პრემია ივერია მწერალთა სახლში

959

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ მეთერთმეტე გალა დაჯილდოება თბილისში, „მწერალთა სახლში“ გაიმართება“, თბილისი, მაჩაბლის 13.

„მოხარული ვართ, რომ უკვე მეთერთმეტე გალა დაჯილდოება გვაქვს, ტრადიციულად 3 მარტს. თერთმეტი წლის მანძილზე პირველად გავმართავთ ამ გრანდიოზულ სახლში პრემია „ივერიის“ დაჯილდოებას. შეგრძნება იმისა, რომ დავით სარაჯიშვილის სახლში გამართო მსგავსი კულტურული ღონისძიება, მართლაც დიდებულია, ამაღელვებელი და აღმაფრთოვანებელია. ამისთვის მადლობა „მწერალთა სახლს“ და მის ხელმძღვანელობას, ქალბატონ ქეთი დუმბაძეს“ – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პრემია „ივერია“ თავისუფალი საერთაშორისო პროექტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურულ-სოციალური პროექტია, მოიცავს ხელოვნების ყველა სფეროს.

2024 წლის პრემია „ივერია“ ეძღვნება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის აღსაყდრების 46 წლისთავს და საიუბილეო თარიღს 91 წელი! რა თქმა უნდა, მეთერთმეტე დაჯილდოება ეხმიანება იმ დიდ სურვილს, რასაც მშვიდობა ჰქვია სრულიად სამყაროში!

პროექტი ხორციელდება პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით.

შეგახსენებთ, რომ პროექტში ჩართულნი არიან ყველა ასაკის, რელიგიის, სოციალური ფენის, ეროვნების ხელოვანები, ასევე უცხოელი შემოქმედები მათ შორის მსჯავრდებულები და შშმ პირები.

პრემია „ივერია“ წარმატებას უსურვებს ყველა მონაწილეს!

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.

მაშ ასე, გელოდებით თბილისში, „მწერალთა სახლში“ გაიმართება“, თბილისი, მაჩაბლის 13, 13:45 საათზე.

მწერალთა სახლის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

შენობა, რომელიც პრემია „ივერიის“ გალა დაჯილდოებას პირველად მასპინძლობს, მისი ისტორია აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც, რადგან ეს არის სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახლი – საქართველოს სულიერების, გონიერების, ერთიანობის და ლიტერატურა-ხელოვნების ისტორიის დიდების კერა.

სშენობა, სადაც ამჟამად მწერალთა სახლია განთავსებული,  ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა  დავით სარაჯიშვილმა (1848-1911) 1903-1905 წლებში ააგო. სახლი გერმანელი არქიტექტორის, კარლ ცაარის პროექტის მიხედვითაა აგებული, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი, ხის ინტერიერის ავტორი ასევე თბილისელი ხელოსანი, ილია მამაცაშვილი იყო.


სახლი მოდერნის სტილის არქიტექტურის ნიმუშია. ფასადის მოპირკეთების დროს უხვადაა გამოყენებული ტალღოვანი ფრონტენები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები. არქიტექტურის მკვლევართა აზრით,  სარაჯიშვილის სახლი თბილისური და ევროპული არქიტექტურის შერწყმის ბრწყინვალე მაგალითია.
სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის  “ვილეროი და ბოხის” კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები დიდი იშვიათობაა და მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. კიოლნის ტაძარი გერმანიაში, მოსკოვის დიდი თეატრი, აინზიდელნის სააბატო შვეიცარიაში – ეს ის შენობებია, სადაც იგივე სტილის კერამიკული ფილები შეგიძლიათ იხილოთ, რაც მწერალთა სახლის ვერანდაზეა.


სახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. სარაჯიშვილის სახლი გახსნისთანავე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად. იგი ხშირად მასპინძლობდა ლიტერატურულ და სამხატვრო საღამოებს, რომელთა შემდეგაც სასიამოვნო ქართული ნადიმები იმართებოდა. ამ სასახლის ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, არტურ ლაისტი, ვალერიან გუნია და სხვები. მცირე ხნით აქ  აკაკი წერეთელიც ცხოვრობდა, ივანე მაჩაბელიც და არტურ ლაისტიც. პირველად აქ მოეწყო ქართველი ფერმწერის, გიგო გაბაშვილის გამოფენა.


