პრემია ივერია მეათე გალა დაჯილდოებისთვის ემზადება და ბევრ სიურპრიზს ელოდეთ…

1871

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ `ივერიის~ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია _ `ივერია~ მეათე საიუბილეო გალა დაჯილდოებისთვის ემზადება! თუმცა მანამდე მონაწილეების მასალების მიღება ცხადდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ პრემია „ივერია“ ზუსტად ამ დღეს, 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო უკვე ათი წელია გრძელდება…

„მასალების მიღება დასრულდება 2023 წლის 15 იანვარს. მონაწილემ მასალები მხოლოდ პოეზიაში ან პროზაში უნდა გამოაგზავნოს. ორივე – პროზაც და პოეზიაც არ შეიძლება, – პროზა ან პოეზია! პროზის შემთხვევაში ვორდის ფაილში უნდა იყოს არაუმეტეს 21 გვერდისა, 12-იანი შრიფტით. პოეზია კი ასევე შრიფტის ზომა 12, მაქსიმუმ ხუთი გვერდი, ერთ სვეტად. მასალები უნდა იყოს რედაქტირებული და არ უნდა დაირღვეს მითითებული ვადები და პირობები.

ათწლიანი ტრადიციით და მიუკერძოებლობის მიზნით, მასალები გადაეგზავნება კომპეტენტურ ჟიურის, ვორდის ფაილით, რომლებიც, როგორც წესი, იქნება დანომრილი და მითითებული არ იქნება ავტორთა ვინაობა – გვარ-სახელები, არასასურველი მიდგომებისა და გავლენის აღმოფხვრისთვის. ჟიური იქნება ისევ კენტი და არ ეცოდინებათ ერთმანეთის ვინაობა მანამდე, ვიდრე მასალების განხილვისთვის არ შედგება შეხვედრა ტრადიციისამებრ, ილიას სახლმუზეუმში, საგურამოში. ჟიური ისევ შეიცვლება, დარჩება მხოლოდ ერთი ან ორი წევრი გასული წლიდან, რათა ჟიურის ახალ წევრებს დაეხმარონ და მეტი გამჭვირვალეობა შეიძინოს მათმა მუშაობამ.

აჯობებს, რომ შემოქმედება იყოს მრავალფეროვანი, სხვადასხვა თემები, ასევე პროზაში. პროზაში შესაძლებელია რამდენიმე ნოველა, ჩანახატი, მოთხრობა, რომანი, რა თქმა უნდა, შრიფტის ზომა და გვერდების რაოდენობა უცვლელი უნდა იყოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ჩვენ არასოდეს ვარჩევთ ავტორთა მასალებს.

საყურადღებოა შემდეგი საკითხი: თუ მასალები პოეზიაში იქნება ხუთ გვერდზე მეტი, დამფუძნებელს უფლება აქვს ამოიღოს ზედმეტი და დატოვოს პირველი ხუთი გვერდი. ასევე პროზაში, თუ 21 გვერდზე მეტი იქნება, ხელოვნურად დაიყვანოს სასურველ რაოდენობამდე. შესაბამისად, ავტორთა შემოქმედების საკონკურსო შედეგებზე პასუხისმგებლობას იხსნის დამფუძნებელი. კატეგორიულად დაუშვებელია და ჟიურისთან არ გაიგზავნება PDF და JPG საშუალებით გამოგზავნილი პროზა-პოეზია. ასევე არ გაიგზავნება და კონკურსს გამოეთიშება მასალა და შესაბამისად ავტორი, თუ ლიტერატურა არ არის კორექტირებული!

ტრადიცია გრძელდება – ისევ გაიმართება წიგნის ყდის დიზაინის კონკურსიც. წიგნების ყდები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. წიგნების ყდებიც განთავსდება საიტზე www.qelite.info დაგროვილი მოწონებების შესაბამისად, ვისაც მეტი მოწონება ექნება, გამარჯვებულიც ის გახდება. თუმცა ჟიური და დამფუძნებელიც მიიღებს სხვადასხვა ავტორთა (ორი ან სამი) ყდაზე.

წლევანდელი წელი მეტად განსხვავებული იქნება, ამჯერად მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან სიურპრიზს დავაანონსებთ: რადგან პრემია „ივერია ათი წლისაა, სიმბოლურად, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ათი ორდენი დამზადდება სუფთა ვერცხლისგან, რომლთა მფლობელებიც, რა თქმა უნდა, ჟიურის მიერ შერჩეული და გამოვლენილი პირველი ათეული იქნებიან, ხოლო დანარჩენი იგივე მასალა იქნება და ტრადიციული, თავისუფალი, განუმეორებელი ნომინაციებით შემოიფარგლება.

გარდა ამისა, „პრემია“ მრავალ საინტერესო სიურპრიზს უმზადებს მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას,“ – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

როგორც პრემია „ივერიის“ მესვეურები აცხადებენ, მეათე დაჯილდოების შემდეგ კონკურსის წესები უფრო გამკაცრდება და ძალიან ცოტა ავტორი მიიღებს ლაურეატობას, რადგან ეს უკვე ბრენდად ქცეული ლიტერატურული პრემიაა და აქვს ამის უფლება.

„როგორც წესი, ქვეყნების რაოდენობა იზრდება, რაც პროექტის პოპულარობას უსვამს ხაზს, ამ დროისთვის ათი ქვეყანის საუკეთესო მწერლები არიან ჩართული და ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. პომპეზურ და დაუვიწყარ დაჯილდოებას ვპირდებით მონაწილეებს და სტუმრებს“, – თქვა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პრემია „ივერია“ თავისუფალი საერთაშორისო პროექტია და აქვს საზოგადოების, კულტურა-ხელოვნების მოღვაწეების,  პრესის დიდი მხარდაჭერა.

2023 წლის პრემია „ივერიის“ გალა დაჯილდოება და ამ პროექტის ეგიდით ჩასატარებელი ყველა ღონისძიება ეძღვნება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის აღსაყდრების 45 წლისთავს და საიუბილეო თარიღს 90 წელი! რა თქმა უნდა, მეათე დაჯილდოება ასევე ეძღვნება მშვიდობას – უკრაინაში და სრულიად სამყაროში!

პროექტი ხორციელდება პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩართულნი არიან ყველა ასაკის, რელიგიის, სოციალური ფენის, ეროვნების, მათ შორის მსჯავრდებულები და შშმ პირები. ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.

ფოტოების უმრავლესობა შერჩეულია 2013 წლის 28 ნოემბრის პირველი ღონისძიებიდან, რომელმაც შექმნა პირველი ისტორიული დღე და მადლობა ყველას ამ დღისთვის!

პრემია „ივერიის“ ისტორია გრძელდება და მალე იხილავთ წიგნს, სადაც უამრავი ისტორიული ფოტო და ტექსტი (მათ შორის მონაწილეთა შთაბეჭდილებები, ხელნაწერის სახით) შევა…

გთხოვთ მასალები გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: iveriaprize@yahoo.com