მარი კოლხი: თუ მტერი, მლანძღველი და კრიტიკოსი გაგიჩნდა, ესე იგი, შენ უკვე წინ წახვედი და ვიღაცას აღელვებს…

3434

მარი კოლხი საიდან მოდის, სად დგას ახლა და საით მიექანება – ანუ იგივე მარი ტორჩინავა დაიბადა 1983 წლის 18 ივლისს სამეგრელოს, პატარა ქალაქში, მისთვის საყვარელ სენაკში. ამაყოვს თავისი სისხლით და გენით და, ფსევდონიმიც სწორედ აქედან გამომდინარეობს – კოლხი. დაამთავრა სენაკის ჟიული შარტვს სახელობის მე-2 საშუალო სკოლა. პროფესიით დაწყებითი კლასის მასწავლებელია, მცირე ხნით მოუწია მუშაობა, შვილთა სიმრავლის გამო დიასახლისობამ მეტი დაავალა და, ჯერ-ჯერობით, დღესაც დიასახლისია. თუმცა, თვრამეტი წლის პაუზის შემდეგ გააცოცხლა დამარხული ოცნებები, ცდილობს დაკარგული წლების ანაზღაურებას, – ზრდა-განვითარებას, წინსვლას. მიზნები დიდი აქვს, ოცნებები – უთვალავი… დაუზარელი, მშრომელი და მონდომებულია, საოცრად იმედიანი და ოპტიმისტია, აქვს რწმენა, რომ უფალი ყველაფერს შეაძლებინებს…

დღეს მარი კოლხის ტიტულებს, უმთავრეს ტიტულ-ღირსებას, „წმინდა ილია მართლის გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ ლაურეატობა დაემატა… ნომინაციაში, – „ქართული ელიტის წლის პოეტი“…

– მარი, არ გეშინია ცხოვრების?

– ცხოვრების არ მეშინია, დაბადებიდან დღემდე ვიბრძვი, როცა წავიქცევი, ვცდილობ წამოვდგე და განვაგრძო გზა. ცხოვრება ბრძოლაა, მე მეომარი ვარ, სიყვარული ჩემი ჯავშანია, ღიმილი – ჩემი იარაღი.

– არც პოეტობის?

– რთულია, საპასუხისმგებლოა, მაგრამ ეს ჩემი სულიერი მდგომარეობაა.

– და რაც მხატვრობის გეშინია? ისიც ხომ ეკლიანი გზაა და საკუთარ ბედისწერას წერ და ხატავ…

– არ მეშინია… ვფიქრობ, სანამ დავიბადებოდი ბედის მწერლები ჩემი ცხოვრების ტრაგი-კომედიას როცა წერდნენ, მათ ჩემი ცხოვრების გზის გამკვალავად შვებად ფუნჯი და კალამი მაჩუქეს.

– მარი, მაინც რატომ გადაწყვიტე პოეტობა ან მხატვრობა?

ბავშვობიდან ვწერდი, ჯერ წერა-კითხვაც არ ვიცოდი როცა ფრაზებს ვიგონებდი. დიდი სარკის წინ სკამზე ასკუპებული, განცდებით ვკითხულობდი და წარმოვიდგენდი როგორ სიყვარულით მიკრავდნენ ტაშს ადამიანები, ამით ვიყავი ბედნიერი. ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს, ღონისძიებებში ხშირად ვმონაწილეობდი, მაგრამ ადრე დაოჯახების შემდეგ მომიწია უარი მეთქვა საკუთარ ოცნებებზე… რაც შეეხება ხატვას, – საავადმყოფოში დავიწყე, როდესაც შუათანა შვილი ლეიკემიით დამიავადდა… იაშვილის ონკო-ჰემატოლოგიურ კლინიკაშო 9 თვე ვებრძოდით ვერაგ დაავადებას… და ამ პერიოდში, ტირილის ნაცვლად ხატვა დავიწყე. თვითონაც არ ვიცი როგორ ავიღე ფუნჯი ხელში… ჩემში სულ ცხოვრობდა მხატვარი, რომელიც წარმოსახვაში მუდმივად ხატავდა ყველაფერს. ყველაფერი ხომ უფლის ნებაა!

– რთულია ოთხი შვილის დედობა?

– რთულია, მაგრამ დიდი ბედნიერებაა! ოთხი შვილის დედობა, სტიმულია, სიცოცხლის ხალისია. შვილმრავალმა დედამ მინდა უფრო მეტი, ყველაფერი მოვასწრო.