დავით სარაჯიშვილი 1911 წელს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. სახლი კი თავის მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს უანდერძა. თუმცა, არსებობდა მეორე მოსაზრებაც, რომლის  მიხედვითაც დავით სარაჯიშვილის სურვილი იყო, რომ ეს სახლი ხალხური რეწვის ნიმუშების საგამოფენო სივრცედ ქცეულიყო. ეს ცნობა იმდროინდელ რუსულ გაზეთში “Тифлисский Листок” – ში (1911.26.VI N.143) გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ გაზეთს იშველიებდა ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. ანდერძის შესაბამისად, გარდაცვალების შემდეგ სახლში ეკატერინე და მისი ძმა ადამ ფორაქიშვილი ცხოვრობდნენ. ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ 1916 წ., ფინანსური პრობლემების გამო ადამ ფორაქიშვილი იძულებული გახდა სახლი აუქციონზე გასაყიდად გაეტანა; 1918 წელს ქართული საზოგადოების თხოვნით იგი ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ (1873-1932) შეიძინა. მან, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა დავით სარაჯიშვილის სახლი, იტალიიდან ჩამოტანილი ლომის ქანდაკებებითა და ანტიკური ნივთებით მორთო იგი. მანვე მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღები.


1921 წლის თებერვალში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, აკაკი ხოშტარია იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყო. იმავე წლის 28 თებერვალს, ანუ გასაბჭოებიდან მესამე დღეს, საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა დავით სარაჯიშვილის სახლად ცნობილი შენობა, პაოლო იაშვილის ინიციატივითა და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა. 20-იან წლებში ამ სახლს ხელოვნების სასახლეს უწოდებდნენ კიდეც. 1925-1926 წლის „ცნობათა კრებულში“, რომელიც ტიციან ტაბიძის რედაქციით გამოვიდა, ვკითხულობთ: „ხელოვნების სასახლე დაარსებულია 1921 წელს გასაბჭოების პირველ დღეებში. მწერალთა კავშირის დელეგაციის მიმართვის თანახმად სარევოლუციო კომიტეტმა განსაკუთრებული დეკრეტით ყოფილი სარაჯიშვილების სახლი, შემდეგ აკაკი ხოშტარიასი, გამოაცხადა ხელოვნების სასახლედ. ხელოვნების სასახლე იმყოფება ივ. მაჩაბლის N 13. ხელოვნების სასახლეს განაგებს სრულიად საქართველოს ხელოვანთა კავშირის კომიტეტი, რომელშიაც შედიან წარმომადგენლები ყველა სექციებისა“. მალე, 1923 წელს ხელოვანთა კავშირს მწერალთა კავშირი ცალკე ორგანოდ გამოეყო და 2007 წლამდე ეს სახლი მწერალთა კავშირს ეკუთვნოდა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ქუჩიშვილი ეს სულ მცირედი ჩამონათვალია იმ მწერლებისა, ვისი ხილვაც ამ სახლში იყო შესაძლებელი. სხვადასხვა დროს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეები იყვნენ კოტე მაყაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, გიორგი ლეონიძე, ირაკლი აბაშიძე, გრიგოლ აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, მუხრან მაჭავარიანი, გურამ ფანჯიკიძე, შოთა ნიშნიანიძე და სხვები.


სარაჯიშვილისეული სახლი წლების მანძილზე მრავალი ისტორიული მოვლენის ეპიცენტრი იყო, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მემორიალურ მნიშვნელობას. თუმცა, კარგი და საინტერესო მოვლენებისა და შეხვედრების გარდა ამ სახლთან არაერთი დრამატული ისტორიაცაა დაკავშირებული. ყველაზე ტრაგიკული 1936-38 წლების დიდი ტერორია, როცა მწერლებს ერთმანეთისთვის აქვე გამართულ კრებებზე გამოჰქონდთ განაჩენი. 1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა ამ შენობის მეორე სართულზე, ერთ-ერთი ასეთი სხდომის მიმდინარეობისას სანადირო თოფით მოიკლა თავი. ტერორი, დასმენები, აბსურდული ბრალდებები  მწერლებს აიძულებდა თავის გადასარჩენად ან ჩუმად ყოფილიყვნენ, ან მიეღოთ სისტემის მიერ შემოთავაზებული თამაშის წესები. ბევრმა ვერ გაუძლო ამ მძიმე წნეხს. პაოლო იაშვილის დაკრძალვას მისი მეგობრებიდან კოლაუ ნადირაძის გარდა არავინ დასწრებია. რეპრესიები დიდხანს გრძელდებოდა და მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში შეწყდა.

დავით სარაჯიშვილი