცვლა შეუძლია.
宮本 武蔵
五輪書
წიგნი შედგება ძირითადი ხუთი ნაწილისაგან: „მიწის გრაგნილი“ , „წყლის გრაგნილი“, „ცეცხლის გრაგნილი“, „ქარის გრაგნილი“ და „სიცარიელის გრაგნილი“.
მთარგმნელი, ნატალი ბიძინაშვილის, წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: გოჯუ-რიუ კარატეში ვარჯიში, დაახლოებით, 10 წლის წინ დავიწყე და დღეს ეს საბრძოლო ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მიამოტო მუსაშის „ხუთი გრაგნილი“ ჩემთან შემთხვევით არ მოხვედრილა – სენსეი ლევან როგავას რჩევით მოვიდა ჩემამდე. როდესაც ეს წიგნი წავიკითხე, ისე იმოქმედა, რომ მაშინვე გამიჩნდა სურვილი, მეთარგმნა ორიგინალიდან ქართულ ენაზე იმისათვის, რომ სხვებსაც შესძლებოდათ იმავეს განცდა. თავდაპირველად, ქართულად თარგმნის იდეა სენსეის გავუზიარე, სითამამეც სწორედ მან შემმატა. ტრაქტატში აღწერილი საბრძოლო ხელოვნების ტაქტიკები, ოსტატობა, გონების მდგომარეობა, დროის შეგრძნება და აღქმა კარატეს დოჯოს მიდგომებს ირეკლავდა. რაც მეტად ვუღრმავდებოდი ნაწარმოებს, მით უფრო მეტ კავშირს ვპოულობდი და სწორედ ამ მიზეზების გამო გახდა „ხუთი გრაგნილი“ ჩემთვის სრულიად უნიკალური და განსაკუთრებული.
საბრძოლო ხელოვნებასა და სამხედრო სტრატეგიის სფეროში ალბათ სულ რამდენიმე ადამიანი თუ იწვევს ისეთ პატივისცემასა და აღტაცებას, როგორსაც მიამოტო მუსაში. მისი დანატოვარი ბევრად აღემატება ბრძოლის ველზე მის მიერ მიღწეულ წარმატებას. ომის ხელოვნებაზე მისი შეხედულებების სიღრმე, უნიკალური ფილოსოფია ბრძოლისა და ცხოვრების შესახებ საუკუნეების განმავლობაში ატყვევებდა მეცნიერებს, მეომრებსა თუ ფილოსოფოსებს.
მე-17 საუკუნეში (დაახლ. 1645 წელს) დაწერილი ტრაქტატი „ხუთი გრაგნილი“ ადასტურებს მიამოტო მუსაშის უბადლო სიბრძნესა და ოსტატობას და მის მიერ საბრძოლო ხელოვნების სრულყოფის პროცესს ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომ „ხუთი გრაგნილი“ ხშირად განიხილება როგორც საბრძოლო ხელოვნების გზამკვლევი, მუსაშის სიღრმისეული შეხედულებები იკვლევს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. სწორედ ეს მხარე აქცევს ამ წიგნს საგანძურად, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გამოადგება ცხოვრების გზაზე.
მუსაშის ფილოსოფია გონების, სხეულისა და სულის გაერთიანების ირგვლივ ტრიალებს. მას სჯეროდა, რომ ჭეშმარიტი ოსტატობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს სამი ელემენტი ჰარმონიულადაა შერწყმული. მკაცრი ვარჯიშით გონებისა და სხეულის გამოძერწვით მუსაში მიზნად ისახავდა, უწყვეტი კავშირი დაემყარებინა ფიზიკურ მოძრაობას, გონებასა და ცნობიერებას შორის.
მიამოტო მუსაშის ფილოსოფია თავად კონფლიქტის ბუნებას, სტრატეგიის, დროისა და ადაპტაციის დინამიკასა და რიტმს იკვლევს; განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს მუდმივად ცვალებად გარემოებებთან ადაპტაციას, მოწინააღმდეგის ამოცნობის ხელოვნებასა და ინტუიციის გადამწყვეტ როლს, რომელიც წამის მეასედში გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს. მიამოტო მუსაში მკითხველს მოუწოდებს, ცხოვრებისეულ გამოწვევებს სტრატეგიული აზროვნებით მიუდგნენ, გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა და გამოიყენონ შესაძლებლობები.
მუსაშის სწავლება მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ სხეულს, არამედ არსებობის გონებრივ და სულიერ განზომილებებს. მისი აზრით მეტად მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება. მუსაშის სჯეროდა, რომ ჭეშმარიტი ძალა არა მხოლოდ ფიზიკურ სიძლიერეში მდგომარეობს, არამედ შიშისა და ეჭვის დაძლევის უნარში. მიამოტო მუსაშის სწავლება განკუთვნილია მათთვის, ვინც პიროვნული ზრდისკენ მიისწრაფვის.
„ხუთი გრაგნილი“ გვთავაზობს ფასდაუდებელ შეხედულებებს საკუთარი თავის დაუფლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის შესახებ. ტრაქტატში გვხვდება უამრავი მეტაფორა და დამაფიქრებელი ანალოგიები, რომელთა საშუალებით შეგვიძლია ბევრი რამ შევიტყოთ საბრძოლო ხელოვნებაზე, გამოვიმუშაოთ სტრატეგიული აზროვნება და შევეცადოთ, ჩავწვდეთ კონფლიქტის ბუნებას. ამავდროულად, „ხუთი გრაგნილი“ გვთავაზობს გაკვეთილებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პიროვნული ზრდისთვის, გამძლეობის გამომუშავებისა და ჰარმონიის მიღწევისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ასეთ მოკრძალებულ შეფასებას უკეთებს ნატალი ბიძინაშვილი ამ გენიალურ ნაშრომს.
რედაქციისგან: ცხადია, წიგნი განკუთვნილია საბრძოლო ხელოვნებათა ოსტატებისთვის, მათთვის, ვისაც სურს გახდეს ნამდვილი ოსტატი – მებრძოლი, ასევე ფილოსოფიით და ფსიქოლოგიით დაინტერესებულთათვის და ფართო საზოგადოებისთვის. წიგნი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აინტერესებს იაპონური აზროვნება-ფილოსოფია, დისციპლინა და მენტალიტეტი.
ამ მნიშვნელოვანი ლიტერატურის თარგმანი ეკუთვნის ნატალი ბიძინაშვილს, რედაქტორი მაკა სესკურია, ილუსტრატორი კი მარიამ მზარეულიშვილია, ხოლო დიზაინერი, ია მახათაძე, – რომლებიც ჩვენი რედაქციის მადლობას იმსახურებენ ამ მეტად საინტერესო წიგნის გამოცემისთვის!