– რას ნიშნავს შენთვის ოჯახი?- ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჰარმონიაა, ციხე-სიმაგრეა… ძალიან ლამაზი ოჯახი მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ღალატმა იმსხვერპლა… ბევრი ვიბრძოლე მის შესანარჩუნებლად, მაგრამ მივხვდი, მხოლოდ სხვის დასანახად „ბედნიერ“ ოჯახს მარტოობა ბევრად სჯობს. ცხოვრებაში ზოგჯერ ისეც ხდება…

– თანამედროვე შემოქმედებს რომ ადარებ წინა თაობების შემოქმედებს, დიდებულ პოეტებს, რა აზრი გამოგაქვს?

– ყველა დროის პოეტს თავისი ეშხი აქვს.

– რა არის პოეტობა და რა როლი უკავია საქვეყნო, საერო და საღვთო საქმეში?

– დიდი როლს ასრულებს პოეტობა საქვეყნო, საერო და საღვთო საქმეში. პოეტები და მწერლები თავიანთ აზრს სხვადასხვა მოვლენებზე კალმით გამოხატავენ და ეს საზოგადოებრივ აზრს ქმნის, რაც, თავისთავად, გავლენას ახდენს ერზეც და ბერზეც.

– ამ ბოლო დროს ქველმოქმედებამაც გაგიტაცა…

– ქველმოქმების სურვილი შვილის ავადმყოფობამ აღმიძრა. როცა ჩემი ბიჭუნა გამოჯანმრთელდა, მის თვალებში დავინახე მოციმციმე სხივები, სიცოცხლის სხივები… და ამის შემდეგ, დიდი სურვილი გამიჩნდა სხვისი შვილების გამოჯანმრთელებაშიც მივიღო მონაწილეობა.

– უსაფუძვლო კრიტიკა ან ლანძღვა თუ მოგისმენია შენი შემოქმედების ან საქმიანობის გამო და რა რეაქცია გქონია?

– დიახ, მსმენია, თანაც ხშირად. არ გავბრაზებულვარ, რადგან ვფიქრობ, რომ თუ მტერი, მლანძღველი და კრიტიკოსი გაგიჩნდა, ესე იგი, შენ უკვე წინ წახვედი და ვიღაცას აღელვებს შენი არსებობა… ჩემგან განსხვავებით ზოგი, კრიტიკას ვერ უძლებს… ლანძღვა-კრიტიკისას ზოგი დეპრესიაში ვარდება, მე კი – პირიქით, მეტად ვძლიერდები და მიზანდასახული ვხდები.

– სინამდვილეში ვინაა მარი კოლხი და რა უნდა ამ ქვეყნად?

– ადამიანში ადამიანი, რომელსაც უყვარს ყოველი ახალი დილა, ცა, მზე, სიცოცხლე და ადამიანები. ვფიქრობ სიყვარულისთვის დავიბადე.

– მწერალი, რომელმაც შენზე ზეგავლენა მოახდინა და ბაძავ კიდეც ჩუმათ ან უნებლიედ…

– ყველა პოეტს და მწერალს დიდ პატივს ვცემ, ვფიქრობ არავის ვბაძავ.

– ტყუილსა და მართალზე რა რეაქცია გაქვს?

– მწარე სიმართლე მირჩევნია ტკბილ ტყუილს.

– რა არ შეგიძლია, ან რა შეგიძლია ისეთი, რაც ყველას არ შეუძლია?

– არ შემიძლია ადამიანი ავატირო, ბოროტების ჩადენა არ შემიძლია, ხოლო შემიძლია მტერი არ მძულდეს და მებრალებოდეს.

– ვინ გიყვარს ყველაზე მეტად?

– უფალი და ჩემი შვილები!

– რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში ქრისტიანობა-მართლმადიდებლობას?

– რწმენის – ქრისტიანობა-მართლმადიდებლობის გარეშე, ვფიქრობ, ადამიანის ცხოვრებას აზრი არ აქვს.

– დღეს რთული პერიოდი აქვს ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რას ურჩევ საქართველოს მოსახლეობას?ერთად დგომას, რწმენის გამყარებას და ლოცვით გაძლიერებას.

– პოეტის სიტყვას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს?

– დღესდღეობით დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ პოეტის სიტყვას… სამწუხაროდ.

– იქნებ პოლიტიკოსის სიტყვა და ფული წყვეტს ყველაფერს?

– პოლიტიკაში არ ვერევი.

– პოეტობის გზაზე რა გეღობება წინააღმდეგობად?

– უსახსრობა ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის და ხელს მიშლის დასახული მიზნების განხორციელებაში.

– ვინმე თუ გეხმარება შემოქმედებით ეკლიან გზაზე?

– უფლის და საკუთარი თავის იმედით ვცხოვრობ.

– ბედნიერებისთვის რა გჭირდებათ?

– ადამიანთა სიყვარული.

– და ის, რისი თქმაც გინდა სრულიად სამყაროსთვის…

– ერთხელ ვცხოვრობთ ამქვეყნად, ადამიანებო უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი!